სამართალი
ალეკო ელისაშვილი: რას მოიმოქმედებენ „ქართული ოცნების“ ლიდერები, რუსეთის გენერალური პროკურატურა ჩემს დაკავებას და რუსეთისთვის გადაცემას თუ მოითხოვს?

 საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. მინდა, „ქართული ოცნების“ ლიდერებს ვკითხო, რას აპირებენ ან რას მოიმოქმედებენ, რუსეთის გენერალური პროკურატურა ჩემს ექსტრადიციას თუ მოითხოვს, ანუ ქართულ სახელმწიფოს მოსთხოვს საქართველოს მოქალაქის დაპატიმრებას და რუსეთისთვის გადაცემას? – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წინააღმდეგ შეტევა მიმდინარეობს, რაც უკავშირდება მის გადაწყვეტილებას საარჩევნოდ თავგანწირულ ბრძოლაში შესვლასთან დაკავშირებით.

24 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ჩემზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა და „ქართული ოცნება“ კომენტარს არ აკეთებს, არ იმჩნევს ასეთ ამბავს, ვითომ არც არაფერი გაუგიათ და არაფერი მომხდარა. ამ დუმილის მიუხედავად, მინდა, „ქართული ოცნების“ ლიდერებს ვკითხო, რას აპირებენ ან რას მოიმოქმედებენ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მხარე, რუსეთის გენერალური პროკურატურა ჩემს ექსტრადიციას მოითხოვს, ანუ ქართულ სახელმწიფოს მოსთხოვს საქართველოს მოქალაქის დაპატიმრებას და რუსეთისთვის გადაცემას? რას აპირებთ და რას მოიმოქმედებთ? მეორე მხრივ, ძალიან ნათელი და მკაფიოა, რომ „ქართული ოცნების“ ეს დუმილი არის იმის დასტური, რომ რუსეთის მხრიდან კოორდინირებული, მასირებული შეტევა სწორედ კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წინააღმდეგ მიმდინარეობს და ეს უკავშირდება ჩვენს გადაწყვეტილებას საარჩევნოდ თავგანწირულ ბრძოლაში შესვლასთან დაკავშირებით. ყველა მხრიდან გვიტევენ. ხედავენ, თვალსა და ხელს შუა იზრდება ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა ჩვენი და გახარიას პარტიის კოორდინირებული მოქმედებების შედეგად. დარწმუნებული ვართ, ამ ყველაფერს მოვიგერიებთ, გავუძლებთ და ამ რეალობას შევცვლით 4 ოქტომბერს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ 4 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომ ალეკო ელისაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. როგორც რუსეთის პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, „მას დაუსწრებლად ბრალი ედება დაქირავებულ მებრძოლად შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობა“.