უცხოეთი
ჩინეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ აშშ უშედეგოდ ცდილობს უთანხმოების დათესვას ჩინეთსა და რუსეთს შორის

 საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. აშშ უშედეგოდ ცდილობს უთანხმოების დათესვას ჩინეთსა და რუსეთს შორის, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ცზიანმა განაცხადა.

ჩინური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო უწყების წარმომადგენელი ამგვარად გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებებს რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით.

ლინ ცზიანმა აღნიშნა, რომ ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობას აქვს ძლიერი შიდა მამოძრავებელი ძალა და მასზე ვერ იმოქმედებს მესამე მხარე. ცზიანის თქმით, ჩინეთისა და რუსეთის განვითარების სტრატეგიები და საგარეო პოლიტიკა გრძელვადიანია და, მიუხედავად საერთაშორისო ვითარებაში ცვლილებებისა, ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები მშვიდად განვითარდება.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ცდილობს, რუსეთი განაცალკეოს ჩინეთისგან დაახლოებით ისე, როგორც რიჩარდ ნიქსონმა ცივი ომის დროს ჩინეთი საბჭოთა კავშირს დააშორა.

1tv.ge