19 აპრილს რუსეთის ფედერაციაში პირველად აღინიშნება საბჭოთა ხალხის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღე, რომელიც 1941-1945 წლების დიდი სამამულო ომის დროს ნაცისტებისა და მათი თანამზრახველების მიერ იქნა ჩადენილი. რუსეთის პრეზიდენტმა ვ.ვ. პუტინმა 2025 წლის 29 დეკემბერს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებას.
აღნიშნული თარიღის შერჩევა უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში პირველი სამართლებრივი აქტის გამოცემას, რომელმაც დააფიქსირა მესამე რეიხისა და მისი მოკავშირეების მიზანმიმართული პოლიტიკა საბჭოთა კავშირის მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების შესახებ. სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1943 წლის 19 აპრილის № 39 ბრძანებულებამ - „საბჭოთა სამოქალაქო მოსახლეობისა და ტყვე წითელარმიელების მკვლელობასა და წამებაში ბრალდებულ გერმანელ-ფაშისტ ბოროტმოქმედთა, ჯაშუშთა, საბჭოთა მოქალაქეებისგან შემდგარ სამშობლოს მოღალატეთა და მათი თანამზრახველების სასჯელის ზომების შესახებ“ — შექმნა ნაცისტი სამხედრო დამნაშავეების მართლმსაჯულების წინაშე წარდგომის სამართლებრივი საფუძვლები. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მასალები ნიურნბერგის ტრიბუნალის, ხაბაროვსკისა და სხვა საერთაშორისო პროცესების მტკიცებულებითი ბაზის საძირკვლად იქცა.
ისტორიკოსების შეფასებით, სსრკ-ის თითქმის 27 მილიონი მოქალაქიდან, რომლებიც დიდი სამამულო ომის წლებში დაიღუპნენ, დაახლოებით 13,7 მლნ ადამიანი ნაცისტური მიზანმიმართული განადგურების პოლიტიკის მსხვერპლი გახდა. თითქმის 7,5 მილიონი მშვიდობიანი მოქალაქე ჰიტლერელებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე განზრახ მოკლეს. 4,1 მილიონზე მეტი ადამიანის ნაადრევი სიკვდილი გამოიწვია საცხოვრებელი პირობების მკვეთრმა გაუარესებამ, შიმშილმა, სენმა და სიცივემ (მარტო ბლოკადაში მოქცეულ ლენინგრადში გარდაცვლილი 1 მილიონი ადამიანი რად ღირს!). 2,2 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა გაუსაძლისი კატორღული შრომისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად. მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლთა ყველაზე დიდი რაოდენობა მოდის უკრაინის სსრ-ზე (3,3 მლნ), რუსეთის სფსრ-ზე (1,8 მლნ) და ბელორუსიის სსრ-ზე (1,6 მლნ).
არანაკლებ შემზარავია დატყვევებული წითელარმიელების ციფრები: სხვადასხვა მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 4,6-დან 5,7 მილიონამდე ჯარისკაცს შეადგენს. მათგან ნახევარზე მეტი (2,6 – 3,7 მლნ) ტყვეობიდან არ დაბრუნებულა.
დემოგრაფების შეფასებით, მესამე რეიხის დანაშაულების შედეგად საბჭოთა კავშირის მოსახლეობის საერთო დანაკლისმა 30-დან 40 მილიონამდე ადამიანი შეადგინა. ფაქტობრივი დანაკარგების გარდა, ეს არის შეუქმნელი ოჯახები და დაუბადებელი ბავშვები. ამასთან, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ სისტემატურად ნადგურდებოდა ჩვენი საერთო სამშობლოს მთელი მოსახლეობა, ყოველგვარი ეთნიკური, რასობრივი თუ რელიგიური კუთვნილების მიუხედავად. იღუპებოდნენ რუსები, ბელორუსები, ებრაელები, თათრები, უკრაინელები და სხვები – ყველა ის ხალხი, რომელიც იმ მიწებზე ცხოვრობდა, რომლებიც „ტოტალურ გერმანიზაციას“ ექვემდებარებოდა.
რუსეთში წმინდა მოვალეობად მიიჩნევენ, არ დაუშვან დიდი სამამულო ომის ტრაგედიის დავიწყება. ამ დროისთვის, საბჭოთა მოქალაქეების გენოციდის იურიდიული ფაქტი დადგენილია რუსეთის ფედერაციის ყველა იმ სუბიექტის სასამართლოების მიერ, რომელთა ტერიტორიაზეც „ღერძის ქვეყნებისა“ და მათი თანამზრახველების მიერ სამხედრო დანაშაულები ხორციელდებოდა. თანამოაზრეებთან ერთად, რუსეთის ხელმძღვანელობა ენერგიულ ნაბიჯებს საერთაშორისო ასპარეზზეც დგამს. დსთ-ის სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოსა და ოდკბ-ის კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილებებით, ფაშისტების მიზანმიმართული ბოროტგანზრახული ქმედებები საბჭოთა მოქალაქეების მიმართ შეფასებულია, როგორც სსრკ-ის (საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი) ხალხთა გენოციდი.
უფრო ფართო გაგებით, ობიექტური ისტორიული სიმართლის შენარჩუნებას ემსახურება ტრადიციული რეზოლუციაც — „ბრძოლა ნაციზმის განდიდების, ნეონაციზმისა და სხვა სახის პრაქტიკის წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უწყობენ რასიზმის, რასობრივი დისკრიმინაციის, ქსენოფობიისა და მათთან დაკავშირებული შეუწყნარებლობის თანამედროვე ფორმების ესკალაციას“. ჰუმანიტარული თვალსაზრისით ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, 2005 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად წარედგინება გაეროს გენერალურ ასამბლეას რუსეთის ინიციატივით. გასულ წელს პროექტის თანაავტორი გახდა მსოფლიოს ყველა რეგიონის 44 სახელმწიფო. 2025 წლის 15 დეკემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის პლენარულ სხდომაზე, რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით იქნა მიღებული — მსოფლიო თანამეგობრობის 119 ქვეყნის წარმომადგენლის მიერ. დასანანია, რომ იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებმაც კონიუნქტურული მოსაზრებების გამო ხმა «წინააღმდეგ» მისცეს, აღმოჩნდა საქართველოც, რომლის შვილებიც მამაცად იბრძოდნენ ჩვენს სამშობლოზე ხელმყოფი ნაცისტი დამპყრობლების წინააღმდეგ.
დიდ სამამულო ომში საერთო გამარჯვებაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი რუსეთში ახსოვთ და მაღალ შეფასებას აძლევენ. ჩვენ არ ვივიწყებთ, რომ საქართველოს სსრ-ის ტერიტორიიდან ფრონტზე დაახლოებით 700 ათასი ადამიანი გაემგზავრა, რომელთა თითქმის ნახევარი უკან აღარ დაბრუნებულა. გამოჩენილი სიმამაცის წყალობით, საქართველოს 157 მკვიდრს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა, ხოლო ასობით ათასი — ორდენებითა და მედლებით დაჯილდოვდა. ძალზე სიმბოლურია ის ფაქტიც, რომ დაცემულ რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა სწორედ რუსმა და ქართველმა წითელარმიელებმა — მიხეილ ეგოროვმა და მელიტონ ქანთარიამ აღმართეს.
ყოველწლიურად 9 მაისს რუსეთში სულის თრთოლვითა და ცრემლიანი თვალებით აღნიშნავენ ერთ-ერთ მთავარ სახელმწიფო დღესასწაულს — გამარჯვების დღეს. ჭეშმარიტად საერთო-სახალხოა ხსოვნისა და გლოვის დღეც — 1941 წლის 22 ივნისს საბჭოთა კავშირზე ჰიტლერული გერმანიის ვერაგული თავდასხმის დღე. ეს ჩვენი საერთო ისტორიაა, რომლის დავიწყებაც არ შეიძლება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს მილიონობით საბჭოთა მოქალაქე, რომლებიც ნაცისტური გენოციდის პოლიტიკის მსხვერპლნი გახდნენ. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს ცოდნა მომავალი თაობებისთვის, რათა მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს.
წყარო: «Вечерний Тбилиси»