საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. მნიშვნელობა არ აქვს რეჟიმი ლეგიტიმურია თუ არალეგიტიმური, რამდენადაა პარტნიორულ ურთიერთობაში ან დაპირისპირებული შეერთებულ შტატებთან, ელჩები მართავენ ხოლმე შეხვედრებს რეჟიმების წარმომადგენლებთან, ამაში არაფერი განსაკუთრებული არ გახლავთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მთავარი და მნიშვნელოვანია, რა მოთხოვნები იყო წაყენებული, რომ შეწყვეტილი სტრატეგიული პარტნიორობა აღდგეს და ქვეყანაში შეჩერებული დასავლური ინტეგრაციისა და ურთიერთობის პროცესი განახლდეს.
„გასაგებია, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ სტანდარტული, პროტოკოლური შეხვედრა არის მათთვის ლეგიტიმაციის ერთადერთი წყარო. საქმე გვაქვს ჩვეულებრივ დიპლომატიურ პრაქტიკასთან, როდესაც ნებისმიერ რეჟიმის წარმომადგენელს, მათ შორის არალეგიტიმურსა თუ ავტორიტარულს, ხვდებიან ელჩები. რაც შეეხება რომელიმე ხელისუფლების აღიარების რეალურ პროცესს, ეს იმის შემდგომ მოხდება, რაც დასავლეთი განაცხადებს, რომ კრიზისი განმუხტულია, რაღაც შეთანხმება მიღწეულია, რის შემდეგაც როგორც ამერიკასთან აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა, ისე ევროპული ინტეგრაციის პროცესი“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
მისი თქმით, შეხვედრაზე როდესაც მიდის საუბარი, ეს ძალიან ჩვეულებრივი დიპლომატიური პრაქტიკაა, არაფერი განსაკუთრებული ამაში არაა.
„ყველაზე ავტორიტარულ ქვეყნებშიც ხვდებიან ელჩებიც თუნდაც ე.წ. სამინისტროების წარმომადგენლებს. ბულინგისა და შეურაცხყოფის კამპანია არის ის კამპანია, რომელსაც ივანიშვილი აწარმოებს ბოლო წლების მანძილზე, მათ შორის ამერიკის მიმართ, როდესაც აშშ-ს უწოდებენ გლობალური ომის პარტიის გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყანას, გლობალური შეთქმულების მთავარ აქტორსა და მსოფლიოში მშვიდობის მთავარ მტერს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.