უცხოეთი
მარკ რუტე - ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებას ალიანსის წევრი ყველა სახელმწიფო დაეთანხმა, ეს საკითხი არ შეიძლება იყოს კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილი

 საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. ნატო-ს გენერალურმა მდივანი ამბობს, რომ ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებას ალიანსის წევრი ყველა სახელმწიფო დაეთანხმა. მარკ რუტემ აღნიშნა, რომ ეს საკითხი არ შეიძლება იყოს კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილი.

„რაც შეეხება უკრაინას, ვაშინგტონში 32-ვე მოკავშირის მხრიდან იყო მკაფიო ვალდებულება – ეს არის უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შეუქცევადი გზა, კონკრეტული თარიღის გარეშე, არა სამშვიდობო შეთანხმების ნაწილად, არამედ 32-ვე მოკავშირის მხრიდან გრძელვადიანი ვალდებულების სახით და ჩვენ უკვე ვაშენებთ ამ ხიდს“, – თქვა რუტემ.

ABC News-ისთვის ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ რუსეთის შეშფოთება ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით საფუძვლიანია და მზადაა, ეს საკითხი განიხილოს.

„ისინი მხოლოდ უკრაინაზე არ საუბრობენ. ისინი საქართველოზე საუბრობენ, ისინი მოლდოვაზეც საუბრობენ. ჩვენ ეს გვესმის და ვეუბნებით მათ, რომ შეგვიძლია განვიხილოთ ნატო-ს გაფართოების შეჩერება თქვენს საზღვრებამდე. ეს მათი უსაფრთხოების ინტერესია“, – თქვა კელოგმა.

1tv.ge