პუბლიკაციები
რობერტ სტურუა: „მეუბნებიან – ორი სპექტაკლი დადგი და დიდ ხელფასს მოგცემთო. ახლა აღარ ვარ ქსენოფობი?!“

sturuaa77თბილისი, 9 სექტემბერი. საქინფორმი. როგორც რუსთაველის თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ „ობიექტივთან“ საუბრისას განაცხადა, შეთავაზების მიუხედავად, რუსთაველის თეატრში დაბრუნებას არ აპირებს, რადგან თვლის, რომ ეს კახპას საქციელი იქნება.

ზრდილობიანი ადამიანი ვარ, მაგრამ როცა მაბრაზებენ, მეც ვხდები უზრდელი. ჩემს თავს ხომ უნდა ვცე პატივი? ჯერ გამაგდეს, მერე მეუბნებიან ორი სპექტაკლი დადგი და დიდ ხელფასს მოგცემთო. ახლა აღარ ვარ ქსენოფობი? ჩემი დაბრუნება რუსთაველის თეატრში დაემსაგავსება კახპას საქციელს. გამომაგდეს, დამცინეს, შეურაცხყოფა მომაყენეს და ახლა მეუბნებიან მოდიო“, – აცხადებს სტურუა.
ამასთან, რეჟისორი ამ დღეებში გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, თითქოს ის მოსკოვის თეატრი „Et Cetera“-ს შემოთავაზებას  ოფიციალურად დათანხმდა. როგორც სტურუამ განმარტა, მოსკოვში მხოლოდ ერთ სპექტაკლს დადგამს.

ინტერვიუში მან ქართველი მსახიობებისა და რეჟისორების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათზე გული სწყდება.

ამათ თეატრი არ უნდათ. ამათ მიუზიკლები და სიმღერები უნდათ. „ქეთო და კოტეჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ბოდიშს ვუხდი დოიაშვილს... მწყინს, რომ არც დოიაშვილი, არც ჭოლა და არც სხვა რეჟისორები, რომელთაც პატივს ვცემ, არ გამომესარჩლნენ“, – აღნიშნა სტურუამ.

შეგახსენებთ, რომ რობერტ სტურუა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ მიმდინარე წლის 9 აგვისტოს გაათავისუფლა. მიზეზად მინისტრმა სტურუას ქსენოფობიური განცხადებები და შეხედულებები დაასახელა. თუმცა იმას, რაზეც რურუა საუბრობდა, სინამდვილეში ქსენოფობიასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. სტურუამ საინფორმაციო-ანალიტიკურ სააგენტო „საქინფორმთან“ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტის სომხური წარმომავლობა ახსენა და ამით ახსნა ის გარემოება, რომ სააკაშვილს ქართველივით არ შეიძლება უყვარდეს საქართველო, რაც ქსენოფობიურ განცხადებად ნამდვილად არ ძეიძლება ჩაითვალოს.