უცხოეთი
„აქსიოსი“ - ანკარაში სტივ უიტკოფის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჰაკან ფიდანის სამმხრივი შეხვედრა არ შედგა, ზელენსკი აშშ-ის ახალი „სამშვიდობო გეგმის“ განხილვით არ დაინტერესდა

 საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. უკრაინაში ომის დასასრულებლად, კატარი და თურქეთი შეერთებული შტატების ახალი „სამშვიდობო გეგმის“ შემუშავებაში იღებენ მონაწილეობას, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „აქსიოსი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კატარისა და თურქეთის შუამავლობა დაეხმარა ღაზაში ომის დასრულებას და შესაძლოა, დაეხმაროს უკრაინაში ომის დასრულებას“, – განუცხადა ერთ-ერთმა წყარომ გამოცემას.

წყაროების ცნობით, კატარიდან ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და უკრაინის თავდაცვის მდივან რუსტემ უმეროვს შორის შეერთებულ შტატებში გამართულ მოლაპარაკებებში.

ამასთან, როგორც გამოცემა წერს, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ანკარაში ვიზიტს გეგმავდა, სადაც სამმხრივი შეხვედრა უნდა გამართულიყო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან, თუმცა, საბოლოოდ შეხვედრა არ შედგა, რადგან უკრაინის პრეზიდენტი არ იყო დაინტერესებული შეერთებული შტატების ახალი „სამშვიდობო წინადადების“ განხილვით.

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის ახალი „სამშვიდობო გეგმა“ 28 პუნქტისგან შედგება და უკრაინაში ომის შეწყვეტას ითვალისწინებს.

1tv.ge