საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. რუსეთის ინტერესთა სექციაში ღონისძიება ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნ.მ. როგაშჩუკმა გახსნა, რომელმაც სტუმრებს თბილად მიულოცა გამარჯვების დღე — დღესასწაული, რომელსაც სათუთად ინახავენ მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის მოძმე ხალხები.
„ჩვენ გვახსოვს ყველა, ვინც ბოლო ვაზნამდე აკავებდა მტერს საზღვართან და ბრესტის ციხესიმაგრესთან, მინსკთან და მოგილევთან, ვინც აწამეს გესტაპოს საპყრობილეებში, ვინც დაიწვა ხატინში, დალვასა და ტროსტენეცში. ყველა, ვისი სისხლითაც არის გაჟღენთილი ჩვენი ბელარუსის მიწის თითოეული მტკაველი. და განვლილმა ოთხმოცზე მეტმა წელმაც ვერ გააყუჩა ეს ტკივილი“.
„ჩვენი ამოცანა დღეს არის — შევინარჩუნოთ ხსოვნა საბჭოთა მოქალაქეების თაობის ერთიანობისა და შეკრულობის, შრომისმოყვარეობისა და სამშობლოსადმი წარმოუდგენელი სიყვარულის შესახებ, რომლებმაც შეძლეს ახალი თაობებისთვის მშვიდობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. ჩვენ გვახსოვს ჩვენი ისტორია და ვამაყობთ მისით!“, — აღნიშნა თავის მისალმებელ სიტყვაში რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის ხელმძღვანელმა დ.ა. ოლისოვმა.
მიღების მთავარი სტუმრები იყვნენ თბილისში მცხოვრები დიდი სამამულო ომის ვეტერანები — ვახტანგ ალექსის ძე ადამაშვილი, ლილია ლეონიდის ასული ზერეკიძე და ლუიზა კონსტანტინეს ასული შმუნიაკი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის ელჩი ა.გ. სმბატიანი, ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი ს. მოჯანი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ჯოუ ძიანი, ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი მ.კ. მურზალინი, თურქმენეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული ა. ბალიბაევი და დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლები, აგრეთვე თვალსაჩინო საზოგადოებრივი, სამეცნიერო და კულტურის მოღვაწეები.