სამართალი
შსს: გუდიაშვილის ბაღის მიმდებარედ მომხდარზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტებზე მიმდინარეობს

 საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპატრამენტის ძველი თბილისის მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტებზე, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში გუდიაშვილის ბაღის მიმდებარედ მომხდართან დაკავშირებით განუცხადეს.

უწყების ცნობთ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 118-ე მუხლებით მიმდინარეობს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 3 მაისს გუდიაშვილის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობ პირებს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა ორი პირი, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. საქმეზე გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველების მიერ დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირი, რომლის დაკავების მიზნით საქმეზე მიმდინარეობს ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება“, – აცხადებენ შსს-ში.