საზოგადოება
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

 საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

მომზადდა შესაბამისი დადგენილების პროექტები, რომლებსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განმარტებით, აღნიშნულ პარტიას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საკუთარ სიაზე უარი არ უთქვამს და მისი 12 წევრი დღემდე საქართველოს პარლამენტის წევრად ითვლებოდა, თუმცა, მისივე განმარტებით, პარტიის ეს წევრები პარლამენტის სხდომებს არ ესწრებოდნენ.

რეგლამენტის მიხედვით, მომდევნო სესიის ნახევარზე მეტის არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში პარლამენტის წევრის მიმართ დგება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.

მოგეხსენებათ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ იყო იმ პარტიათა შორის, რომლებმაც 2024 წლის არჩევნებში გადალახეს ბარიერი. თუმცა, სხვა რადიკალური ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, ამ პარტიას უარი არ უთქვამს თავის სიაზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და მისი მანდატით აღჭურვილი 12 წევრი დღემდე საქართველოს პარლამენტის წევრად ითვლებოდა, მაგრამ ისინი არ ესწრებოდნენ პარლამენტის სხდომებს და როგორც რეგლამენტი გვეუბნება, მომდევნო სესიის ნახევარზე მეტს თუ არასაპატიო მიზეზით აცდენს პარლამენტის წევრი, განსახილველად დგება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. ჩვენმა კომიტეტმა, რეგლამენტის თანახმად, მოიკვლია 12 წევრის დასწრების საკითხი. იმის გათვალისწინებით, რომ სესიის ნახევარზე მეტს არასაპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრები, დასკვნის მიხედვით, ვაძლევთ რეკომენდაციას და ვიღებთ გადაწყვეტილებას, ამ პარტიის წევრებს ვადამდე შეუწყდეთ უფლებამოსილება. ამ თემასთან დაკავშირებით ცალკეული სპეკულაციები იყო, რომ ჩვენ მაისში უნდა მოგვეხდინა ამ საკითხის განხილვა-გადაწყვეტა. სესია როდესაც სრულდება, სწორედ მაშინ ეძლევა 10-დღიანი ვადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომ მოიკვლიოს ეს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო დღის წესრიგში დგას პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. ეს დეპუტატები არიან: თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური, გიორგი გახარია, ლევან გოგიჩაიშვილი, ზაზა თავაძე, ბექა ლილუაშვილი, ნათია მეზვრიშვილი, ბერდია სიჭინავა, კახაბერ ქემოკლიძე, როინ ქოჩორაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, ზვიად ძიძიგური.