უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი - არიან ადამიანები, რომლებსაც ნაპოლეონის პერიოდში დაბრუნება სურთ და ავიწყდებათ, რითი დასრულდა ეს

 საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. არიან ადამიანები, რომლებსაც ნაპოლეონის პერიოდში დაბრუნება სურთ და ავიწყდებათ, რითი დასრულდა ეს, – ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომელმაც რუსეთს ევროპისთვის საფრთხე უწოდა და ბირთვული შეკავების დისკუსიის გახსნის წინადადებით გამოვიდა.

„ამ დრომდე ზოგიერთი ვერ ისვენებს. კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ნაპოლეონის პერიოდში დაბრუნება, ავიწყდებათ, რითი დასრულდა ეს“, – თქვა პუტინმა.

ამასთან, პუტინს არ დაუსახელებია საფრანგეთის პრეზიდენტი.

რუსეთის პრეზიდენტმა ეს განცხადება ფონდ „მამულის დამცველების“ ქალ თანამშრომლებსა და ბენეფიციარებთან შეხვედრისას განაცხადა, რომელსაც ესწრებოდნენ უკრაინაში ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეთა დედები და მეუღლეები.

„ჩვენი მტრების, მოწინააღმდეგეების ყველა შეცდომა იწყებოდა სწორედ იმით, რომ ისინი სათანადოდ ვერ აფასებდნენ რუსი ადამიანის და, ზოგადად, რუსული კულტურის წარმომადგენლების ხასიათს“, – აღნიშნა პუტინმა.

1tv.ge