პუბლიკაციები
„ხელისუფლებას კანტის სიტყვებს შევახსენებ: ყველაზე დიდი უბედურება – აღვირახსნილი თავისუფლებაა!” (მარიამ ცაცანაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ საქინფორმს)

CaCanaSvili3მკითხველს ვაცნობებთ, რომ 2011 წლის 15 აგვისტოს საქინფორმისათვის მიცემულ მარიამ ცაცანაშვილის ინტერვიუს – „საქართველოში ინგლისური ენის დამკვიდრებასთან ერთად, რუსული უფრო მეტად განმტკიცდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. თუ შენს მოქალაქეებს აზრი ვერ გააგებინე და ვერც მათი გაიგე, რა პოლიტიკით უნდა გაამართლო ეს?!“ –  რედაქციაში უამრავი სატელეფონო ზარი და საფოსტო გზავნილი მოჰყვა. მკითხველთა ფართო აუდიტორიამ საინტერესო კითხვები დაუსვა ქალბატონ მარიამს.

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი მკითხველთა თხოვნით გთავაზობთ ინტერვიუს გაგრძელებას მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტთან, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორთან, საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის, კავკასიის უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსთან, ნამდვილ სახელმწიფო მრჩეველ მარიამ ცაცანაშვილთან, რომელიც ძირითადად სწორედ მკითხველთა კითხვებზეა აგებული.

– ქალბატონო მარიამ, რამდენად გამართლებულად მიიჩნევთ საქართველოში არსებული კლასიკური ბრიტანულით ნასწავლი პედაგოგების უნივერსიტეტებიდან და სკოლებიდან, „ე.წ კონკურსების“ შედეგად დათხოვნას, მათ ნაცვლად კი უცხოეთიდან შემთხვევითი,  ხშირად  არცთუ სახარბიელო მორალური აღზრდისა და ცოდნის მქონე ადამიანების ჩამოყვანას (იგულისხმება განათლების სამინისტროს „ისწავლე-ასწავლეს“ პროგრამა)?  რაც მთავარია, მათ ოჯახებში მიღებასა და შენახვას (გამასპინძლებას) განათლების სამინისტრო სკოლის მოსწავლეებს აიძულებს... 

– ეს არის ფაქტი – იდეოლოგიური ცვლილება ხისტი მექანიზმებით ხორციელდება, რაც საზოგადოების აშკარა პროტესტს იწვევს. როგორ შეიძლება ენა მოგიბრუნდეს და თქვა –  „ისწავლე-ასწავლე“ არ მომწონსო?!  მითუმეტეს, როცა თავად მთელი ცხოვრება ახალგაზრდების აღზრდას ვემსახურები?! სწორედ იმიტომ, რომ სწავლების მენეჯმენტი კარგად მესმის, ვერ ვიტყვი, რომ ამ სფეროში საქმე წარმატებულად მიდის ან სწავლების, ან სწავლის თვალსაზრისით. სხვათა შორის, მკითხველის ეჭვთან დაკავშირებით, სიმონ ჯანაშიას პოზიცია შეიძლება მოვიშველიოთ. იგი საკმაოდ სერიოზულ აქცენტებს აკეთებს იმ რისკებზე, რაც მოხალისეების ჩამოყვანას ახლავს. თანაც, ესაა კონფლიქტი მასწავლებელსა და მოხალისეს შორის ან გართობისა და თავგადასავლების ძიება მოხალისეთა მხრიდან, სწავლების უნარ-ჩვევების განვითარების გარეშე და სხვ...

ესაა პროექტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, უფრო წინ წავიდეთ და ყველაზე დიდი ნახტომი გავაკეთოთ შემდგომი ათწლეულების განმავლობაში მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში;  ეს არის ყველაზე დიდი წვლილი, რომელსაც ჩვენ შევიტანთ ქვეყნის მომავალ განვითარებაში. დარწმუნებული ვარ, სწორად გავაკეთე მიხეილ სააკაშვილის სიტყვების პერიფრაზი, რომელიც მან ამ პროგრამის მონაწილეებთან შეხვედრის დროს ბათუმში წარმოთქვა.

ვიდრე რაიმეს შევაფასებდე, მოდი, მივყვეთ მოვლენებს: მე ნაწყენი ვიყავი ქართულ მედიაზე, რომ ათობით ათას  ჩამოსულ მოხალისესთან ინტერვიუს არ აკეთებდნენ. აღმოჩნდა, რომ მათ განათლების სამინისტროსგან აკრძალული ჰქონიათ ინტერვიუს მიცემა (?!). პროცესის გამჭვირვალობა, სწავლების ხარისხზე საზოგადოებრივი მეთვალყურეობა რატომაა მიუღებელი სააკაშვილის მიერ დასახული მიზნებისთვის?! ის, რომ სააკაშვილის „ნასწავლი“ ბავშვები არ ყვირიან – ეს რა დღეში ჩაგვყარეთო, ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ საქმე დაპირებულის ადეკვატურია.

ამასწინათ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე დარეჯან გაბედავას ინტერვიუს გადავაწყდი: არ ვიცი, ჩვენმა ბავშვებმა რა ისწავლეს ინგლისურში, მაგრამ... გაგრძელდება ქება-დიდება, რომ ჩამოსული მოხალისეები ჩვენი ქვეყნის კულტურის ელჩები არიან.  ყველა პროექტს აქვს თავისი ლოგიკური მოდელი: მიზანი, ქმედება, შედეგი. სააკაშვილის მიზანი – ინგლისურის სწავლით დიდი ნახტომი გავაკეთოთ განვითარებაში, მოხალისეთა ქმედება – ჟურნალისტებისთვის მიუწვდომელია (არ მინდა, იმ ბინძურ და ამაზრზენ ფაქტებს დავუბრუნდე, რომლებიც აქა-იქ გავიდა პრესაში და საზოგადოებრივი აღშფოთება გამოიწვია. ამისთვის ხომ უკვე დაგვტუქსა განათლების მინისტრმა – სტუმართმოყვარეობა არ გცოდნიათო. შედეგი – დარეჯანისეული – არ ვიცით, რა ისწავლეს ჩვენმა ბავშვებმა (ანუ უსწავლელი ბავშვები?!). მე ასეთი არალოგიკური პროექტისთვის ორიანს ვუწერ მიხეილ სააკაშვილს. თუმცა თვითონ თვლის, რომ ხუთოსანია. მისი პირადი მიზანი მიღწეულია – გარყვნილებითა და გაუნათლებლობით მართული საზოგადოება მიიღოს. რომი გარყვნილებამ დააქცია, მაგრამ მათ თვითონ ისურვეს ასე. სააკაშვილი დინებისა და ტრადიციის საწინააღმდეგოდ მიდის და თავისი ხელოვნური პროექტებით საქართველოს ვერ დააქცევს.

ახლა მითხარით – კაცი, რომელიც მენტალური რევოლუციით ტრაბახობს, შეიძლება მას „კონკურსების“ კანონიერებასა და სწავლების სამართლიან მეთოდებზე ჭკუა დავარიგო?  პერმანენტული რევოლუციების ქადაგად დაგდებულ ლოგიკურ შედეგებს მიიღებს თავისივე გაზრდილებისგან. ასეთია ისტორიული სამართლიანობა, რომლის პრაქტიკული მაგალითები, სავანაროლადან დაწყებული, დღემდე, ბევრი მომისმენია ჩემი საყვარელი პედაგოგის – მიხეილ სააკაშვილის ბაბუის – პროფესორ ნიკუშა წერეთლისგან.

– რამდენად მიზანშეწონილი იყო სკოლებიდან მართლმადიდებლური რელიგიის საფუძვლების სწავლების ამოღება. სკოლებში ხატებისა და მოძღვრის სიარულის აკრძალვა?.. დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორიც არის ისრაელი, თურქეთი, მათთვის ტრადიციული რელიგიის კურსის გავლა არათუ აკრძალული, სავალდებულოც კია.

– რელიგიურ საკითხებზე მსჯელობა და, მით უმეტეს, ამ ხელისუფლების პოლიტიკური სვლების შეფასება ამ სფეროში  მეტად საფრთხილო საქმეა. საქმე ადამიანის ყველაზე სათუთ უფლებას – რწმენისა და აღმსარებლობის უფლებას ეხება.  ცხადია, რელიგიური თავისუფლების ცნების შინაარსი ყველა კონკრეტულ სახელმწიფოში ისტორიული წარსულის გავლენის ქვეშ მოიაზრება. თუ ასეთი ისტორიული პირობები გათვალისწინებული არ იქნება, ეს სოციალური ფსიქოლოგიის დესტრუქციას, წარსულის მნიშვნელობის შემცირებას გამოიწვევს. აქ ლოგიკა მარტივია – წარსული არ არსებობს. ამიტომ ყველაფერს, რაც ისტორიაშია წარმოშობილი, ობიექტური წარსული კი არა, სუბიექტური აზრი არ გააჩნია. როცა კონკრეტულ ისტორიულ მომენტში ხალხის ისტორიულ შემოქმედებათა შევიწროვება ცალკეული ჯგუფისა და ინდივიდის ქმედებების სასარგებლოდ ხდება, მაშინ ისტორია გამქრალად ცხადდება. ამასთან, ქრება ხალხის სული ზოგადად. თუ დაიკარგა ტრადიციული ნიშნები, საზოგადოების წევრი თავისი ლოკუსის ბრმა სუბიექტად იქცევა.  ასეთია ევროპული მიდგომა ტრადიციული რელიგიებისადმი, ევროპელები პატივს სცემენ საკუთარი ქვეყნების ისტორიულ თავისებურებებს. ეს იმას ნიშნავს, რომ რელიგიური თავისუფლების საერთო აღიარების მიუხედავად, მათი კანონმდებლობა ერთმანეთისგან განსხვავებულია. მაგალითად,  საფრანგეთში, პოლონეთსა და სხვა ქვეყნებში სახელმწიფოსგან რელიგიის სრული გამიჯვნის საკანონმდებლო მოდელი მოქმედებს; გერმანიაში – სახელშეკრულებო, ესპანეთში, იტალიაში, ბელგიაში, ლუქსემბურგსა და სხვა სახელმწიფოებში –  რელიგიური პრიორიტეტი; ნორვეგიაში, დიდ ბრიტანეთში, საბრძნეთსა და სხვა სახელმწიფოებში – რელიგიური პრიორიტეტი;  დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი –  სახელმწიფო რელიგიის მოდელი. ასე რომ, ევროპის ქვეყნებში საჯარო და კერძო სუბიექტებად სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის აღიარების სხვადასხვა ხარისხი არსებობს.

მარტივად გეტყვით: ამ სადავო საკანონმდებლო ჩანაწერით საქართველოში შესაძლებელია ისეთი რელიგიური ორგანიზაციის სამართლის სუბიექტად რეგისტრირება, რომელიც არ არის ტრადიციული საქართველოსთვის.  უფრო მეტიც, ამ აღიარებული რელიგიების რეგისტრაციის წესები კანონში არ არის შეტანილი (თურმე რეგისტრაციის წესები  ცალკე უნდა დადგინდეს და ამაზე ცალკე ვიმსჯელოთ). ეს საერთოდ აბსურდია. ანუ მინდა, გითხრათ, პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც არაფერს არეგულირებს. მაგრამ ასეთი ფორმით აღიარებითა და ლეგიტიმაციით ხელს უწყობს რელიგიური შუღლის გაღვივებასა და ქაოსს. ამდენს სწორედ იმიტომ ვსაუბრობ, რომ სასწავლო პროცესებიდან მართლმადიდებლობის კურსის ამოღება საკუთარ კულტურასა და ისტორიაზე უარის თქმაა. ამ სფეროში ტოტალური გაუნათლებლობის მიღწევაა. თქვენ მიერ ნახსენები ისრაელი და თურქეთი კლერიკალური სახელმწიფოები არ არიან, მაგრამ მათ კარგად ესმით იუდაიზმისა და სუნიზმის მნიშვნელობა სახელმწიფოებრივი იდეოლოგიისთვის. სწორედ ეს განაპირობებს საგანმანათლებლო სფეროში რელიგიის სწავლების პოლიტიკის გატარებას საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებისა და რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო პრინციპებთან სინთეზში. მაშინ რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ დროს ასეთი სახით კანონის მიღებას?  – პოლიტიკური და არა საკანონმდებლო-მარეგულირებელი. ეს იყო რუსეთის პატრიარქთან მოლაპარაკების წინ საქართველოს პარტიარქისთვის ზურგში მახვილის ჩაცემა. ვიზიტის შემდგომ ხომ გახსოვთ ზოგიერთი ექსპერტის ინტერვიუ და აღარ გავიმეორებ იმ მძიმე ბრალდებებს, რაც პატრიარქის მიმართ გაისმა.

კვლავ შეკითხვას დავუბრუნდები, სადაც სექტებიც ახსენეთ. ეს საკმაოდ მძიმე თემაა ევროპაში. მაგალითად, საფრანგეთმა კანონიც კი მიიღო სექტების აკრძალვისთვის და იცით, ეს რატომ კეთდება? იმიტომ, რომ კარგად შეისწავლეს ტოტალიტარული სექტების საქმიანობა და დანიშნულება: ტრადიციული რელიგიებისგან განსხვავებული მრწამსის ქადაგება; სხვა რელიგიების მკვეთრი კრიტიკა;  აქტიური მისიონერული საქმიანობა; ელექტრონული მასმედიით სექტანტური პროგრამების გავრცელება;  მასობრივი ღონისძიებების ჩატარება პოტენციურ მორწმუნეთა მიმხრობის მიზნით; განსაკუთრებული მზრუნველობა და „სიყვარულით შეტევა“ (ეს ტერმინი მიღებულია დასავლურ რელიგიათმცოდნეობის ლიტერატურაში) სექტაში ახალმისულებზე; განსაკუთრებული ფიქოტექნიკის, თვითშეგნების მეთოდების, ჰიპნოზის, ნარკოტიკებისა  და სხვა მეთოდების გამოყენება მორწმუნეთა ცნობიერების სწრაფი დეფორმაციისთვის; მოდერნისტული მეთოდები (თანამედროვე მუსიკა, ცეკვები, რელიგიური დისციპლინის დაცვა), მკაცრი რელიგიური დისციპლინის დაცვა; ოჯახსა და მშობლებთან განშორების აუცილებლობის დეკლარირება, სწავლის ან სამუშაოს მიტოვების მოთხოვნა; მკაცრი რელიგიური დისციპლინის დაცვა, სამოქალაქო და კონსტიტუციური ვალდებულებების შეუსრულებლობისკენ მოწოდება (სამხედრო სამსახურის, სასამართლო ენა და ა.შ); კანონისა და ხელისუფლებისადმი მორჩილების მოჩვენებითი დეკლარირება;  სახელმწიფო მოხელეებთან კონტაქტი ხელისუფლებაში სექტის ინტერესების ლობირებისთვის; სექტიდან წასული პირების დევნა.

ყოველივე ზემოჩამოთვლილის გამო სექტები სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნით ევროპაში საკანონმდებლო კონტროლს დაექვემდებარა.  პატრიარქი ამბობდა – ნუ ვიჩქარებთ, ექსპერტებთან ერთად განვიხილოთ ეს კანონიო. პარლამენტის წევრები აცხადებდნენ – დიდი ხანია, ვიხილავთ. აქ ჩვენ დემოკრატები ვართ და ყველა რელიგიის თავისუფლებას ვიცავთო. მე ვამბობ: ესაა დემაგოგია, რომელმაც კარგად შეფუთა ამ საკითხის ასე დასმის მიზანშეწონილობაც და კანონმდებლობასთან მისი შეუსაბამისობაც.

აი ჩემი არგუმენტები:

– არ არის გათვალისწინებული სახელმწიფოსა და რელიგიას შორის ურთიერთობის ევროპული კონცეფცია. ტრადიციულობის კუთხით, ამ კანონით შესაძლებელია ისეთი ორგანიზაციის საჯარო სამართლის სუბიექტად რეგისტრაცია, რომელიც საქართველოში ტრადიციული არაა;

– საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმება – სინოდის სხდომაზე სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენელთა შეჭრა, სახელმწიფოსგან ეკლესიის გამიჯვნისა და საქართველოს პატრიარქის ხელშეუვალობის დარღვევაა. ვიმეორებ: ეკლესიის სახელმწიფოსგან გამიჯვნა და საქართველოს პატრიარქის ხელშეუხებლობის კანონით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დარღვევაა.

საჯარო ურთიერთობებში, რელიგიურ ურთიერთობებში რელიგიური ორგანიზაციების აღიარებისა და რეგისტრაციის საკითხი „რელიგიური ორგანიზაციების შესახებ“ კანონით უნდა მომხდარიყო და არა სამოქალაქო კოდექსით, როგორც ეს პარლამენტმა გააკეთა. საყოფაცხოვრებო დონეზე იცით, ეს რას ნიშნავს? ადამიანს წნევა რომ ჰქონდეს და ექიმმა კორინფარის ნაცვლად, სტრეპტოციდი დაალევინოს. სტრეპტოციდიც წამალია, მაგრამ წნევას ნამდვილად ვერ უშველის. სამოქალაქო კოდექსიც კანონია, მაგრამ ამ პრობლემას ვერ გადაწყვტეს. უფრო მეტიც, თუ თავდაჯერებულნი იქნებით, რომ ექიმმა წამალი უკვე დაგალევინათ, შესაძლოა, წნევისაგან დაიღუპოთ კიდეც. მათ სინდისზე იყოს, ვინც ამ სფეროში ექსპერტების მოსმენა არ ისურვა და ვაი-სპეციალისტების დემაგოგიით შექმნა რელიგიური დაპირისპირების საფრთხე. ვიცი, ეს სიტყვები სასაცილოდ არ ეყოფათ სახელისუფლებო წარმომადგენლებს. მათთვის ეკლესია საშუალებაა საკუთარი ხელისუფლების განმტიკებისა და არა საქართველოს კულტურისა და სულიერების შენარჩუნების, მისი განვითრების მიზანი.

რა თქმა უნდა, აქაც რევოლუციური ნახტომისთვის ემზადებიან, თუმცა არა აღმაშენებლის ან ვახტანგ მეექვსეს მსგავსად, მათი ინტერესების სფეროა სატანისტთა ორგანიზაციები, ოკულო-მისტიკური ჯგუფები, აგრეთვე, ასტროლოგიის, უფოლოგიის, პარაფსიქოლოგიის და ა.შ. საფუძველზე შექმნილი კულტები (საიენტოლოგიური ეკლესია – დიანეტიკა, თეოსოფია, შტაინერის ანთროფოსოფია, აგნი იოგა, ტრანსცედენტური მედიტაცია და ა.შ.). აქედან გამომდინარე, მათი საკანონმდებლო ქცევაც მათივე სურვილების ადეკვატურია და არა საქართველოს, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესების შესატყვისი.

ამზემოჩამოთვლილ მიმართულებებს საკმაოდ კარგი გულშემატკივრები ჰყავს მსოფლიოში. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის გულშემატკივარი მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო უნდა იყოს. ამიტომაცაა საუბარი გარკვეული უპირატესობების დაცვაზე. რა არის არადასავლური ამაში ან ვინმეს რწმენისა და აღმსარებლობის საწინააღმდეგო?!.

თუმცა ხელისუფლების ამ ქმედებაშიც არის გარკვეული ლოგიკა. ეს არის ტრანსნაციონალური ხედვა და ბიძგი ქაოსისკენ. სრულ ქაოსამდე კიდევ რამდენიმე ნაბიჯია, რომელსაც ახალი საარჩევნო ციკლი სჭირდება. ამიტომ ეკლესიაზე შეტევას დღეს პოლიტიკური პერსპექტივაც აქვს. კერძოდ, ის, თუ ვის დაუჭერს ეკლესია მხარს 2012-13 წლების არჩევნებში: გიგი უგულავას, ამ ნასტიქაროსან ქარიყლაპიას, ძალოვანი სტრუქტურების კანდიდატს (რომლებმაც სინოდში შეჭრით თავიანთი პოზიციები კარგად აჩვენეს და ამ სცენარის გაგრძელებასაც აპირებენ!), თუ მიშა სააკაშვილის ინტრიგებსა და ავანტიურას მომავალ არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის შესანარჩუნებლად?

მე ჩემი პროგნოზები მაქვს, თუმცა მათი აფიშირებისგან თავს შევიკავებ.  ეს ყველაფერი საქართველოს უსაფრთხოებას ეხება და იმიტომ. საფრთხე კი ლიბერალური და დასავლური ღირებულებების ნიველირებაშია, სახელმწიფოსგან კონსტიტუციით გამიჯნული ეკლესიის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაშია, ტრანსნაციონალური კორპორაციების სასარგებლოდ, სახელმწიფოს როგორც პოლიტიკური მმართველობის ინსტიტუტის ნგრევაშია. ეს – ზოგადად. კონკრეტულად კი გველის მართლმადიდებელ მორწმუნეთა დევნა, მოძღვართა გადაბირება ქონებითა და თანამდებობრივი დაპირებებით, იდეოლოგიის რღვევა, რადგან ეკლესიის გავლენა სოციალურ სფეროზე აბსოლუტურად აშკარაა.

ერთი  პროგნოზიც მაქვს – არ გამოუვათ ეს საქმე სააკაშვილსა და მის მრჩევლებს. სხვა პროცესები დაიწყო მსოფლიოში – კულტურისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისკენ სწრაფვა. ამიტომ ჩვენი ხმაც მისაწვდომი გახდება საზოგადოებისა და საქართველოს პარტნიორებისთვის და მისი საზოგადოებაზე ზეგავლენისა და კეთილსინდისიერი პოლიტპარტნიორის მითი დაიმსხვრევა. ეს პროცესი შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს.

– ახალგაზრდობა, რომელიც ღრუბელივით იწოვს ყველაფერს, რასაც ტელეეკრანიდან აწვდიან, დაცული უნდა იყოს თუ არა იმ გარყვნილებისა და ზნედაცემული, სასტიკი ფილმებისა და გადაცემების ნახვისგან, რასაც სახელისუფლებო ტელევიზიები საოცრად ფართო პროპაგანდასა და აგიტაციას უწევენ?

– ეს ინფორმაციული ომების ახალი ტექნოლოგიებია. არაერთხელ შემიფასებია როგორც სამეცნიერო დონეზე, ისე საერთაშორისო ფორუმებსა და კონფერენციებზე, მაგრამ ცხადია, რომ თქვენს პათოსსა და ჩემს განწყობას ამ საკითხების მიმართ ხელისუფლების იდეოლოგთა შეფასება უპირისპირდება – „მენტალური რევოლუცია“, რომელიც მათი პოლიტიკის დიდ მიღწევადაა მიჩნეული.

სხვათა შორის, ერთ ფაქტს გავიხსენებ: ამერიკაში 1996 წელს, როცა მაუწყებლობის შესახებ კანონს იღებდნენ, 2-წლიანი ბრძოლა მიდიოდა კონგრესში ინფორმაციის თავისუფლების მომხრეთა და ინფორმაციის მავნე ზეგავლენისაგან დაცვის მომხრეებს შორის. ეს ბრძოლა ამ უკანასკნელთა გარკვეული გამარჯვებით დასრულდა. კანონში ჩაიწერა, რომ მშობელს აქვს უფლება, „ჩიპი“ (დამცავი მექანიზმი) დააყენოს კომპიუტერზე, შვილისათვის ინტერნეტში პორნოგრაფია ხელმისაწვდომი რომ არ იყოს. გერმანიაში ამავე პერიოდში მიიღეს კანონი არასრულწლოვანთა ინფორმაციის მავნე ზეგავლენისაგან დაცვის შესახებ. საქარველოშიც მსგავსი კანონი 1999 წელს შევიდა პარლამენტში და მისი მიღება მხოლოდ 2001 წელს შევძელით. იცით, რა ბედი ეწია ამ კანონს „ვარდოსნების“ ეპოქაში – მხოლოდ სათაური დარჩა, შინაარსი არასრულწლოვანისათვის სპირტიანი სასმელის მიყიდვის აკრძალვამდე დავიდა. დაცვის გარკვეული მექანიზმები თითქოს დაწესდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, მაგრამ ერთ სტატისტიკას მოვიშველიებ: რამდენიმე წლის წინათ ერთ სოციოლოგიურ გამოკითხვას გავეცანი ახალგაზრდებში ძალადობისა და პორნოგრაფიისადმი მიდრეკილების თაობაზე. მონაცემებით ეს მაჩვენებელი 21-25 წლის ასაკის პირებში უფრო დაბალი იყო, ვიდრე 14-18 წლის ასაკის გამოკითხულთა შორის. გამიკვირდა, შეუძლებელია-მეთქი. ამიხსნეს – ეს იმიტომ, რომ 21-25 წლის პირები, მცირეწლოვანები რომ იყვნენ, ძალადობისა და პორნოგრაფიის ამდენი თვალსაჩინოება ხელმისაწვდომი არ იყოო.

თუმცა ეს პასუხი დიდი ნუგეში ვერ იქნება. აბა, შეხედეთ, როგორი ადამიანები არიან დღეს წარმატებულნი?

მე თვითონ არჩევანის თავისუფლებას დიდ პატივს ვცემ. სწორედ ჩვენი დიალოგიც ამიტომ მიმაჩნია საჭიროდ საზოგადოებისათვის და არა ხელისუფლებისათვის; ვთქვათ, რა არის ცუდი, რა არის კარგი. ახალგაზრდების ინფორმაციის მავნე ზეგავლენისაგან დაცვის სფეროში ხელისუფლების პოლიტიკა ცუდია, ძალზე ცუდი.

ასეთ სიტუაციაში საზოგადოების დასაყრდენი ოჯახებია. ამიტომ ოჯახში უნდა გადაწყდეს, რას ისურვებენ შვილის წარმატების ფორმულად – პასუხისმგებლობისაგან დაცლილი სხეულის თავისუფლებას, თუ მყარხერხემლიან პიროვნულ თავისუფლებას. ახალგაზრდობის მარტო დატოვება პორნოგრაფიასა და ძალადობასთან – ეს თავისუფლების დაწყევლაა. ამ შეფასებაში მარტო რომ არ ვიყო, კანტის სიტყვებსაც შევახსენებ ჩვენს სულიერად ხეიბარ ხელისუფლებას: ყველაზე დიდი უბედურება – აღვირახსნილი თავისუფლებაა.

– ისეთ ტრადიციულ და საუკუნოვან ქვეყანაში, როგორიც საქართველოა (ყოველ შემთხვევაში, „ვარდოსნების“ მოსვლამდე მაინც, ასეთად ითვლებოდა), უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოსთვის განსაზღვრული ეროვნული იდეოლოგია და სახელმწიფოებრივი მორალი, რომელიც  ქართულ ტრადიციულ მორალსა და ფასეულობებს დაეყრდნობა? ასეთის უქონლობის შემთხვევაში, რა საფრთხეების წინ შეიძლება აღმოჩნდეს სახელმწიფოც,  ქვეყნის მომავალიცა და საზოგადოებაც (იმ შემთხვევაში, თუ, ტრადიციულისგან განსხვავებით, მოძმის გატანის ნაცვლად, ახალგაზრდას მეგობრის ჩაშვებასა და დაბეზღების სანაცვლოდ კარიერის აწყობას სთავაზობ; სამშობლოს სიყვარულის ნაცვლად, უცხო ქვეყნის ტრადიციებს უნერგავ... ასეთ ახალგაზრდას, ომიანობის შემთხვევაში, სამშობლოს დაცვის, მიწაწყლისთვის თავგანწირვის მოტივაცია ეკარგება. მისთვის სამშობლო მხოლოდ პირად კეთილდღეობასთან, კარგ ანაზღაურებასა და კომფორტთან არის დაკავშირებული. ამის მაგალითი 2008 წლის აგვისტოში ასობით გამოქცეული რეზერვისტი იყო...)?

– საკმაოდ წინააღმდეგობრივი საკითხია, მაგრამ თავიდანვე გიპასუხებთ: დროის მოთხოვნებისა და ტრადიციების გათვალისწინებით მუდმივ განვითარებაში მყოფი ეროვნული იდეოლოგია და სახელმწიფოებრივი მორალი – დიახაც აუცილებელია. ამის გარეშე წარმოებული პოლიტიკა პროკრუსტეს სარეცელს ჰგავს; როცა მარადიული ღირებულებები და ტრადიციები რკინის სარეცელზე შეგიძლია მიაჯაჭვო და თუ მოკლეა – დაჭიმო, თუ გრძელი – ფეხები დააჭრა.

ფრენსის ფუკოიამა „ისტორიის დასასრულში“ ამტკიცებს, რომ მსოფლიო ეკონომიკური იდეოლოგია ურთიერთნდობაზეა დამოკიდებული; ნდობითი ურთიერთობები კი კულტურულ, ეთნიკურ, რელიგიურ ფაქტორებს უკავშირდება. მართალია, მას ფუტუროლოგის ეტიკეტი აჰკიდეს რეალპოლიტიკოსებმა, მაგრამ სამუელ ხანტიგტონის „ცივილიზაციათა დიალოგის“ ერთ ფრაზას თუ მივაქცევთ ყურადღებას – კონფლიქტების ახალი წყარო იდეოლოგია კი არ იქნება, არამედ ეკონომიკაო – მაშინ ჩვენს პასუხს დასავლური თეორიული საფუძველიც ჰქონია.

ზაზა შათირიშვილის,  დავით მაღრაძისა და სხვათა პუბლიკაციებსა და სატელევიზიო ინტერვიუებში ხშირად სწორი აქცენტებია გაკეთებული ეროვნულ იდეოლოგიაზე, არ შეიძლება მათი პოზიციების უგულებელყოფა. იმდენად მოგვეძალა უცხო ტომთა უნარ-ჩვევები, ხშირად გაიგონებთ – ერი დაბერდაო. როგორ გითხრათ, ის კი არაა ცუდი, ერი რომ დაბერდა, არამედ ის, რომ დაავადებები გაახალგაზრდავდა.

დაავადებებში თქვენ მიერ ჩამოთვლილ ტენდენციებს ვგულისხმობ. „დასავლური განათლებით“ ტვინდამშვენებულებს იქნებ უფრო მნიშვნელოვანი ცოდნა მიეღოთ იმისა, რა არ უნდა გააკეთონ, რომ უმეცრებაში არ ჩაცვივდნენ არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. სააკაშვილს თუ ჰგონია, რომ პირიქით – მე ვარ ინტელექტუალურ ტკბობაში  ჩავარდნილი, ამდენს რომ ვწერ მისი მისამართით და საკუთარი თავით თვითონვე ვრჩები განცვიფრებული – ძალიან ცდება. ეს ჩემთვის ბრძოლისა და ძიების პრინციპია, საზოგადოებისათვის – „ჰპოვებდე და არ დანებდე“. მან ვერც 2003 წელს აქცია „ვარდების შანსი“ ქვეყნის წარმატებად და ვერც კონსტიტუციურ მონაცვლეობას აქცევს კანონზომიერებად. სწორედ ესაა პროკრუსტესეული იდეოლოგია, რომელიც ასახიჩრებს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს სხეულს.

ეროვნული იდეოლოგია და მორალი, ანუ ჩვენი მეობა, ტრადიციით გვერგო, ამას „ნაციონალთა“ „მენტალური რევოლუციის“ იდეოლოგია ნამდვილად ვერ შეარყევს, ცალკეულ პიროვნებაზე კი ახდენს გავლენას, მაგრამ ეროვნულ ხასიათზე მთლიანად – ვერა. დიახ, ეროვნული ხასიათის გამორჩეული ნიშან-თვისებები კი არ „იხრწნება“, არამედ – ალმასდება, კი არ ნადგურდება, არამედ – იწრთობა. სწორედ ამიტომ არ განმეორდება საქართველოში  გიორგი მეშვიდეს მსგავსი პათოლოგიური პოლიტიკა და „მესამე დასის“ მსგავსი იდეოლოგიური შინაგამცემლობა.

ქართული იდეოლოგიის მთავარი პოსტულატი დღეს ეროვნული ცნობიერების დაცვაა უცხოური კულტურული ექსპანსიისაგან. ცალკეული პირი თუ ლაქიად იქცევა, ამას ზოგადად ხალხი მაინც გააკეთებს. 20 წლის ბიჭი იტანჯება ციხეში (მისი უსაფრთხოებისათვის გვარს არ დავასახელებ) – ერთი ცნობილი ქალბატონის მანქანისათვის „ბამპერი“ დაუზიანებია და შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას იარაღი უხმარია,  ერთ-ერთი მხილველი დაღუპულა. აბა, მკვლელობას პოლიცია ხომ არ დაიბრალებდა – შეიკერა მკვლელობის საქმე და... პერსპექტიული 20 წლის ყმაწვილი „დანაშაულებრივ სტატისტიკად“ იქცა. ამ ახალგაზრდას კარგი განათლება აქვს მიღებული, სპორტსმენიცაა, რამდენიმე უცხო ენა კარგად იცის და ციხეში „ჩაშვება“, „დაბრალება“, „შეგზავნა“ – რა არ მოსთხოვეს... ვერაფერზე დაითანხმეს. ვერც იმას იგებს – ამხელა დანაშაული თვითონ რომ არ ჩაუდენია, სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი რატომ არ გამოაქვს? ასეთი ბიჭები გმირები არიან, მათ ღმერთმა მოთმინების, გამძლეობისა და ღირსების შენარჩუნების მისია არგუნა. ასეთ ადამიანებში და ასეთ სიტუაციაში ჩნდება ერის ჭეშმარიტი სახე. დღევანდელ საქართველოში სრულიად საკმარისია ერის ის ნაწილი, რომელიც ეროვნული ვალდებულებებით ცხოვრობს და სამშობლოს მომავალსაც უზრუნველყოფს.

 

ესაუბრა ბაია ამაშუკელი

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“

 

( გაგრძელება იქნება)