სამართალი
შალვა პაპუაშვილი: ვინც სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია, ნუ ენდობით უცხოელ პოლიტიკოსებს – თქვენს გვერდით მხოლოდ სახელმწიფო დადგება

 საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. „ვინც აღიარებს თავის დანაშაულს ქვეყნის წინაშე და აიღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ უცხო ქვეყნის წარმომადგენელთა წაქეზებით აღარასოდეს მიაყენებს საკუთარ ქვეყანას ასეთ ზიანს, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან შეხვდება შემწყნარებლური და ჰუმანური დამოკიდებულება“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორები მხდალად გამოდიან ციხიდან და იქ ტოვებენ იმ ადამიანებს, რომლებიც მათ დაარწმუნეს ძალადობაში მონაწილეობაში და რომლებიც დღეს სასჯელს იხდიან.

„მინდა ყველას ერთი რამ ვუთხრა: ნუ ენდობით უცხოურ ძალებს, უცხოელ პოლიტიკოსებს, უცხოელ დიპლომატებსა და უცხოური ორგანიზაციების წარმომადგენლებს. რატომ? განა ვერ ნახეს, როგორ უბიძგებდნენ მათ ძალადობისკენ? ევროკომისიის პრესსპიკერმა მიესალმა ძალადობას, რომელიც დაანონსებული იყო 4 ოქტომბერს. დღემდე ევროკომისიის არცერთ წარმომადგენელს ბოდიში არ მოუხდია. ხალხი წააქეზეს დანაშაულის ჩასადენად, შემდეგ კი მიატოვეს ციხეში მრავალწლიანი ვადების მოსახდელად.

საბოლოო ჯამში, ერთადერთი, ვინც მათ გვერდით დადგება, არის საქართველოს სახელმწიფო. პროკურატურა ეთანხმება მათ მოთხოვნებს საპროცესო შეთანხმების (გარიგების) გაფორმების თაობაზე. სწორედ ასეთია ქართული სახელმწიფოს პოზიცია.

ჩვენ მათ არ ვექცევით ისე, როგორც მოექცნენ უცხოელი წამქეზებლები: ჯერ ბარიკადებზე გაიყვანეს, შემდეგ კი ციხეში მიატოვეს. ჩვენ მათ ვეპყრობით როგორც ჩვენი ქვეყნის შვილებს, რადგან ჩვენთვის სულერთი არ არის, როდესაც ადამიანი იძულებულია ციხეში მოიხადოს სასჯელი.

ამიტომ, ვინც აღიარებს თავის დანაშაულს ქვეყნის წინაშე და აიღებს პასუხისმგებლობას, უდავოდ შეხვდება სახელმწიფოსგან შემწყნარებლური და ჰუმანური დამოკიდებულება.

კიდევ ერთხელ მივმართავ მათ, ვინც ქვეყნის წინააღმდეგ ძალადობის გამო სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იმყოფება: ნუ ენდობით ნურც რომელიმე სახელმწიფოს ელჩებს და ნურც უცხოელ პოლიტიკოსებს - ყველა მოგატყუებთ. ერთადერთი, ვინც თქვენს მხარეს დადგება, არის საქართველოს სახელმწიფო.

ეს უკვე არაერთხელ დადასტურდა. უცხოელები მხდალად მიგატოვებენ ციხეში, მაშინ როდესაც საქართველო და ქართული ხელისუფლება იქნება თქვენ გვერდით და გამოიჩენს ჰუმანურ დამოკიდებულებას ყველას მიმართ, ვინც პასუხისმგებლობას აიღებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.