პოლიტიკა
ღვინის ექსპორტის კლება გრძელდება, თუმცა მთავარ საექსპორტო ბაზარზე - რუსეთში მატებაა

 საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. ღვინის ექსპორტის კლება 2026 წლის იანვარშიც გაგრძელდა. საქსტატის მონაცემებით, ამ პერიოდში საქართველოდან 12,1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 4 105 476 ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როცა გასული წლის პირველ თვეში 12,9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 4 243 466 ლიტრი. მონაცემები გაცილებით მეტი იყო 2024 წლის იანვარში.

ფასს რაც შეეხება, საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში წარმოებული ღვინის საექსპორტო ფასი მცირედით, დაახლოებით 5%-ით შემცირდა. საშუალო საექსპორტო ფასი წელს, იანვარში 2.9 დოლარი იყო. გასული წლის იანვარში კი 3.05 დოლარი.

ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარი კვლავ რუსეთია. აღსანიშნავია, რომ ღვინის ჯამური ექსპორტის კლების პარალელურად, რუსეთში ექსპორტი წელს გაზრდილია. მიმდინარე წლის იანვარში ამ ქვეყანაში 8 მლნ აშშ დოლარის ღვინო გავყიდეთ, გასული წლის იანვარში კი, 6,9 მლნ აშშ დოლარის.

ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზრები 2026 წლის იანვარში:

რუსეთი - 8 მლნ აშშ დოლარი - 2 968 106 ლიტრი ($2.6)

პოლონეთი - 918 000 აშშ დოლარი - 328 833 ლიტრი ($2.7)

გერმანია - 478 700 აშშ დოლარი - 108 732 ლიტრი ($4.4)

ჩინეთი - 433 800 აშშ დოლარი - 135 831 ლიტრი ($3.1)

უკრაინა - 379 200 აშშ დოლარი - 134 194 ლიტრი ($2.8)

ყაზახეთი - 364 300 აშშ დოლარი - 105 885 ლიტრი ($3.4)

ლატვია - 262 700 აშშ დოლარი - 76 757 ლიტრი ($3.4)

აშშ - 257 200 აშშ დოლარი - 31 662 ლიტრი ($8.1)

ესტონეთი - 157 600 აშშ დოლარი - 39 344 ლიტრი ($4,0)

ლიეტუვა - 137 900 აშშ დოლარი - 40 729 ლიტრი ($3.3)

აღნიშნულ მონაცემებს თუ გასული წლის იანვრის საექსპორტო მაჩვენებლებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ ღვინის ექსპორტი ორჯერაა შემცირებული ჩინეთში, უკრაინაში, ყაზახეთში. ხოლო აშშ-ში უფრო მეტით - სამჯერაა შემცირებული.

ღვინის ექსპორტი მცირედით გაზრდილია წელს პოლონეთსა და გერმანიაში.

რაც შეეხება ფასებს, საქსტატის მონაცემების მიხედვით, ყველაზე ძვირად ქართული ღვინო წელს აშშ-ში გაიყიდა და ლიტრზე დაახლოებით 8 დოლარი შეადგინა, ყველაზე იაფად კი რუსეთში და ლიტრზე 2.6 დოლარი შეადგინა.