სამართალი
სუს-ი: „ჰექსოგენის“ საქმეზე დადგინდა ბრალდებულ დენის ჟურავლიოვის მიერ გლდანში დაქირავებული კიდევ ერთი ბინა, ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილია კომპიუტერის მიკროსქემები, დოკუმენტები და ფული

 საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უწყებაში გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები „ჰექსოგენის“ საქმესთან დაკავშირებით.

უწყების ცნობით, დადგინდა ბრალდებულ დენის ჟურავლიოვის მიერ თბილისში, გლდანის რაიონში დაქირავებული კიდევ ერთი კონსპირაციული ბინა, სადაც ჩხრეკა ჩატარდა.

„შედეგად აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა ზომის კომპიუტერის მიკროსქემები, დოკუმენტები და ფულადი თანხა. მიმდინარეობს ამოღებული ნივთების კონკრეტული მიზნობრიობის შესწავლა“, – აცხადებენ სუს-ში.

ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს. 11 სექტემბერს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის 10 სექტემბერს უკრაინული სანომრე ნიშნებით მოძრავმა MERCEDES-BENZ-ის მარკის სატვირთო ავტომანქანამ უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით, რუმინეთისა და ბულგარეთის გავლით, თურქეთიდან გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი და საბაჟო-გამშვები პუნქტის, „სარფის“ გავლით ქვეყანაში შემოვიდა. მისი შეჩერების და გადამოწმების შედეგად ავტომანქანაში ნაპოვნია წინასწარ საგულდაგულოდ შენიღბულ სამალავებში მოთავსებული 2.4 კილოგრამის ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“.

ამასთან, სუს-ის ინფორმაციით, ოპერატიული მასალების მიხედვით, უკრაინიდან შემოტანილი ასაფეთქებელი ნივთიერების დანიშნულების ბოლო ადგილად იმ ეტაპზე იკვეთებოდა თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი.