პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ევროკავშირისადმი ნდობა მაღალია, ევროკომისიისადმი კი დაბალი – ქართული საზოგადოება ენდობა „ქართულ ოცნებას“

 საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. „ევროკავშირისადმი ნდობა ძალიან მაღალია, მაგრამ ევროპული კომისიისადმი ნდობა დაბალია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს საზოგადოება ერთგულია ევროპული ინტეგრაციის, ხოლო ევროკომისიისადმი დაბალი ნდობა განპირობებულია მისი უსამართლო მოქმედებებით.

„ქართულ საზოგადოებაში ძალიან მაღალია ნდობა ევროკავშირის მიმართ, მაგრამ ევროპული კომისიის მიმართ ნდობა უკიდურესად დაბალია. ეს ერთი საკითხია, მეორე კი ის არის, რომ ქართულ საზოგადოებას აქვს მაღალი ნდობა „ქართული ოცნების“ მიმართ. ამომრჩეველთა 54 პროცენტმა ბოლო არჩევნებზე ხმა მოგვცა ჩვენ. ეს არის გარემოებათა ერთობლიობა: ქართული საზოგადოება ერთგულია ევროპული ინტეგრაციის, ხოლო ევროკომისიის მიმართ ნდობა დაბალია უსამართლო ქმედებების გამო. ხალხი ენდობა „ქართულ ოცნებას““, - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საბოლოო ჯამში ევროპულმა კომისიამ გადაწყვიტა და არა საქართველომ, რომ შეეწყვიტა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან 2024 წლის ივნისში.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ევროპული კომისია კანდიდატის სტატუსის საკითხს საქართველოს დასაშანტაჟებლად იყენებდა.

„2022 წლის მარტში ჩვენ მოვითხოვეთ კანდიდატის სტატუსი უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად. ჩვენი განაცხადი უარყოფილ იქნა, რაც იყო დიდი შეცდომა და უსამართლობა, რადგან ამისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობდა. მოგვიანებით ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი შეფასება საქართველოსა და სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით: საქართველო უსწრებდა მოლდოვას, უკეთესი მდგომარეობა ჰქონდა, ვიდრე ბოსნიას, თუმცა საქართველოს განაცხადი მაინც უარყვეს. ეს ფაქტი გამოიყენეს გარკვეულმა ჩართულმა მხარეებმა - შიდა ოპოზიციამ და ევროპული თუ სხვა წყაროებიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. მათ სცადეს რევოლუციის მოწყობა იმ ფაქტის საფუძველზე, რომ საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, რაც უცნაური მოვლენათა ჯაჭვი იყო. ჩვენ წელიწად-ნახევარი დაგვჭირდა ბრძოლა კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ცხრა პუნქტიანი დავალება გვქონდა, ევროკომისიის დღის წესრიგი იყო და ჩვენ ამ დღის წესრიგის ერთგულნი ვიყავით.

ჩვენ გავეცით პასუხი ევროპული კომისიის უსამართლო პოლიტიკას. მივხვდით, რომ ევროპული კომისია იყენებდა კანდიდატის სტატუსის საკითხს პირველ ეტაპზე, ხოლო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს მომდევნო ეტაპზე საქართველოსა და ქართული საზოგადოების დასაშანტაჟებლად“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.