უცხოეთი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უცხოური საინფორმაციო მანიპულირებისა და ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი დახურა

 საქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უცხოური საინფორმაციო მანიპულირებისა და ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი დახურა. ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

რუბიოს განცხადებით, უცხოური საინფორმაციო მანიპულირებისა და ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის, რომელიც ადრე ცნობილი იყო როგორც გლობალური ჩართულობის ცენტრი, დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამერიკაში ადამიანები ცილისწამების მსხვერპლი ხდებოდნენ, კარგავდნენ სამსახურს, ბრალდებებს უყენებდნენ მათ და ზოგჯერ აპატიმრებდნენ კიდეც საკუთარი აზრის გამოთქმისთვის.

„წინა ადმინისტრაციის დროს ეს სამსახური მილიონობით დოლარს ხარჯავდა იმ ამერიკელების ხმის აქტიურად ჩასახშობად და ცენზურისთვის, რომელთათვისაც მას უნდა ემსახურა. ეს ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომლებსაც ჩვენ უნდა ვიცავდეთ და წარმოუდგენელია, რომ ეს ამერიკაში ხდებოდა. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ ყოველთვის ვიმუშავებთ ამერიკელი ხალხის უფლებების დასაცავად და ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ ვალდებულების შესრულების გაგრძელებაში“, – განაცხადა რუბიომ.

1tv.ge