უცხოეთი
«9 მაისს კიევში „გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს“ დავარტყამთ, თუ უკრაინის მხრიდან ცეცხლი არ შეწყდება» - მარია ზახაროვა

 საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. თუ კრემლის მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დროს უკრაინის მხრიდან მოსკოვზე თავდასხმა მოხდება, კიევში არსებულ „გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე საპასუხო დარტყმა“ განხორციელდება - ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმოამდგენელმა, მარია ზახაროვამ გააკეთა, რომელმაც, აღნიშნული საფრთხიდან გამომდინარე, უცხოელ დიპლომატებს კიევის დატოვებისკენ მოუწოდა.

ამ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს. ზახაროვას თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამაფრთხილებელი ნოტა უკვე გაუგზავნა დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებს.

„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თქვენი ქვეყნის ხელისუფლებას/თქვენი ორგანიზაციის ხელმძღვანელობას, მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ განცხადებას და უზრუნველყონ დიპლომატიური და სხვა მისიების პერსონალის, ასევე მოქალაქეების ადრეული ევაკუაცია ქალაქ კიევიდან, რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან კიევზე, კერძოდ კი გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე საპასუხო დარტყმის გარდაუვალობასთან დაკავშირებით, თუ კიევის რეჟიმი, დიადი გამარჯვების აღნიშვნის დღეებში, თავის კრიმინალურ ტერორისტულ გეგმებს განახორციელებს“, - განაცხადა ზახაროვამ.