საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, მას არ ჰგონია, რომ ევროკავშირს ჰქონდეს უფლება, განსაზღვროს, რა არის საერთაშორისო სამართალი და, რა თქმა უნდა, მას არ აქვს უფლება, განსაზღვროს, როგორ დაიცავს ამერიკა საკუთარ ეროვნულ უსაფრთხოებას.
რუბიოს თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი საქმეა, დაიცვას ქვეყანა არსებული საფრთხეებისგან.
„შეერთებული შტატები ჩვენს ნახევარსფეროში ორგანიზებული დამნაშავე ნარკოტერორისტების თავდასხმის ქვეშაა, და პრეზიდენტი მათ ჩვენი ქვეყნის დასაცავად პასუხობს. საინტერესოდ მიმაჩნია ის, რომ ყველა ქვეყანას სურს ამერიკისგან „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების შეძენა, თუმცა როდესაც ამერიკა საკუთარი გავლენის რეგიონში ავიამზიდს აგზავნის, ეს უეცრად პრობლემა ხდება. პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ მისი საქმეა დაიცვას ქვეყანა შეერთებული შტატების წინააღმდეგ არსებული საფრთხეებისგან და ის ამ ოპერაციით სწორედ ამას აკეთებს“, – აღნიშნავს მარკო რუბიო.
ცნობისთვის, მანამდე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან ნოელ ბარომ განაცხადა, რომ კარიბის ზღვის აუზში აშშ-ის სამხედრო ოპერაციები საერთაშორისო სამართალს არღვევს. ეს კი მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა კარიბის ზღვის აუზსა და წყნარი ოკეანის სანაპიროებთან გემებზე დარტყმა არაერთხელ მიიტანა და თავდასხმების მიზეზად ნარკოტიკებთან ბრძოლა დაასახელა. დარტყმების შედეგად, ჯამში, 76 ადამიანი დაიღუპა.
imedinews.ge