საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. ღაზის სექტორში კათოლიკურ ეკლესიაზე ისრაელის დარტყმის შემდეგ დონალდ ტრამპსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლივიტმა განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა რეაქცია ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტს ღაზის სექტორში კათოლიკურ ეკლესიაზე ისრაელის დარტყმაზე, რომლის დროსაც სამი ადამიანი დაიღუპა, ლივიტმა განაცხადა, რომ ტრამპს „პოზიტიური რეაქცია არ ჰქონია“.
„პოზიტიური რეაქცია არ იყო. ტრამპი დღეს დილით ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა ამ საკითხზე. ვიცი, რომ პრემიერ-მინისტრი დაეთანხმა განცხადების გაკეთებას, რომ ისრაელელების მხრიდან ამ კათოლიკურ ეკლესიაზე დარტყმა შეცდომა იყო. ეს არის ის, რაც პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს აცნობა. თქვენ უნდა ნახოთ პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელიც გამოქვეყნდება“, – განაცხადა ლივიტმა.
შეგახსენებთ, იერუსალიმის კათოლიკე პატრიარქის ინფორმაციით, ღაზის სექტორში მდებარე ერთადერთ კათოლიკურ ეკლესიაზე იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია ცხრა პირი, რომელთაგან ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია. დაშავებულთა შორის არის მღვდელიც. გავრცელებული ინფორმაციით, ეკლესიას ტანკიდან ნასროლი ჭურვი მოხვდა.
1tv.ge