პუბლიკაციები
„სოციალური მდგომარეობა და პრობლემები“ (დემურ გიორხელიძე - საინფორმაციო-ანალიტიკურ სააგენტო „საქინფორმს“)

giorxelidze4წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის ღერძი, როგორც წესი, შესაბამისი სოციალური პოლიტიკაა, მიმართული ეკონომიკის მთავარი რესურსის – ადამიანის განვითარებისათვის. სწორედ ამ მოსაზრებიდან გამომდინარეობს ის მიდგომა, რომ განვითარებულ ქვეყნებში მნიშვნელოვნად იზრდება სახელმწიფო ხარჯები განათლებაზე, ჯანმრთელობის დაცვაზე და სოციალურ დახმარებაზე. ამასთან, პარალელურად, ადამიანის გააქტიურებისა და მისი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის მიზნით, სახელმწიფო ახდენს თავისი უფლებამოსილების მნიშვნელოვანი ნაწილის დელეგირებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე და საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე.

ძალაუფლებითი ფუნქციების ასეთი გადანაწილება დაკავშირებულია სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების აუცილებლობასთან. შედეგად, - სახელმწიფო ინსტიტუტების სოციალიზააციის ტენდენცია წარმოადგენს ფუნდამენტალურ წანამძღვარს ახალ პირობებში სახელმწიფოს განვითარებისათვის და გლობალიზაციის გამოწვევის მიღებისათვის.

მიუხედავად ასეთი ტენდენციისაა, 2008-2010 წლებში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული სოციალური დანახარჯების (ჯანმრთელობის დაცვა, დასვენება, კულტურა, რელიგია, განათლება, სოციალური დაცვა) წილი მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) არ არის მაღალი და შესაბამისად, 10,24%-ს, 12,61%-ს და სავარაუდოდ 12,70%-ს შეადგენს, რაც აბსოლუტურ მაჩვენებლებში შეადგენს შესაბამისად 1.953 მლრდ ლარს, 2.263 მლრდ ლარს და 2.375 მლრდ ლარს. მიუხედავად იმისა, რომ, ხელისუფლების მიერ დეკლარირებულია სოციალური პოლიტიკის პრიორიტეტულობა, რეალური შედეგები ცუდად კორელირდება ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკასტან, რაც იწვევს სოციალურ დაძაბულობას, უმუშევრობის მაღალ დონესა და სიღარიბის გაძლიერებას.

ამდენად, ჩვენს წინაშე ნათლად იკვეთება მთავარი მიზაანი: გავერკვეთ შექმნილ ვითარებაში და ვეძებოთ გამოსავალი არსებული მძიმე მდგომარეობიდან, რაც შესაძლებელია მხოლოდ ეკონომიკური ზრდის მდგრადი მაღალი ტემპების მიღწევის პირობებში (არანაკლებ 9-12%-ით მშპ-ის ზრდისა წლიურად) . ეს მოგვცემს საშუალებას, რომ:

– გადაიჭრას დაგროვებული სოციალური პრობლემები; გასტუმრებული იქნას ვალები;

– გასტუმრებული იქნას სავალო ვალდებულებები და ქვეყანა განთავისუფლდეს მძიმე სავალო უღლისაგან, რომელიც ზრდის მაღალი ტემპებით ხასიათდება. საჰარეო ვალდებულებების გასტუმრებას აქვს სერიოზული პოლიტიკური დატვისრთვაც: იგი განამტკიცებს ქვეყნის საერთაშორისო პოზიციებს;

– გააუმჯობესებს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას (ფართო გაგებით).

დავაკვირდეთ ბოლო სამი წლის მონაცენებს: თუ 2007 წელს მშპ-ის ზრდის ტემპი (წინა წელთან შედარებით) მაღალი იყო და 12%-ს შეადგენდა, კრიზი- სულ 2008 წელს მხოლოდ 2,3% შადგინა, ხოლო ასევე ძალიან მძიმე 2009 წელს მშპ-ს ზრდის ტემპი უარყოფითი იყო, - ანუ მშპ წინა წელთან შედარებით 3,9%-ით შემცირდა (!), რაც ისედაც სუსტი ქართული ქართული ეკონომიკისათვის ძალიან მძიმე დარტყმა იყო. მშპ-ის ზრდის სასურველ მაჩვენებლამდე გასვლას სულ ცოტა 2-3 წელი მაინც დასჭირდება, ისიც იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა გონივრულ ეკონომიკურ და საბიუჯეტო პოლიტიკას გაატარებს და საგარეო მოვლენათა სასიკეთო თანხვედრასაც ექნება ადგილი. თუ ერთ-ერთი მათგანი (ან მთავრობის პოლიტიკა ანდა გარე მოვლენები) არახელსაყრელი იქნება, მაშინ ქართული ეკონომიკის ზრდის ტემპების აღდგენას, შეიძლება 4-5 წელი დასჭირდეს. ეს კი ნიშნავს, რომ ამ წლების განმავლობაში მთავრობას არ ექნება რეალური შესაძლებლობა სოციალური პოლიტიკის (ფართო გაგებით!) იმ მასშტაბით განხორციელებისათვის, რომელიც ესაჭიროება მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას. შედეგად, შეიძლება, კიდევ უფრო დამძიმდეს მოსახლეობის დიდი ნაწილის ეკონომიკური მდგომარეობა, – გაიზარდოს როგორც უმუშევრობის, ისე სიღარიბის მაჩვენებლები.

იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს დასახული მიზნის მიღწევა, ჩვენ ღრმად უნდა გვერკვეთ მთავარში - როგორ იცვლება ეკონომიკა მთლიანობაში, როგორც სისტემა. ჩვენ გვესაჭიროება არა მხოლოდ კონკრეტული ემპირიული გამოკვლევები (ბიუჯეტისა, მაკროეკონომიკის ცალკეული მიმართულებებისა, ეკონომიკის ცალკეული სექტორებისა, საფინანსო ბაზრებისა, ბანკებისა და ა.შ.), არამედ, შემდგომი იმ დონის საფეხურის ათვისება, რასაც უწოდებენ კონცეპტუალიზაციას, ანუ მცდელობა წარმოვადგინოთ მთელი ჩვენი ცვლილებების ლოგიკა, დავიჭიროთ მიმდინარე ტენდენციები, გავერკვეთ მექანიზმებში, წინააღმდეგობებში და საშიშროებებში. მხოლოდ ასეთი დონის გააზრების შემდეგაა შესაძლებელი სწორი გადაწყვეტილებების მიღება იმ თეორიის ბაზაზე, რომელიც გვთავაზობს ადეკვატურ ენას, პარადიგმასა და მეთოდოლოგიას.

ბუნებრივია, ისმის კითხვა: რატომ არის მნიშვნელოვანი ეკონიმიკური ზრდა და რა საშიშროებებს შეიცავს მისი მნიშვნელობის შეუფასებლობა?

ეკონომიკის მდგომარეობა, დასაქმება, თვითდასაქმება და მოსახლეობის ცხოვრების დონე ურთიერთდაკავშირებულია. წარმოების განვითარება ხელს უწყობს ცხოვრების დონის ამაღლებას. დასაქმება – არის უპირველესი და ძირითადი პიირობა მოსახლეობის ცხოვრების ნორმალური დონის უზრუნველყოფისათვის. თავის მხრივ, დასაქმება უზრუნველყოფს რა გადახდისუნარიან მოთხოვნას, წარმოადგენს მნიშვნელოვან პირობას ეკონომიკური აღმავლობისათვის. გარდა ამისა, მოსახლეობის გადახდისუნარიანი  მოთხოვნის ზრდა  და სამომხმარებლო ბაზრის მიწოდების მიმართ ბალანსის დამყარება ამაღლებს მოსახლეობის ეკონომიკურ აქტივობას, რაც ასევე ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას.

ეკონომიკური ზრდის სტრატეგიის რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ გაფართოებული კვლავწარმოების პირობებში. შრომის ნაყოფიერების რეგულარული მატების, წარმოების ტექნიკური გადაიარაღების, მოსახლეობის დასაქმების, შრონის ანაზრაურებისა და ერთობლივი საბოლოო მოხმარების ზრდისას, და, როგორც შედეგი, ვიღებთ მოსახლეობის ცხოვრების დონის ზრდას.

ვნახოთ, რა მდგომარეობაა ამ ხრივ საქართველოში. 2010 წლის პირველი მონაცემებით, დასაქმებულთა რიცხოვნობა შეადგენს 358 937 კაცს (შევნიშნოთ, რომ ეს მაჩვენებელი არ მოიცავს საქმიანობის ისეთ სექციებს, როგორიცაა საფინანსო საქმიანობა, სახელმწიფო მმართველობა,  შინამოსამსახურეები და თვითწარმოება, ექსტერიტორიალური ორგანიზაციების საქმიანობა და კერძო სამართლის არაკომერციული იურიდიული პირები და საჯარო სამართლის სუბიექტები), მათ შორის, ყველაზე დიდ მაჩვენებელი თბილისზე მოდის - 214 592 კაცი, ხოლო ყველაზე დაბალი - რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთსა (964 კაცი) და მცხეთა-მთიანეთის (3 405 კაცი) და გურიის მხარეზე (3 642 კაცი). სხვარეგიონებში ასეთი მდგომარეობაა: იმერეთი - 33 294 კაცი; კახეთი - 11 292 კაცი; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 20 251 კაცი; სამცხე-ჯავახეთი - 5 077 კაცი; ქვემო ქართლი - 28 094 კაცი; შიდა ქართლი - 10 525 კაცი.

დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურების საშუალო მაჩვენებე- ლი საქართველოში ოფიციალური მონაცემებით შეადგენს 552,1 ლარს, მათ შორის, მაქსიმალურია თბილისში _ 663,1 ლარი, ხოლო მინიმალური გურიაში _ 248,0 ლარი. სხვა რეგიონებში ეს მაჩვენებელი მერყეობს 427,8 ლარიდან 494,9 ლარამდე. ცხადია, ასეთი მონაცემები არ იძლევა განსაკუთრებულად ოპტიმისტური დასკვნების გაკეთების საშუალებას, მით უფრო საქართველოს ეკონომიკა სერიოზული პრობლემების წინაშე დგას და მათი გადაწყვეტის გარეშე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება სერიოზულ წინაარმდეგობასთან არის დაკავშირებული.

შექმნილ სიტუაციაში, სტრატეგიის თვალსაზრისით, მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა უთმობდეს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რადგან მცირე ბიზნესის უპირველესი ამოცანა, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში, არის დასაქმების უზრუნველყოფა: მან უნდა `შეიწოვოს~ და გასაქანი მისცეს საქართველოში აშკარად არსებულ მეწარმეთა ლატენტურ ფენას, რომლის აქტივობა და შესაძლებლობები შეზღუდულია არსებული მდგომარეობით მაშინ, როცა მას შეუძლია შექმნას მრავალი ახალი საწარმო, თუ გამოიძებნა მისი დაფინანსების ეფექტური საშუალებები. ამდენად, ფინანსური სექტორის რეფორმირებისას ეს საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ასეთი დიდი დატვირთვის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება მცირე და საშუალო ბიზნესისადმი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს! Aრ არსებობს არა მრტო გამოკვეთილი პოლიტიკა, არამედ პრიორიტეტებიც. საუბარია მხოლოდ ტურიზმის სფეროს განვითარებაზე, რასაც არაფრით სეუძლია ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრა.

ის, რომ დასაქმების უზრუნველმყოფი ერთ-ერთი უპირველესი და საყოველთაოდ აღიარებული სფერო (მცირე და საშუალო ბიზნესი) არ არის მხარდაჭერილი, ბიზნესის დაწყება კი ძალიან სერიოზულ სირთულეებთან არის დაკავშირებული (თუმცა, ფორმალური პროცედურები ფირმის რეგისტრაციისათვის ძალზე გამარტივებულია), უმუშევრობის დონე ბოლო წლების განმავლობაში პრაქტიკულად არ იცვლება, რაც განაპირობებს კიდეც სიღარიბის მაღალ მაჩვენებელს. ოფიციალური სტატისტიკითაც კი, სიღარიბის დონე ე.წ. მედიანური მოხმარების 60%-ის მიმართ, 2004 წელს 24,6%-ს შეადგენდა: 2005 წ. _ 24,1%; 2006 წ. _ 23,3%; 2006 წ. _ 23,3%; 2007 წ. _ 21,3%; 2008 წ. _ 22,1%; 2009 წ. _ 21,0%. რაიმე არსებითი ცვლილება არც 2010 წელსაა მოსალოდნელი. მაგრამ ეს ოფიციალური მონაცემებია! რეალურად, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სიღარიბის მდგომარეობაში, ანდა მასთან ახლო მდგომარეობაში იმყოფება. სპეციალისტთა შეფასებებით, საქართველოს მოქალაქეთა 86%-ს აქვს სერიოზული პრობლემები, _ მათი ეკონომიკური მდგომარეობა ძალზე არასახარბიელოა და გრადაციაც სიღარიბის დონეების (ღარიბი, ღატაკი, ბოგანო და ა.შ.) მიხედვით, სწორედ ამ დიდი მასის კონტიგენტის შიგნით მოიაზრება.

ასეთი მძიმე მდგომარეობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს, რადგან საქართველოს ძირითადი რესურსი ადამიანური რესურსია, რომელიც საკმაოდ მაღალი საბაზო განათლებით და უნარ-ჩვევებით ხასიათდებოდა და ხასიათდება – დღემდე! სწორედ ამ მთავარ რესურსზეა დაყრდნობა აუცილებელი. საჭიროა სახელმწიფო პოლიტიკა ამ უმთავრესი რესურსის განუხრელად განვითარებისა და სრულყოფისათვის. როგორ გამოვიყენოთ ეს უპირატესობა _ ამაზე ღირს დაფიქრება და საუბარი. დღეს, ხელისუფლება ძალზე ცუდად და მძიმე შედეგების მომტანი ფორმით ექსპლოატაციას უწევს ჩვენი მოქალაქეების უმნიშვნელოვანეს თვისებებს. ხელისუფლება სარგებლობს საქართველოს მოქალაქეთა მოთმინებით, არაპრეტენზიულობით _ თითქოსდა, ნორმად ჩამოყალიბდა, რომ მოქალაქე დაკმაყოფილდა და დასჯერდა შრომის დაბალ ანაზღაურებას, უხარისხო იმპორტული და საკუთარი წარმოების მოხმარებულ პროდუქციას. ამის გამო იგი სრულ ეროზიამდე რომ მიდის, ქვეყნის ინტელექტუალური კაპიტალის დეგრადაცია რომ ხდება და მისი შეჩერება აუცილებელია და ამას უმოკლეს დროში ზღვარი უნდა დაედოს, _ ნაკლებად აქტუალიზებული თემაა.

აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ უნდა შექმნას პირობები და გარემო, რომ ქვეყნის მეწარმეებსა და საქმიან ადამიანებს, მოქალაქეებს მიეცეთ მაღალპროდუქტიული შრომისა და საქმიანობის საშუალება. მხოლოდ ამ გზით შეიძლება ხისტი სოციალური მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომელთა მიზანია ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესება (განათლება, ჯანდაცვა, უსაფრთხოება, შესაძლებლობების თანასწორობა). პატერნალიზმი (მუდმივი დახმარების იმედი დასავლეთის ქვეყნებიდან, ატროფიას უფრო უწყობს ხელს, ვიდრე გაჯანსაღებას) არ არის ის გზა, რომელის იძლევა ამ მიზნების რეალიზაციის საშუალებას.

ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში ხელისუფლება საუბარობს სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ. რეალური შედეგები ჯერჯერობით მიღწეული არ არის, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა სულ სხვა რამ. კერძოდ, საქართველოში ხელისუფლების დამოკიდებულება და წარმოდგენა სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით წმინდად მექანიკურია. საერთოდ არ განიხილება და ანალიზის გარეშეა დოტოვებული ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე ორი არსებითი საკითხი, რომელთა გააზრებისა და გადაწყვეტის გარეშე წარმოუდგენელია არა მხოლოდ დასაქმების საკითხის გადაწყვეტა, არამედ სიცოცხლისუნარიანი ეკონომიკის შენარჩუნებაც კი. ეს საკითხებია:

– თანამედროვე სამყაროში შრომის დანაწილების პროცესი მიმდინარეობს არა რეგიონალურ ჭრილში, არამედ, ფუნქციონალურ ჭრილში;

– ცხადია, სამუშაო ადგილების შექმნა უაღრესად მნიშვნელოვანია.

მაგრამ მხოლოდ სამუშაო ადგილების რაოდენობა არაფერს წყვეტს. ეროვნული შემოსავლისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების ტიპი და არა უბრალოდ დასაქმება შრომის დაბალი ანაზღაურებით. ამ მიმართულებით ჩვენში პრაქტიკულად არაფერი განხორციელებულა. შევნიშნოთ, რომ ორივე პრობლემა პირდაპირ კავშირშია სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ პოლიტიკასთან და, ამდენად, ნათლად ჩანს, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას იძენს განვითარების სწორი მიმართულებისა და მისი რეალიზაციისათვის ადეკვატური პოლიტიკის განხორციელება.

შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ინფორმაციულ ეპოქაში, PPპრინციპულად განსხვავებულ ეკონომიკურ სივრცეში ოპერირებისა (წარმოქმნილი საქართველოს მსო-ში გაწევრიანებისა და მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესების შედეგად) და განვითარებულ ქვეყნებში ინფორმაციული ეკონომიკის დომინირების პირობებში, საქართველოში მუშახელის კონცენტრაცია ხდება სოფლის მეურნეობაში, სადაც მათი საბოლოო ეროზია და დეგრადაცია გარდუვალია (დღეისათვის იქ არსებული პირობების გამო). შრომისუნარიანი მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფელშია კონცენტრირებული. მაგრამ, ეს ტენდენცია საშიშია სხვა მხრივაც, კერძოდ: სიტუაციის ნორმალიზების შედეგად, არაუმეტეს 5-10 წლის შემდეგ, სოფლად გაჩნდება დასაქმების მწვავე პრობლემა, რაც დაკავშირებული იქნება სოფლის მეურნეობაში პროდუქტიულობის ზრდასთან, ერთი მხრივ, და საკუთრივ მეურნეობების გამსხვილებასთან, რადგან დღეს უზომოდ დანაწევრებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები კონცენტრაციის გარეშე ეფექტური ეკონომიკური საქმიანობის საშუალებას არ იძლევა. დღევანდელი გადასახედიდან, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის ფარგლებში, არ ჩანს, რომ ეს ნეგატიური ტენდენცია შეჩერებული იქნება.

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ხელს არ უწყობს საქართველოს მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. დღევანდელი მდგოამრეობით, ქვეყნისათვის განსაკუთრებით საშიშ მასშტაბებს იღებს დიდი მოცულობის იაფი სამუშაო ძალის არსებობა, რაც ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ტენდენციების პირობებში, საერთოდ კატასტროფული შედეგების მატარებელია. იგი ქვეყნის უმთავრესი რესურსის ეროზიას იწვევს.

მაღალი კვალიფიკაციის მუშახელი, რომელზეც დამოკიდებულია ქვეყნის განვითარება, არ შეიძლება იყოს იაფი. ზემოაღნიშნული ტენდენციები კი პირდაპირ და გარკვევით მიგვანიშნებს, რომ თუ სიტუაცია რადიკალურად შეცვლილი არ იქნა სათანადო რეფორმებისა და ეკონომიკური პოლიტიკის გატარების გზით, დიდი სურვილის შემთხვევაშიც კი საქართველოს მოქალაქეებისათვის ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიღწევა შეუძლებელი იქნება: არსებული რესურსის უდიდესი ნაწილი დასაქმებულია იმ სექტორებში და დასაქმებულთა სტრუქტურა იმდენად არახელსაყრელია, გამოკვეთილია საშიში ტენდენციები, რომ მათი შემოსავლების მნიშვნელოვნად ზრდა ფაქტობრივად შეუძლებელი გახდება! ილუზია, რომ იაფი მუშახელი არის ექსპორტის სტიმულირებისა და წარმოებული საქონლის (მომსახურების) კონკურენტუნარიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, _ რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნას დაძლეული. იაფი მუშახელი დასაყრდენი ვერ იქნება ეროვნული კეთილდღეობის მისაღწევად და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად, ცხადად უნდა გავიცნობიეროთ. ამას მრავალი განვითარებული ქვეყნის მაგალითიც ადასტურებს. ამდენად, ზემოაღნიშნული სტრატეგიის მთავარი შეუცვლელი რესურსი ადამიანი უნდა გახდეს, რომელსაც შეუძლია საკუთარ მოღვაწეობაში ორიენტირებული იყოს თვითრეალიზაციის თავისუფლებასა და შემოქმედებაზე.