ნაკლზე საუბარი იოლია!
მაგრამ ნაკლზე საუბარი აუცილებელია!..
ნაკლზე საუბარს მისგან განთავისუფლების სურვილი უნდა ედოს საფუძვლად!
საქართველოს უახლესი ისტორიის ოცი წელი არ გვაძლევს სიხარულისა და სიამაყის განცდის საკმარის საფუძველს. პირობები, რომელშიც უხდებოდა და უხდება ცხოვრება და მოღვაწეობა ჩვენს ხალხს, ხელს არ უწყობს მისი საუკეთესო თვისებებისა და ინტელექტუალური (შემოქმედებითი) შესაძლებლობების განვითარებას, მასში დანავებული ზნეობრიობების ანუ ღირსებების (სათნოებების, добродетели, virttues) განვითარებას. პირიქით, შექმნილ ვითარებაში, ჩვენს თვალწინ, ადამიანების შინაგანი ბუნებისათვის დამახასიათებელი ფარული და ნეგატიური მხარეები პოულობს გასაქანს და ხელს უწყობს ხალხის მორალურ და ზნეობრივ დეგრადაციას. მატერიალური გაჭირვება შესამჩნევი ხდება, - საარსებო პირობები ისეთია, რომ ადამიანს არ აძლევს საკუთარი თავისათვის და ოჯახისათვის ღირსეული საარსებო გარემოს შექმნის საშუალებას.სახელმწიფო, - როგორც დამცავი გარსი, როგორც რაცონალურსამართალაღჭურვილი ორგანიზაციული სტრუქტურა, როგორც გარანტი იდენტურობის შენარჩუნებისა და გონივრული გახსნილობისა გარე სამყაროსადმი, მისი კულტურისათვის თავსებადი საუკეთესო გამოცდილების გადმოღება-შეთვისებისა და საკუთარი მიგნებების გზით განვითარების უზრუნველყოფისათვის, ხალხის მატერიალური კეთილდღეობის თანდათანობითი ზრდის უზრუნველყოფისათვის, ადამიანის ინდივიდუალიზებული სულიერი თუ სხვა შინაგანი მისწრაფებების ნებაყოფლობითი დაკმაყოფილებისათვის, - აგებული ვერ იქნა!
ჩვენი სახელმწიფოს დღევანდელი სახე შორსაა სრულყოფილებისაგან!
ეს სახელმწიფო თავის ძირითად ფუნქციებს ძალიან ცუდად ასრულებს!
მიუხედავად ასეთი მძიმე ყოფისა, ერთადერთი ხელშეუხებელი და უდიდესი მონაპოვარი ჩვენი უახლესი ისტორიისა სახეზეა, - ესაა დამოუკიდებელი ქართული ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო! სწორედ იგია ერთადერთი კომპენსაცია ჩვენი მძიმე ყოფისა და იმ სირთულეებისა, რაც დღემდე გადაგვიტანია!
მართალია, ამ ოცი წლის მანძილზე, ეს სახელმწიფო არაერთხელ დავაყენეთ დარტყმის ქვეშ, ღონივრად მივანგრიეთ-მივაზიანეთ და დავასუსტეთ, ვიდრე გავაძლიერეთ, რაიმე შევძინეთ, ანდა უფრო უხიფათო გავხადეთ, - მაგრამ ეს სახელმწიფო დღემდე არსებობს და ჩვენი ამ ხნის უგუნურებისგან გათავისუფლებისათვის საკმარისზე მეტ იმპულსებს გვაძლევს.
ამ სტატიის მიზანი არ არის ნაკლზე საუბარი!
ამ სტატიის მიზანია ერის ზ ნ ე ო ბ რ ი ო ბ ე ბ ზ ე ანუ ღ ი რ ს ე ბ ე ბ ზ ე (სათნოება, добродетель, virttues) საუბარი. სწორედ იგია საფუძველი ძლიერი სამართლიანი სახელმწიფოს აგებისა და შენარჩუნებისა.
ცხადია, ჩვენს ხალხს ეთნოგენეზისა და სპეციფიური ისტორიული პროცესების შედეგად ჩამოუყალიბდა ზნეობრიობათა გარკვეული სისტემა, - როგორც ახლა ვხვდებით, - საკმარისად მყარი და ქმედუნარია, რადგან სხაგვარად იგი ვერ შეძლებდა მძიმე და გრძელი გზის გავლას! მაგრამ ჩვენ, მგონი, მივივიწყეთ ეს ზნეობრიობები ანუ ღირსებები (სათნოებები), ნაკლებად ვსაუბრობთ მასზე. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თანამედროვე ქართველს ამ ღირსებების ზუსტი იდენტიფიცერებაც კი გაუჭირ- დება და კრიტიკულ სიტუაციებში მათზე დაყრდნობის ნაცვლად, უნუგეშობის, სასოწარკვეთისა და განწირულობის გრძნობა ეუფლება. ეს იმის მიმანიშნებელია, რომ დროთა განმავლობაში, არაერთი ფუძემდებლური ზნეობრიობის ანუ ღირსების (სათნოების) შესახებ წარმოდგენები და კონტექსტები დეფორმირდა და შეიცვალა! სწორედ ამის შედეგია, ალბათ, რომ მძიმე ისტორიული ქარტეხილების გადამტანმა ერმა, ელემენტარულ სიტუაციებში სიფხიზლე და გონიერება დაკარგა და თავისი მომავალი ეჭვსქვეშ დააყენა.
მიუხედავად მძიმე სიტუაციისა, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება კონცენტრირება ამ ზნეობრიობებზე ანუ ღირსებებზე (სათნოებებზე), რაგინდ რთულადაც უნდა გვეჩვენებოდეს დღეს ეს მცდელობა.
სახელმწიფოს საფუძველი ხალხია!
სახელმწიფოს ქმნის ადამიანთა არა უბრალო ერთობა, არამედ, გარკვეული ფასეულობებისა და ზნეობრიობების ანუ ღირსებების (სათნოებების) მატარებელი ადამიანების ერთობა, რომელთათვისაც ეს ფასეულობები და ღირსებები ფასეულია თავისთავად და ღირებულია იმითაც, რომ მათი ცხოვრების წესი, მათი შეხედულებები ამ ღირსებებზეა დაფუძნებული...
რაკი წარმატებული სახელმწიფოს არაერთი მაგალითი არსებობს, განსაკუთრებით, სახელმწიფოს თანამედროვე გაგების გაჩენის შემდეგ (უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში), ბუნებრივია, უნდა არსებობდეს და არსებობს კიდეც, ის ფუძემდებლური ზნეობრიობები ანუ ღირსებები (სათნოებები), რამაც შექმნა, განავითარა და დღემდე წარმატებით მოიყვანე ეს სახელმწიფოები და მისი ხალხი. ეს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა ხალხის შრომისუნარიანობის მუდმივი შენარჩუნებისა და განვითარების გარეშე, - ხალხის შრომისუნარიანობა კი საფუძველია ისეთი რთული ორგანიზმისათვის, როგორიც სახელმწიფოა. რაც ყველაზე საინტერესოა, - წარმატებული სახელმწიფო შეუძლებელია, თუ, თავის მხრივ, ეს სახელმწიფო ხელს არ უწყობდა და არ უწყობს ხალხის შრომისუნარიანობის შენარჩუნებას!
მაშინ, ლოგიკურია, დავსვათ კითხვა: „როგორი ზნეობრიობები ანუ ღირსებები (სათნოებები) უნდა გააჩნდეს ხალხს, რომ იგი (სახელმწიფო) იქცეს და გრძელვადიან პერსპექტივაში იყოს ადამიანისათვის ვარგისი სახელმწიფო?“
რაკი, ისტორიულად ანგლო-საქსები ყველაზე თავისუფალ ხალხად მოიაზრება, - და ეს ასეც არის (!), - მათ შეძლეს შეექმნათ უძლიერესი სახელმწიფო, რომელიც საკმარისად დიდხანს იყო და არის მსოფლიო საქმეთა ერთ-ერთი უპირველესი გამგებელი, - არ იქნება ურიგო, თუ კლასიკური სახელმწიფოს - ინგლისისა და ინგლისელი ხალხის მაგალითზე განვიხილავთ იმ ზნეობრიობებს ანუ ღირსებებს (სათნოებებს), რამაც უზრუნველყო მათი შრომისუნარიანობა და სახელმწიფოს ქმედუნარიანობა! ეს წარმოდგენები საშუალებას მოგვცემს, მათთან შედარების გზით გავერკვეთ ჩვენს დღევანდელ მდგომარეობაში და კრიტიკულად გადავაფასოთ საკუთარი შეხედულე- ბები ანალოგიურ ზნეობრიობებზე ანუ ღირსებებზე (სათნოებებზე). რადგან ანგლო-საქსური წარმოდგენები რეალური შედეგის მომტანი აღმოჩნდა, ეს საკითხი, თავისთა- ვად, ამ მხრივაც უნდა იყოს საინტერესო.
როგორც წარმატებული ანგლო-საქსური სახელმწიფოს მაგალითი გვიჩვენებს, ვაჟკაცობა - ეს უპირველესი ფუძემდებლური დატვირთვის მატარებელი ძირითადი ზნეობრიობაა ანუ ღირსებაა (სათნოებაა). მაგრამ ჩვენი წარმოდგენები ამ ცნებაზე, ისევე, როგორც ქვემოთ განხილულ სხვა ცნებებზე, არსობრივად და შინაარსობრივად ძალიან განსხვავდება ანგლო-საქსურ სამყაროში ისტორიულად ჩამოყალიბებული შეხედულე- ბებისგან!
რა არის ვაჟკაცობა, როგორც საყრდენი ქვეყნისათვის და რა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს მას?
აი, ანგლო-საქსური გაგება ვაჟკაცობის ა რ ს ი ს ა: „ვაჟკაცობა ჩვენ გვჭირდება იმისათ- ვის, რომ მოვიქცეთ დიდსულოვნად, როცა საფრთხე გვემუქრება და როცა ჩვენ, შეიძ- ლება, შიშის ანდა საშიშროების ქვეშ აღმოვჩნდეთ; რომ ვიმსჯელოთ საღად არეულო- ბებისა და საყოველთაო პანიკის დროსაც კი; იმისათვის, რომ აუცილებლობის შემთხ- ვევაში, ვიყოთ მზად ხანგრძლივი მოლოდინისათვის და არ დავხარბდეთ და დავეძგეროთ დროებით სარგებელს“.
ბრწყინვალეა!
კურთხეულია ბუნებით ვაჟკაცი ადამიანი!
ანგლო-საქსის წარმოდგენა ვაჟკაცობაზე საშურია, - იგი გონიერი, მოქმედი და დიდი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანების გონებაში უნდა ჩამოსხმულიყო და განვითარებულიყო!
ქართული წარმოდგენა ვაჟკაცობაზე სხვა შინაარსისა და ელფერის მატარებელია და ეს შესამჩნევია! თუ ანგლო-საქსურ წარმოდგენათა სისტემაში ვიაზროვნებთ, მაშინ, უკანასკნელი 20 წლის მანძილზე, ვერ მოვიძიებთ საკმარის რეალურ და უტყუარ მონაცემებს, რათა დანამდვილებით შეგველოს განვაცხადოთ: „ჩვენ, ქართველები, ვაჟკაცები ვართ. ჩვენ კრიტიკულ სიტუაციებში ვაჟკაცურად მოვიქეცით“.
სამწუხარო რეალობაა და, აი რატომ:!
ვაჟკაც, მამაც ერს არ ეშინია საკუთარი ხელისუფლების!
ეს ძალიან მნიშვნელოვანი და არსებითი მომენტია!
ვაჟკაცი ერი ყოველთვის იმოქმედებს სწორად, პერსპექტივის გათვლით, საღად და ფხიზლად, მიუხედავად ხმამაღალი განცხადებებისა, რომელიც მას მოუწოდებს არსწორი მოქმედებისაკენ!
ხელისუფლებები ვერ განაგებენ ვაჟკაც ადამიანებს!
ხელისუფლებები თანამშრომლობენ ვაჟკაც ადამიანებთან, რადგან ეს უკანასკნელნი ხელისუფლებას სხვა საშუალებას არ აძლევენ, სხვა გამოსავალს არ უტოვებენ!
ბრწყინვალეა!
თავისუფალი, მამაცი და ვაჟკაცი ანგლო-საქსის გონებაში ყველაფერი ზუსტად და შესანიშნავად არის გააზრებული!
ვაჟკაცი ერი, როცა წარმოიქმნება გარე საფრთხე, საღად შეაფასებს სიტუაციას და მიიღებს რეალისტურ ზომებს საფრთხის თავიდან ასაცილებლად, - და არ სტაცებს ხელს ტყვიამფრქვევს ხარაბუზას დანახვაზე. ვაჟკაცი ერი არ მისცემს თავის ხელისუფლებას უფლებას, დაუკვირვებელი საქციელით საფრთხე შეუქმნას მას, მის მომავალს! ვაჟკაცი ერი არ დაუშვებს და არავის მისცემს უფლებას დემოკრატიის ნიღბის ქვეშ აწარმოოს ახალგაზრდობის გამომთაყვანებელი და ეროვნული ფასეულობების შემბღალავი პროპაგანდა...
მეორე ფუძემდებლური ხასიათის ზნეობრიობას ანუ ღირსებას (სათნოებას) წარმოადგენს ცნობისმოყვარეობა, ანუ სხვაგვარად სიფხიზლე. ერს, რომელსაც გააჩნია ეს ღისება, - გააჩნია უნარი რეფლექსიისა, შეიმეცნებს თავის თავს, თავის ისტორიას და ყველა იმ ძაფს, რომელიც ჩაიქსოვება მისი კულტურის ქსოვილში (!). ამ ღირსების (სათნოების) მატარებელი ერი დარწმუნებულია, რომ მასზე (ერზე) ყველაზე დიდი და ღრმა ცოდნა ჩაბეჭდილია მისი მხატვრების, მწერლებისა და პოეტების ნამუშევრებში, და იგი ასწავლის თავის ბავშვებს იცნოს, გაიგოს და უყვარდეს ისინი, რადგან ამის წყალობით ისინი (ბავშვები) შეძლებენ შეასრულონ მნიშვნელოვანი როლი ერის თვითშეგნებასა და მეხსიერებაში! ერი, რომელსაც განვითარებული აქვს ეს ღირსება (სათნოება), იქნება ინტელექტუალურად ატიური და მომთხოვნი.
იგი სწრაფად აღიქვამს, შეადარებს და გაიაზრებს!
ასეთი ერი მომენტალურად ამოიცნობს ხელისუფლების მცდელობას შეზღუდოს მისი (ხალხის) თავისუფლებები. ასეთ ერს ახსოვს, თუ რა ფასად იქნა მოპოვებული ეს თავისუფლებები, რადგან თითოეულ მათგანს თან ახლავს ისტორია. ნებისმიერი თავდასხმა ამ თავისუფლებებზე აღიქმება როგორც პირადი შეურაცხყოფა. სწორად ამაშია სიფხიზლის, როგორც ღირსების (სათნოების) დიდი ღირებულება.
ცნობისმოყვარეობა (სიფხიზლე) გაააზრებინებს ერს იმას, თუ რას წარმოადგენდა ეს ერი ადრე და რას წარმოადგენს ახლა! სწორედ ცნობისმოყვარეობა (სიფხიზლე) ექაჩება მას (ერს) საკუთარი თავისა და გარე სამყაროს შემეცნებისაკენ, რათა სწორად ააგოს საკუთარი განვითარების ტრაექტორია და დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი ადამიანთა სხვა ერთობებს შორის.
დიდება შენ, ანგლო-საქსო!
ვისაც ეს გიგრძვნია, რეფლექსიის გზით შეგითვისებია და საყრდენად და სახელმძღვანელოდ გიქცევია!
ვაი, შენ, უბადრუკო ქვეყანავ და პროვინციალიზმის ჭაობში ჩამხრჩვალო ხალხო, ვისაც ამის შეგრძნების უნარი ვერ გამოგიმუშავებია ანდა მიგივიწყებია, გონებადაბინდულს საკუთარი სულიერი სიმდიდრის განადგურებისთვის მიგიყვია ხელი და ეს ბარბაროსული დანაშაული საკუთარის სხვისით ჩანაცვლება-დამკვიდრებითა და „მენტალური რევოლუციის“ ნიღბით ჩაგიდენია!..
მესამე ფუძემდებლური ხასიათის ზნეობრიობა ანუ ღირსებათაგანი (სათნოება), რომელიც ჩვენ უნდა წარმოვაჩინოთ, შეიძლება, დღევანდელი გადასახედიდან ნაკლებად ცხადი ჩანდეს, ჩვენში მასზე წარმოდგენის სრული დეფორმაციის გამო, მაგრამ სიძლიერისა და საკუთარი თავის რწმენის მიმანიშნებელი ეს ბრწყინვალე ღირსებათაგანი, ჩვენს გონებაში სისუსტედ და უსუსურობად აღიქმება.
ეს ზნეობრიობა ანუ ღირსება (სათნოება) თავმდაბლობაა, - თავმდაბლობა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გაიგივებული იქნას დამდაბლებასთან, ფარისევლობასთან (პირმოთნეობასთან) და საკუთარი თავის დამცირებასთან, - პირიქით (!): „ერის თავმდაბლობა მდგომარეობს მასში, რომ ფორმა შეესაბამებოდეს შინაარს და სტილი არ იყოს აღრეული არსთან!“.
რატომ არის ეს ღირსება (სათნოება) მნიშვნელოვანი?
რატომ მაქვს სურვილი წარმოვაჩინი ეს ღირსება (სათნოება) მისი ზუსტი სახითა და მოვახდინო ამ ღირსების (სათნოების) კულტივირება ამისათვის აშკარად არახელსაყრელ დღევანდელ სიტუაციაში, სადაც, თითქოსდა, ძალმომრეობა, სხვისი გათელვა და შეურაცხყოფა ნორმად არის ქცეული?
ვაკეთებთ რა აქცენტს ამ ღირსებაზე (სათნოებაზე), ჩვენ ვცდილობთ სწორად მოვახდინოთ საკუთარი მასშტაბების ადეკვატური გაგება და სწორად შევაფასოდ ჩვენი რეალური მდგომარეობა დღევანდელ მსოფლიოში. თუ ეს ღირსება (სათნოება) გვექნებოდა, ჩვენ გადავდგამდით ნაბიჯს წინ, მივხვდებოდით და შევიმეცნებდით არაერთი პოლიტიკოსის დიდ და გადაჭარბებულ წარმოდგენებს საკუთარ თავზე, რომლებსაც წარმოუდგენიათ, თითქოს, მხოლოდ ისინი უპირისპირდებიან გამოწვევბს, მუქარებს და იცავენ მთელს ცივილიზაციას, საკუთარი ქვეყნის კულტურას, დემოკრატიას,როცა,რეალურად, უკანა ეზოების ჭინჭყლი და შარიანი, გამეტიჩარებულ-გაყოყოჩებული ადამიანების შთაბეჭდილებას უფრო ტოვებენ...
ცხადია, არის სხვა ღირსებებიც (სათნოებებიც), მათი დეტალიზება და აღწერა შესაძლებელია, - თითოეულ მათგანს აქვს თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობა და დანიშნულება; თითოეული მათგანი ხალხის რაციონალური ცხოვრების შედეგადაა გამომუშავებული და გათავისებული, მაგრამ ამ სტატიის მიზანი მათი სისტემატიზაცია და დეტალურად აღწერა არ არის. ამას, ალბათ, სხვა დაინტერესებული პირი გააკეთებს! ავტორს მხოლოდ ფუძე-საყრდენებზე უნდოდა გაემახვილებინა ყურადღება და გაეჩინა მკითხველის ინტერესი ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის მიმართ.
მაგრამ ზნეობრიობებს შორის არის ერთი განსაკუთრებული და აუცილებელი, რომელსაც საკუთრივ ღირსება (честь, honor) ჰქვია, - ანუ ის, რომლის გარეშეც არაფერზე ღირს საუბარი. ამ ზნეობრიობის (სათნოების) დეტალური განხილვა უადგილოდ მიმაჩნია! ვფიქრობ, საკმარისად გონიერი და ღირსეული ადამიანები უნდა ვიყოთ, რომ მომავალზე პრეტენზია გაგვაჩნდეს!
დემურ გიორხელიძე - საინფორმაციო-ანალიტიკურ სააგენტო „საქინფორმს“