საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს ჩანაწერს, სადაც „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე უცხოელებისგან მიღებულ დავალებებზე, მათ შორის სამხედრო შინაარსის ინფორმაციის გადაცემაზე საუბრობენ.
„ამბობენ, რომ ბიძინას ამას არ შევარჩენთ. მაშინვე გვითხრეს თემები, რა თემები აინტერესებთ. მაგალითად, ინფორმაცია იმ რუსულ ბიზნესებზე, რომლებიც აქ იხსნება. მაგალითად, ნავთობის შესყიდვაზე, სამხედრო სფეროში. მოკლედ, კონკრეტული სია ჩამოგვიწერეს კითხვების და გვითხრეს, ამ თემებზე მოგვაწოდეთ ხოლმე მუდმივი ინფორმაცია. დაახლოებით, 100-გვერდიანი დოკუმენტი შევკარით, რაღაცებს ვუგზავნიდით გადასამოწმებლად, რაღაცას უკვე დადასტურებულ დოკუმენტებს და ასე შემდეგ. წინა ჩასვლაზე, სადღაც ორი თვის წინ თქვეს, რომ მუშაობენ ამერიკელებთან და ბრიტანელებთან, რომ ეს სანქციების თემა და… რაც არ არის მარტივი, რადგან ამერიკელებისთვის სანქციების თემა ბევრად უფრო დიდი გეოპოლიტიკური საკითხია, ანუ როდის დაიწყონ, როგორ დაიწყონ, დაიწყონ, არ დაიწყონ, რა მოჰყვება შიგნით და ასე შემდეგ. ანუ, ბევრად უფრო დიდი გავლენა ექნება ამას, დიდი ძვრები იქნება, ვიდრე უკრაინამ რომ გააკეთოს ეს. თუმცა, კარგი არის ის, რომ უკრაინელები ლობირებენ ჩვენთან ერთად ამ თემას, ანუ ამ ყველაფერში ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა ჩვენთან ერთად იმუშავებს დასავლეთში ამათ დასასანქცირებლად. დასავლეთში არის აზრი, რომ ვიდრე ბიძინამდე მიხვალ, ბიძინა უნდა იყოს ბოლო წერტილი, რომელიც მოიტანს შედეგს, რომ ლუკაშენკოს ვარიანტი არ იყოს, რომ დასანქცირებული პირია და…. ამიტომ წნეხის აწევა არის ტაქტიკა. მეც უცხოელები რომ მეკითხებიან, რომ ეშინიათ, ვთქვათ, რა შედეგს მოიტანს, ვეუბნები, ნუ დაიწყებთ ბიძინათი. ნებისმიერი ერთი მოსამართლის ან პროკურორის დასანქცირება და ეტაპობრივი დამატება… ეგ ტაქტიკის ამბავია“, – აცხადებს ელენე ხოშტარია ჩანაწერში.
„იმედის“ მიერ გავრცელებულ ჩანაწერში ზურაბ ჯაფარიძე ირანული დრონების შესახებ საუბრობს.
„უკრაინელებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული და, ხშირ შემთხვევაში, უკრაინელების მხრიდან მომავალ რაღაც მორალურ წნეხს ვერ უძლებენ და ამის გამო რაღაცები გადის. თუმცა რაც თქვეს ჩვენთან, რაც აინტერესებდათ, იყო ირანული დრონების ამბავი. ეს ირანული დრონები ახლა უკრაინაში იქცა სერიოზულ პრობლემად. მათთვის მნიშვნელოვანი იყო ეს ინფორმაცია, რომ შეიძლება, საქართველოზე გადაფრენით შევიდა ირანიდან რუსეთში დრონები. თვითონ ახსენეს ეს ამბავი, რომ ამაზე დამატებით ინფორმაციები თუ მოვიძიეთ, თუ დადასტურდა, ეგეთი რაღაც არისო, შეიძლება, საფუძველი გახდეს ევროკავშირის შიგნით კონსენსუსის, რომ სანქციები გამოვიყენოთო“, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე ჩანაწერში.