მისი წარდგენა არც საქართველოში, არც რუსეთში საჭირო არ არის. მისი სახელის გვერდით ნებისმიერი ეპითეტი ზედმეტი და ყალბია... დიდგვაროვან თავადთა გვარის შთამომავალმა 90 წლის განმავლობაში ყველა ქარტეხილი გამოიარა, და 16 წელი გულაგში, საიდანაც სამჯერ გაიქცა... მაგრამ არ გატყდა, სინდისთან გარიგებაზე არ წავიდა – და გაიმარჯვა! ცოცხალმა ლეგენდამ, მე-20 საუკუნის ქართული ლიტერატურის კლასიკოსმა, ცოტა ხნის წინათ ბერად აღკვეცილმა ჭაბუა ამირეჯიბმა, მძიმე სენის მიუხედავად, რომელსაც ამდენი წელია, ვაჟკაცურად ებრძვის, ჩვენთან ურთიერთობისთვის ძალა და დრო მაინც გამონახა.
ჭაბუა ამირეჯიბი: „საუბრის დასაწყისმა ჩემი შენიშვნები გამოიწვია. პირველი – აუცილებელი არ არის ჩემი პიროვნების მნიშვნელობის გაზვიადება, და მეორე – დავაზუსტებ თქვენს ინფორმირებულობას ჩემი გაქცევების თაობაზე: გულაგიდან ექვსჯერ გავიქეცი, მათ შორის, სამჯერ – ერთსა და იმავე დღეს, 1945 წლის 20 სექტემბერს, თბილისში. პირველი გაქცევა – ეგრეთ წოდებული შამპანკომბინატის კოლონიიდან, მაგრამ ჩელუსკინელების ხიდზე პატრულმა დამაპატიმრა და თბილისის კომენდატურაში გადამიყვანა; მეორე გაქცევა – ცეცხლის ქვეშ, კომენდატურიდან ქალაქ თბილისის მილიციის მეცხრე განყოფილებაში ბადრაგირებისას; მესამე გაქცევა – ამავე განყოფილებიდან. ოთხწელიწად-ნახევარი „გაქცეული“ ვიყავი, მაგრამ 1949 წლის 27 დეკემბერს დამაპატიმრეს და კვლავ დაიწყო „ჩემი გულაგი“ დანარჩენი სამი გაქცევითურთ...“
– ბატონო ჭაბუა! მსოფლიო სახელის მქონე რომან „დათა თუთაშხიაში“ განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ფილოსოფიურ მსჯელობას ადამიანთა რაობაზე, ადამიანური ცნობიერების სტერეოტიპებს. საზოგადოებრივი ცნობიერების შეცვლილ სტერეოტიპებში ხომ არ ძევს მიზეზი იმისა, რომ დღეს საქართველოსა და რუსეთის დიალოგი ბაბილონის გოდოლს მოგვაგონებს: თითქოს სხვადასხვა ენაზე ვურთიერთობთ და ერთმანეთისა არ გვესმის?
– უთუოდ სწორი შეფასებაა! პუტინი იმ ადამიანის ენაზე ლაპარაკობს, რომელმაც საკუთარი ხალხის წინაშე რუსეთის იმპერიის აღდგენის ამოცანა დასახა; სააკაშვილი კი რუსეთის მოწინააღმდეგის – აშშ-ის, ტყვეობაში მყოფი კოსმოპოლიტია. სააკაშვილის ცნობილი მიზანია – გაანადგუროს საქართველო როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ხოლო ქართველი ხალხი ლაქიების ბრბოდ აქციოს, რომელიც უცხოელ ტურისტებს მოემსახურება... მისი ჩანაფიქრით, საქართველოს ტერიტორია ნატოს საკუთრება იქნება და მისი ამოცანა – საქართველოსა და ქართველი ხალხის ლიკვიდაცია – შესრულებული იქნება! ის, ვინც მის საქმიანობას თვალს ადევნებს, სხვაგვარ დასკვნას ვერ გამოიტანს.
– ბატონო ჭაბუა! თქვენ მუდამ პიროვნების უფლებებისთვის იბრძოდით, რომლებსაც ერის ინტერესებზე მაღლა აყენებდით, მაგრამ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ხელში ყოველივე ეროვნული გლობალიზაციის შემოტევას განიცდის... როგორ ფიქრობთ, განა არ დადგა დრო, როდესაც ეროვნული თვითმყოფადობისა და კულტურის შესანარჩუნებლად საჭიროა ცალკეული პიროვნების ინტერესებისა და გლობალიზაციის ზოგიერთი „სიკეთის“ მსხვერპლად გაღება?
– დიახ, მე ყოველთვის ვიბრძოდი პიროვნების უფლებებისთვის, მათ შორის – ერის ინტერესების, მისი კულტურისა და შემდგომი ინტელექტუალური განვითარების დაცვის უფლებისათვის! გლობალიზაცია ერისა და კაცობრიობის მტერია, მას მთელი სიცოცხლე ვებრძოდი და სიკვდილის შემდეგაც შევებრძოლები – იმით, რაც დავწერე!..
რაც შეეხება ეროვნულ თვითმყოფადობას, მწამს, რომ გლობალიზაციასა და კოსმოპოლიტიზმთან ორთაბრძოლაში ის გაიმარჯვებს.
– „ინტელიგენციისათვის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის საუკეთესო საშუალება კონსტრუქციული ოპოზიციაა. არა მარტო იმიტომ, რომ მისთვის ეს სულის ბუნებრივი მდგომარეობაა, არამედ იმიტომაც, რომ ასეთი წინააღმდეგობის გარეშე თვით ყველაზე შესანიშნავი, ყველაზე დემოკრატიული ხელისუფლებაც კი დიქტატურად გადაგვარდება“, – ეს თქვენი სიტყვებია ინტერვიუდან, რომელიც „მოსკოვსკიე ნოვოსტის“ 1992 წლის 21 იანვრის №25-ში დაიბეჭდა. თქვენი აზრით, დღეს საქართველოში რა ურთიერთობაა ინტელიგენციასა და ხელისუფლებას შორის?
– ინტელიგენციისა და ხელისუფლების ურთიერთობის თექვსმეტი წლის წინათ ჩამოყალიბებული წესი დღესაც სწორად მიმაჩნია, ეს დიქტატურისაკენ მუდმივად არსებულ მიდრეკილებასთან ბრძოლის ერთადერთი საშუალებაა. სწორად მიმაჩნია ქართველი ინტელიგენციის დღევანდელი დამოკიდებულება ხელისუფლებასთან, როგორც გაძარცულისა – მძარცველთან, თანაც აქ მხოლოდ ადამიანთა უფლებებს არ ვგულისხმობ...
– ცოტა ხნის წინათ – 2011 წლის 18 ნოემბერს – საქინფორმმა, მთელი საქართველოს დარად, 90 წლის იუბილე მოგილოცათ. ამასთან დაკავშირებით მინდა, გკითხოთ – რა იყო ყველაზე მთავარი ჭაბუა ამირეჯიბის ცხოვრებაში? ყველაფერს თავიდან რომ იწყებდეთ, რას გააკეთებდით სხვაგვარად და რას არ შეცვლიდით?
– ამას მუდმივად მეკითხებიან. გიპასუხებთ: საკუთარი წარსულით კმაყოფილი ვარ, გარდა ერთი სახასიათო მოვლენის – ღრმა მოხუცებულობისა... ვიხსენებ და მწარედ ვნანობ ჩემს მნიშვნელოვან და, თუნდაც, უმნიშვნელო შეცდომებს, სიცოცხლეს თავიდან რომ ვიწყებდე, მათ აღარ გავიმეორებდი...
ამ ინტერვიუს პუბლიკაციის შესაძლებლობას გამოვიყენებ და განსაკუთრებით აღვნიშნავ იმ მონატრებას, რომელსაც რუსეთში მცხოვრები ჩემი მეგობრების მიმართ გულით დავატარებ... აი, ზოგიერთი მათგანი, რომლებიც ბებრულმა მეხსიერებამ შემოინახა: ჟენია ევტუშენკო, ბელა ახმადულინა, ბორის მესერერი, მარლენ კორალოვი, იური როსტი, ანდრეი ბიტოვი, ჟენია პრიმაკოვი... მათთან კიდევ, თუნდაც, ერთხელ შეხვედრაზე ვოცნებობ, ვინც ჯერ კიდევ ცოცხალია, გამუდმებით მათზე ვფიქრობ, მე მათთან ვარ! გალია კორნილოვა მთელ ჩემს მრავალრიცხოვან ოჯახს ახსოვს... უფალმა მომიტევოს, რომ ამ წუთას ყველა ვერ გავიხსენე! თქვენც მაპატიეთ, მეგობრებო...
P.S. ბატონი ჭაბუა რომ არ დამეღალა, დამშვიდობება გადავწყვიტე. შევთანხმდით, რომ საუბარს უახლოეს ხანებში გავაგრძელებდით. მაგრამ წამოსვლისას მან შემდეგი სიტყვები დამიწერა: „თუ აზრობრივი სწორება აუცილებელი იქნება, ამას თქვენ განდობთ“. ჭაბუა ამირეჯიბის ამ სიტყვებზე უფრო მაღალი შექება არასოდეს დამიმსახურებია...
ესაუბრა არნო ხიდირბეგიშვილი
საქინფორმი