სამართალი
სალომე ზურაბიშვილი: მინდა, მივმართო მოსამართლეებს, საჯარო მოხელეებს და ვუთხრა, ჯერ კიდევ შეგიძლიათ, გონს მოხვიდეთ

 საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. მინდა, მივმართო მოსამართლეებს, საჯარო მოხელეებს, ყველას, ვინც არის ჩართული სხვადასხვა კუთხით რეპრესიებში და ვუთხრა, ჯერ კიდევ შეგიძლიათ, გონს მოხვიდეთ, არ შეხვიდეთ ამ რეჟიმთან ასეთი ტიპის თანამშრომლობაში, რამეთუ მორალურად იქნებით ჩვენი საზოგადოების წინაშე ამაზე პასუხისმგებელი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,  რთულია მორალური პასუხისმგებლობა, როდესაც ხვალ, ზეგ, მაზეგ საზოგადოებას თვალებში შეხედავ.

დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებები ამჯერად შეეხება მაღალჩინოსნებს – მოსამართლეებს, პროკურორებს, გამომძიებლებს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ესენი არიან უშუალოდ ის პირები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან რეპრესიების იმპლემენტაციაზე. მინდა, მივმართო მოსამართლეებს, საჯარო მოხელეებს, ყველას, ვინც არის ჩართული სხვადასხვა კუთხით ამ რეპრესიებში და ვუთხრა, თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ, გონს მოხვიდეთ, არ იყოთ მონაწილე, არ შეხვიდეთ ამ რეჟიმთან ასეთი ტიპის თანამშრომლობაში, რამეთუ შეიძლება არა მხოლოდ სანქციები თქვენც დაგეწიოთ, არამედ მორალურად იქნებით ჩვენი საზოგადოების წინაშე პასუხისმგებელი. წინააღმდეგობის პლატფორმის მხრიდან არ არის არანაირი სურვილი მომავალში შურისძიების, რამეთუ ამ ქვეყანაში შურისძიება საკმარისად ვნახეთ და ვხედავთ დღესაც. მორალური პასუხისმგებლობაა ძალიან რთული, როცა საზოგადოებას თვალებში ხვალ, ზეგ, მაზეგ ჩახედავ. წაიკითხეთ „ქართული ქარტია“, იქ არანაირი შურისძიება გათვალისწინებული არ არის. გათვალისწინებულია ყველა ამ რუსული კანონის, ყველა ამ რეპრესიული კანონის გაუქმება, რაც მიღებული იქნა და ყოველდღიურად მიიღება და შემდგომ სასამართლოზე მუშაობა, რადგან ამ ქვეყანას ბოლოსდაბოლოს უნდა ეღირსოს ნამდვილი სამართლიანი სასამართლო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.