აქტუალური
რომელი ქვეყნები ხარჯავენ ყველაზე მეტს თავდაცვაზე და რა პოზიციაზეა საქართველო - მსოფლიო ბანკის რეიტინგი

 საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა მსოფლიოს ქვეყნების თავდაცვის ხარჯების ამსახველი ერთიანი სტატისტიკა, რომლის თანახმადაც 2024 წელს გლობალური თავდაცვის ბიუჯეტი რეკორდულ 2.65 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც წლიურად 265 მილიარდიან ზრდას წარმოადგენდა. ოთხწლიან ჭრილში კი თავდაცვის დანახარჯები 600 მილიარდი დოლარით არის გაზრდილი.

რეიტინგში მუდმივად პირველ პოზიციას აშშ იკავებს, რომლის სამხედრო დანახარჯებიც მსოფლიო ბანკის თანახმად, 2024 წელს 997 მილიარდი დოლარი იყო. ეს აშშ-ის მშპ-ის 3.42%-ია. მეორე ადგილზეა ჩინეთი 314 მილიარდი დოლარით, რაც ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 1.71%-ია, მესამე პოზიციას კი რუსეთი იკავებს 149 მილიარდი დოლარის სამხედრო ბიუჯეტით, რაც რუსეთის მშპ-ის 7.05%-ია, თუმცა ფაქტობრივი მაჩვენებელი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად უფრო მაღალია და არსებულ ვითარებაში რუსეთი სრულად ომის ეკონომიკაზე არის გადართული.

რაც შეეხება ისრაელს, მისი სამხედრო ბიუჯეტია 46.5 მილიარდი დოლარი, მშპ-ის 8.8%; ირანის თავდაცვის ბიუჯეტი ოფიციალურად 7.9 მილიარდი დოლარი იყო, რაც მშპ-ის 2%-ია, თუმცა ფაქტობრივად ირანის თავდაცვის ბიუჯეტი გაცილებით დიდი იქნებოდა, რადგანაც ირანი მხარს უჭერდა ჰეზბოლას და ჰამასის, ასევე ჰუსიტების შეიარაღებულ ჯგუფებს და მათ იარაღს, დრონებსა და ბალისტიკურ რაკეტებს აწვდიდა. რაც შეეხება ომში მყოფ უკრაინას, მისი სამხედრო ბიუჯეტი 2024 წელს 64.7 მილიარდი დოლარი იყო, რაც ქვეყნის მშპ-ის 34.5%-ია.

საქართველო კი რეიტინგში 91-ე ადგილზეა 615 მილიონი დოლარის სამხედრო დანახარჯებით (მშპ-ის 1.86%), სომხეთი 1.41 მილიარდი დოლარით 69-ე ადგილზეა (მშპ-ის 5.5%), აზერბაიჯანი კი 3.77 მილიარდი დოლარის სამხედრო ბიუჯეტით 52-ე ადგილს იკავებს (მშპ-ის 5%). თურქეთის თავდაცვის ბიუჯეტი კი 25 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ქვეყნის მშპ-ის 1.92%-ია.