რედაქტორისგან
საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები 20 წლის შემდეგ: „ფრინველთა ბაზარი“ და „ჩიტივით უუფლებონი“

ria42011 წლის 16 ნოემბერს, 15 საათზე, „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „საქართველოს მედიასივრცის მდგომარეობის საკითხები“. ღონისძიება დაკავშირებული იყო ევროპული და აზიური მედიის ფორუმთან, რომელიც ამა წლის 19 ნოემბერს ასტანაში იხსნება. მასში მონაწილეობდნენ ФЕАМ-2011-ზე საქართველოს დელეგაციის წევრები: გელა ვასაძე – პოლიტოლოგი, ექსპერტი, ბლოგერი; გოჩა გვარამია – საინფორმაციო სააგენტო „Грузия Online“-ის დირექტორი; ნანა დევდარიანი – პოლიტოლოგი, ექსპერტი, ბლოგერი; ელენე იმედაშვილი – საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი გრუზიას“ დირექტორი; თენგიზ პაჭკორია – გაზეთ „აფხაზეთის მერიდიანის“ მიმომხილველი;  არნო ხიდირბეგიშვილი – საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი; ბესიკ ფიფია – „რია ნოვოსტის“ თბილისის ბიუროს დირექტორი.

მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა საკუთარი აზრი გამოთქვეს შემდეგ საკითხებზე:

– რამდენად დამოუკიდებელია ქართული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები პოლიტიკური და ფინანსური სტრუქტურების, სახელმწიფოსაგან? შესაძლებელია თუ არა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების პოლიტიკური და პროფესიული დამოუკიდებლობა ეკონომიკური არაკეთილდღეობის პირობებში?

– არსებობს თუ არა საქართველოს მასმედიაში ცენზურა ანდა თვითცენზურა როგორც ობიექტური მოვლენა ან „საბჭოური აღზრდის“ სუბიექტური, ფსიქოლოგიური და ისტორიული ფენომენი?

– რა მომავალი უჩანს საქართველოში ტრადიციულ საინფორმაციო საშუალებებს ინტერნეტისა და სოციალური ქსელების მძაფრ ზრდასთან დაკავშირებით?

– როგორია ინტერნეტის ეროვნული სექტორების მდგომარეობა და სოციალური ქსელების როლი?

– რა უარყოფითი შედეგი მოაქვს საზოგადოებისათვის სოციალური ქსელებისა და დამოუკიდებელი ინტერნეტპროექტების უკონტროლო ზრდას?

პირველ საკითხზე თავისი მოსაზრებები გამოთქვა საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა, რომელმაც, კერძოდ, განაცხადა:

პატივცემულო ბატონებო! ჩვენი მრგვალი მაგიდა ფრიად ღირსშესანიშნავ დროს იმართება: 20 წლის წინ მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა მოხდა – საბჭოთა კავშირი დაიშალა, ხოლო დღეს, 20 წლის შემდეგ, ჩვენ კვლავ უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური მოვლენის ზღურბლზე ვდგავართ – ეს არის ევრაზიული კავშირის შექმნა.

იმისათვის, რომ მოკლედ დავახასიათოთ საქართველოს დღევანდელი მედიასივრცე, მიზანშეწონილი იქნება, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ორ – დამოკიდებულთა და დამოუკიდებელთა კატეგორიად გავყოთ, რომლებსაც მე პირობითად ფრინველთა ბაზარი და ჩიტივით უუფლებონი დავარქვი.

საქმე ის არის, რომ 20 წლის წინ, ახალი გეოპოლიტიკური რეალიებიდან გამომდინარე, სამმა რამემ თქვენი ჭირი წაიღო. ეს იყო:

1. სახელმწიფო ინფორმაციული პოლიტიკა;

2. ერთიანი საინფორმაციო სივრცე;

3. პროფესიონალიზმი ჟურნალისტიკაში.

საქართველოში ინფორმაციული პოლიტიკა საინფორმაციო პროპაგანდამ შეცვალა, თუმცა სახელმწიფო ენაზე – ქართულ ენაზე ბეჭდვითი და ელექტრონული გამოცემების, ტელე- და რადიოარხების რაოდენობა რამდენჯერმე გაიზარდა. და პირიქით – იმავე რეალიებისა და პროპაგანდის ინტერესების შესაბამისად, რუსულენოვანი საინფორმაციო საშუალებები თითქმის მთლიანად გაქრა, რასაც, სამწუხაროდ, დიდი რუსეთი ძალიანაც არ შეუშფოთებია...

საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, რომლებიც წლების განმავლობაში ეწეოდნენ და ახლაც ეწევიან საინფორმაციო პროპაგანდას მოქმედი ხელისუფლების დაკვეთით, ჩემ მიერ დასახელებულ პირველ კატეგორიას – ფრინველთა ბაზარს ქმნიან. სწორედ ფრინველთა ბაზარი შეიძლება ეწოდოს დღეს ყველა დე ფაქტო სამთავრობო საინფორმაციო საშუალებას საქართველოში, მათ შორის – იქ მომუშავე ჟურნალისტების არასათანადო პროფესიონალიზმის მიზეზით (ამისი მკაფიო მაგალითია ბიძინა ივანიშვილის ამასწინანდელ პრესკონფერენციაზე მათ მიერ დასმული „ფრინველური“ შეკითხვები).

მაგრამ არაპროფესიონალიზმის, ზოგჯერ კი აღმაშფოთებელი გაუნათლებლობის მიუხედავად, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, „რუსთავი 2“-ის, „იმედის“, „ПИК“-ის, „რეალ TV“-ის და მსგავსთა მათთა (ათობით გაზეთი და ჟურნალი მაღალი პოლიგრაფიითა და დაბალი მორალით) ჩიტუნები ადგილობრივ საინფორმაციო ველზე თავს სრულიად ლაღად გრძნობენ, რადგან:

მათი კრედოა – ბრძოლა წესების გარეშე, რომლის შესაბამისადაც ჩამოუყალიბდათ ადვილად საცნობი ჟურნალისტური სტილი (მათი გამწვრთნელი მეურვე-კურატორების წყალობით სახელისუფლებო სტრუქტურებიდან და „თავისუფლების ინსტიტუტიდან“);

მათი ზურგია – სახელმწიფო ბიუჯეტის, სოროსის ფონდის და აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, აგრეთვე, ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი კერძო ბიზნესის დოტაციები;

მათი რესურსია – ყველა დონის ხელისუფლების ადმინისტრაციული რესურსი, მათ განკარგულებაშია საკორესპონდენტო პუნქტები საზღვარგარეთ, პირველი ხელიდან ინფორმაციის მიღების შეღავათიანი უფლება, ისინი ყველგან არიან – საქართველოს პრეზიდენტთან მისი მოგზაურობისას თუ შსს-ის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტთან სპეცოპერაციების დროს, რომლებსაც ამის გამო მოსწრებულად შეერქვა „ტელედაპატიმრებები“;

მათი საექსპერტო წრეა – პოლიტოლოგიაში ახალი მიმართულების – „პოლიტიკური პროქტოლოგიის“ დამაარსებლები საქართველოს მთავარი პროქტოპოლიტოლოგის – სოსო ცინცაძის, ხელმძღვანელობით, რომლის არცერთი პოლიტიკური პროგნოზი არ გამართლდა. უკვე მომხდარი მოვლენების მოქმედი ხელისუფლების საამებლად ინტერპრეტაცია – აი ეს არის ამ „სამეფო კარის“ ექსპერტების სპეციალობა.

ფრინველთა ბაზრის კატეგორიის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, რომლებიც ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან, საქართველოში დაკომპლექტებულია ტელემედიასეგმენტის დიდი უმრავლესობა, ბეჭდვითი და ელექტრონული  მედიის (გაზეთები, ჟურნალები და მათი ვებგვერდები, საინფორმაციო სააგენტოები, საინფორმაციო პორტალები და სხვა ინტერნეტგამოცემები) დაახლოებით ნახევარი.

ყველა დანარჩენი მასობრივი ინფორმაციის საშუალება, რომლებიც მმართველი პარტიის – „საქართველოს ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთას არ ასრულებენ, ჩემ მიერ დასახელებულ მეორე კატეგორიას მივაკუთვნე. ჩიტივით უუფლებონი მათი მთავარი რედაქტორებისა და ჟურნალისტების, გამომცემლებისა და დამფუძნებლების რისკის ფასად არსებობენ, ზოგჯერ – ძუნწი სპონსორების ეპიზოდური დახმარებითა და „კეთილი“ მეცენატების მოწყალებით. ჩიტივით უუფლებოთა კატეგორიის არაკონტროლირებად საინფორმაციო საშუალებებს ხელისუფლება უგულებელყოფს, შეურაცხყოფს, მათთან რეკლამის განთავსებას კრძალავს და საჯაროდ თითქოს არც მიიჩნევს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებად, თუმცა უფრთხის მათ, კითხულობს, და განადგურებას ცდილობს:

2006 წლის 10 აგვისტოს ხელისუფლებამ საქართველოში პირველი საინფორმაციო სააგენტო – „საქინფორმი“ გააუქმა. მაგრამ ზუსტად ოთხი წლის შემდეგ – 2010 წლის 10 აგვისტოს – დამოუკიდებელ ჟურნალისტთა კოლექტივმა საქინფორმი აღადგინა და შორს აღარ არის ის დრო, როდესაც 90-წლიანი ისტორიის მქონე ჩვენს საინფორმაციო სააგენტოს რუსთაველის №42-ში მდებარე მის კუთვნილ შენობას აუცილებლად დაუბრუნებენ;

– ზუსტად ერთი წლის შემდეგ – 2007 წლის 10 აგვისტოს, დილის 4 საათზე, ხელისუფლებამ ბარბაროსულად გამოყარა კოსტავას №14-ში განლაგებული გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობიდან 80-მდე გაზეთისა და ჟურნალის რედაქციები. ხოლო კიდევ ზუსტად ერთი წლის შემდეგ – 2008 წლის 10 აგვისტოს – იძულებული გახდა, პრესისაგან დაცლილ გამომცემლობის შენობაში ცხინვალიდან დევნილი ქართველები შეესახლებინა (თარიღების ეს დამთხვევა შემთხვევითი არ არის, ლოგიკური კავშირი აქ აშკარაა, ოღონდ არა მათთვის, ვისი ბრიყვული და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებიც იწვევს საქართველოში დიდ თუ მცირე ტრაგედიებს...).

დიახ, ჩიტივით უუფლებოთა კატეგორიის გამოცემათა ბიუჯეტი ხშირად  ფრინველთა ბაზრის კატეგორიის გამოცემის რედაქტორის ერთ ხელფასს უტოლდება ან ბევრად ჩამოუვარდება, მაგრამ საზოგადოებაში მათზე დიდი მოთხოვნაა, რადგან მათში ქართველი ხალხი სარკესავით ხედავს სინამდვილეს ისეთს, როგორიც ის არის, და არა ბუტაფორიულს, როგორადაც მას „ჯიბის“ საინფორმაციო საშუალებათა ცრუ ზღაპრები ხატავენ.

დიახ, საქართველოში მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ქართველი საზოგადოების ზუსტი ასლია: მათ შორის არიან ღარიბები, სული ძლივს რომ გააქვთ, და უფრო შეძლებულები, „ხარჯდაფარვადები“, რომელთა გამოცემების შესაძენად სიღატაკის ზღვარზე მყოფი ხალხი უკანასკნელ გროშებს იხდის; არიან უფრო  პროფესიულები, აკადემიურები, ობიექტურები და კრეატიულები, ანდა სრულიად „ყვითლები“ და სკანდალურები, „შავრაზმულები“ და ანგაჟირებულები; მაგრამ ყველა მათგანი ნამდვილ ცხოვრებას ასახავს, მთელი თავისი გასაჭირითა და ნაკლოვანებებით, რომლითაც დღეს ქართველი საზოგადოება ცხოვრობს.

და როგორც კი ახალი პოლიტიკური რეალიები ჩვენს ცხოვრებას შეცვლის, მასმედიასადმი საზოგადოების მოთხოვნაც შეიცვლება და, ახალი პრიორიტეტების შესაბამისად, შეიცვლებიან თავად მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. აი მაშინ კი ნაციონალისტობისკენ გადახრილ „შავრაზმელებს“ და განსაკუთრებულად პრივილეგიურ მედია-„ჩიტუნებს“ სასწრაფოდ მოუწევთ „ასაფრენად მომზადება“ – პირველებზე მოთხოვნა გაქრება, ხოლო მეორენი საკუთარი არაპროფესიონალიზმისა და ინგლისური პრონონსის ამარა დარჩებიან, და უკვე არა სასათბურე „ფრინველთა ბაზრის“, არამედ საქართველოს ფორმირებადი საინფორმაციო ბაზრის პირობებში, რომელიც ახალი ევრაზიული კავშირის ერთიან საინფორმაციო სივრცეში იქნება ინტეგრირებული.

და ეს დრო, როგორც ზემოთ აღვნიშნე, შორს აღარ არის...

თბილისი, 2011 წლის 16 ნოემბერი,

საქინფორმი – რია ნოვოსტის თბილისის საერთაშორისო პრესცენტრიდან