საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აუცილებლობაზე ღიად საუბრით ევროპული ბიუროკრატია ორმაგ სტანდარტებს ავლენს.
ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა, რომ ევროპელი ლიდერები რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე უკვე ღიად საუბრობენ.
„ევროპული ბიუროკრატია ავლენს ორმაგ სტანდარტებს. ღიად დაიწყეს საუბარი რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აუცილებლობაზე. საქართველოსთან კი დღემდე არ აქვთ აღდგენილი პირდაპირი დიალოგი იმ საბაბით, რომ „საქართველო არის პრორუსული თუ რუსული“ ხელისუფლების მქონე ქვეყანა. ვხედავთ, სადამდე არის დაცემული ეს სტანდარტები ევროპულ ბიუროკრატიაში. იმედი გვაქვს, რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აღდგენის შემდეგ საქართველოსთანაც მოახერხებენ პირდაპირი დიალოგის აღდგენას“,- განაცხადა კობახიძემ.