პუბლიკაციები
თამაზ წივწივაძე: „როგორც სპილო ვერ გრძნობს მის უკანალში შემძვრალ კოღოს, ისე ვერ გრძნობს რუსეთი სააკაშვილის მუქარის სიტყვებს“

civcivazeსაქინფორმის სტუმარია ქართველი მწერალი და კრიტიკოსი, საქართველოს მწერალთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარე, ხელისუფლების მიერ იავარქმნილი გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ მთავარი რედაქტორი, ბატონი თამაზ წივწივაძე.

– ბატონო თამაზ, თქვენ ერთ-ერთი იყავით მათ შორის, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმის საქართველოსთვის დამანგრეველი შედეგები იწინასწარმეტყველეთ. გვახსოვს თქვენი სტატიები: „მიშა ბიძია, დეპოში ხართ უკვე“, „სახურავზე ამძვრალი კაცის ისტორია“ და ბევრი სხვა. პრაქტიკულად, ყველა თქვენი გამონათქვამი გამართლდა. საიდან იცოდით ეს ყველაფერი?

– ძვირფასო ქალბატონო ბაია, მიხეილ სააკაშვილი პირველად მე რუსთაველის პროსპექტზე ვნახე: კოჭებამდე დამოკლებული შარვალი ეცვა და ზემელიდან ქვემოთ მიფშვიტინებდა! ჩემი ცხოვრების მანძილზე მე ბევრი უფშვიტინე მინახავს, მაგრამ ეგ სულ სხვა იყო – იმავე შარვლიდან გადმოყრილ კოჭებზე ეტყობოდა, სულ მალე საბოლოოდ რომ დაუსტვენდა!. .  ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ!.. ხოლო შემდგომ, როცა ბატონი  მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს, რაღა დაგიმალოთ და, კარგად ჩამოყალიბებული გიჟი იყო!..

თუ გახსოვთ, ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს, თავის ნაციონალებთან ერთად, ბოლნისის ქუჩებში უკვე ქვებს ისროდა. ამის ამსახველი კადრები დღესაც ინახება საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე. ხოლო „ლიტერატურული საქართველოს“ ის ნომერი, სადაც მე საქართველოს მოსახლეობას ვაფრთხილებდი, „სახურავზე გიჟია“-მეთქი, დღესაც ინახება საჯარო ბიბლიოთეკის პრესის განყოფილებაში!.. ალბათ, ისიც გახსენდებათ, რომ მე ამ ახალგაზრდა ცრუ-რეფორმატორების გუნდს, ჟვანია-სააკაშვილის რაზმელებს, თავიანთი წარმომავლობის გამო, ქართველ ცუტუნ-დაშნაკებს ვეძახდი! იმჟამინდელ პრეზიდენტს, ბატონ ედუარდ შევარდნაძეს კი პირდაპირ ვეუბნებოდი – ახალგაზრდა რეფორმატორთა ეს ჯგუფი აწ უკვე ქვეყნის უბედურებად იქცა და მან, ვინც ამ უბედურების წარმოქმნას შეუწყო ხელი, უნდა კიდევაც აგვარიდოს იგი თავიდან-მეთქი! მეტიც ვუთხარი – ბატონო ედუარდ, თუ ამ არამზადებს ახლავე არ მოთოკავ, იმ  მგელი ტოტიას ბედი არ აგცდებათ, რომელიც მისივე გამოზრდილმა ლეკვებმა შეჭამეს!..  მეტი რაღა უნდა მეთქვა ან კიდევ რაღა მინიშნებები უნდა გამეკეთებინა?! არა ისმინა!..  თუმცა, რასაკვირველია, ქართველი ხალხის ძილ-ბურანიდან გამოყვანის მცდელობა მე ადრეც მქონდა.  დედუ! მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი!..      

– თქვენი რედაქტორობით გამომავალი გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“ პოეზიის, მართალი სიტყვის, უამრავი საინტერესო მოსაზრების ასპარეზს აძლევდა ქართველ საზოგადოებას. მიუხედავად ამისა,  ხალხს ახსოვს, რა „ზარ-ზეიმით გამოაძევეს“ და როგორც დაარბია  გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ რედაქცია ხელისუფლებამ. ფიქრობთ თუ არა, რომ საზოგადოებამ სათანადოდ ვერ შეაფასა და არ დადგა ქართული მწერლობის გვერდით მაშინ, როდესაც ქართული მწერლობა და ეკლესია არის ის ფენომენი, რომელიც ყოველთვის საქართველოს გადარჩენის სადარაჯოზე იდგა და დგას. წლების განმავლობაში გამომავალი და  ქართველთათვის   მნიშვნელოვანი  „ლიტერატურული საქართველოს“ გამოცემა უნდა აღდგეს. შესაძლოა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მაინც გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც ამ გაზეთის გამოცემის მნიშვნელობას დააფასებს...

– არ ვაჭარბებ, „ლიტერატურულმა საქართველომ“ მართლაც დიდი როლი ითამაშა ამჟამინდელ ხელისუფლებაში მყოფი „ერისშვილების“ (აქ ამ სიტყვას ვირიშვილების გაგებით ვხმარობ!) გამოაშკარავებაში! ამ გაზეთის გამოცემას ცოტა კიდევ რომ გაეძლო – ფინანსური მხარე მაქვს მხედველობაში – დღევანდელი ავტორიტარული რეჟიმი კარგახნის დაქცეული იქნებოდა. ამ ხელისუფლების შიშით, როცა ცაში ფრინველი ვერ ჩნდებოდა და მიწაზე ჭიანჭველა, ამ დროს „ლიტერატურული საქართველოს“ ფურცლებიდან მე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ვამუნათებდი – „ მე ისეთ ქართველს რა ვუთხარ, ვინც სომეხი სააკაშვილის ნაცში მიძვრება“-მეთქი! არც იმას გამოვრიცხავ, ბაია, დადგება დრო, როცა ახალ ხელისუფლებაში მოსული ადამიანები მიხვდებიან, რომ ლიტერატურული გამოცემების, გაზეთ „ლიტერატურული საქართველოსა“ და ჟურნალების – „დილის“, „მნათობისა“ და „ცისკრის“ – გარეშე ცხოვრება, უბრალოდ, უხერხულია...

რას იტყვით იმ გამონათქვამებზე, რომლებითაც პრეზიდენტმა უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორეს რუსეთის პატრიარქთან ვიზიტი დაახასიათა? სააკაშვილის რეჟიმი პატრიარქს ყოველთვის ებრძოდა, მაგრამ პრეზიდენტი ღიად დაპირისპირებას ერიდებოდა. უკვე ამასაც აღარ ერიდება?

– სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის ეს გამონათქვამები არც მომისმენია და არც წამიკითხავს. ამის მიუხედავად, ვხვდები, თუ რა სიბინძურეს ამოაფრქვევდნენ ეს სალახანები მისი უწმიდესობის მისამართით! ამასთან დაკავშირებით რა უნდა ვთქვა, გარდა იმისა, მამაზეციერს რომ ვთხოვო: შეუნდე, მამაო, ამათ, რამეთუ არ იციან, რასა იქმან!..

ხელისუფლების მლიქვნელები და მედროვეები ყველა დროის  მთავრობისას   არსებობდნენ. არიან ახლაც. ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ ბევრი ასეთი ადამიანი გაააქტიურა. ივანიშვილის ნდობის მოპოვებით ახალ მთავრობაში გადმობარგებას ბევრი შეეცდება. ზოგიც გულწრფელი იქნება. რას ურჩევდ თამაზ წივწივაძე ბატონ ბიძინას – როგორ უნდა გაარჩიოს გულწრფელი კაცი გამორჩენის მიზნით მასთან მისული ადამიანებისგან?

– სხვა დროსაც მითქვამს, რომ ჩვენ გაჭირვების ჟამს ბატონი ბიძინა ივანიშვილი ღმერთმა გამოგვიგზავნა საკუთარი დედის – მარიამ ღვთისმშობლის წილხვდომი ქვეყნის გადასარჩენად! ასე რომ, ძვირფასო ბაია, როცა ღმერთი და „სახედ თვისა გაჩენილი“ ადამიანი ერთ მხარესაა, სატანაც ვერაფერს დაგვაკლებს! მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად სატანად თვით სააკაშვილი იგულისხმება!..

ბიძინა ივანიშვილი ბიზნესიდან მოსული კაცია, ამ სფეროში კი ვერავითარ წარმატებას მიაღწევ, თუკი იმდენიც არ შეგიძლია, ერთმანეთისგან გულწრფელი და არაგულწრფელი ადამიანი გაარჩიო! ამიტომ არა მგონია, ბატონ ბიძინას ამ კუთხით ჩემი რჩევა დასჭირდეს –მითუმეტეს, ჩემნაირი პიროვნებისგან, ვისაც ქალის გულწრფელობის ამოცნობა შეუძლია, კაცისა კი – არა!..

ბატონო თამაზ, არ მინდა, ზოგიერთებივით  ბიძინა ივანიშვილისადმი დითირამბები და მლიქვნელობა გამოგვივიდეს, მაგრამ არ შემიძლია, არ გკითხოთ. როგორც საზოგადოების უმეტესობა, თქვენც ფიქრობთ, რომ პოლიტიკაში მის შემოსვლას ქვეყნისთვის სიკეთის მოტანა შეუძლია?  ადამიანი, რომელიც  ქველმოქმედების აფიშირებას არ ახდენს, ის, ალბათ, თავის ქვეყანასაც ასევე უხმაუროდ გაუკეთებს სიკეთეს...

– ყოველგვარი დითირამბების გარეშე ვაცხადებ: ამ კაცს მარტო სიკეთის მოტანა კი არა, საქართველოს გადარჩენაც შეუძლია!..

ბევრი ჩვენი თანამოქალაქე მიიჩნევს, რომ დღევანდელი ხელისუფლების არასწორმა დიპლომატიურმა გამონათქვამებმა და პოლიტიკურმა სვლებმა შეგნებულად გაართულა მეზობელ რუსეთთან ურთიერთობა. საერთაშორისო თანამეგობრობაც კი, ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების აუცილებლობაზე მიუთითებს. რუსეთში პოლიტიკური სიტუაცია აშკარად იცვლება. დაკარგული ტერიტორიების თემიდან გამომდინარე, რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგება თუ მიგაჩნიათ საჭიროდ?

ამ უზარმაზარ ქვეყანასთან ურთიერთობების მოწესრიგება აუცილებელი პირობაა, ქართველმა ხალხმა თავი უსაფრთხოდ რომ იგრძნოს! რუსეთ-სააკაშვილის დაპირისპირებაში მე რუსეთი სპილოს მაგონებს, სააკაშვილი კი იმ კოღოს, რომელმაც რამდენიმე სეზონი სპილოს უკანალში გამოიზამთრა და სიკეთისთვის მადლობა გაზაფხულზე გადაუხადა!.. გახსოვთ, ალბათ, რა პასუხი გასცა მაშინ სპილომ კოღოს – „მე რა სამადლობელს მიხდი, როცა იქ შენი არც შეძრომა გამიგია და არც გამოძრომაო!“

ასეა, ძვირფასო, ამხელა სახელმწიფოს სულ ტყუილად უჩხიკინებს უკანალში ჯოხს სააკაშვილი! როგორც სპილო ვერ გრძნობს მის უკანალში შემძვრალ კოღოს, ისე ვერ გრძნობს რუსეთი სააკაშვილის მუქარის სიტყვებს!..

– ხელისუფლება უპირისპირდება ყველანაირ განსხვავებულ აზრს. მან ქართული სამოციქულო ეკლესიაც კი არ დაინდო და სრულიად  საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქ ილია მეორეს რუსეთის პატრიარქთან ვიზიტს პრეზიდენტმაც და სახელისუფლებო ტელევიზიების საინფორმაციო საშუალებებმაც  „შტურმით“ უპასუხეს. რამდენად მომგებიანია ნებისმიერი ხელისუფალისთვის, თანაც საქართველოში, ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობელისადმი ასეთი დაპირისპირება, თუ ეს უკვე აგონიის ბოლო სტადიაა?

ესენი არაეკლესიური ხალხია – მეტი საერთო იეღოველებთან აქვთ, ვიდრე მართლმადიდებელ ქრისტიანებთან. მე ვერ დავიჩემებ, ღრმად მორწმუნე ადამიანი ვარ-მეთქი, მაგრამ ამათთან შედარებით საეკლესიო წმინდანად გამოვიყურები! ერთი სიტყვით, დღევანდელი ხელისუფლების ერთად აღებულ ყველა წევრს მისი უწმიდესობის კვერთხის ფასიც კი არ ადევს! ამაოა ამათი მცდელობა. ამ რეჟიმის მიერ ნასროლი ლაფი ქართულ ეკლესიას ვერ შებილწავს!  როგორც კამეჩთან მოჭიდავე ხარს, არც ეკლესიასთან მორკინალ ამ ხელისუფლებას შერჩება თავზე რქები! არადა, ესენი, თავზე დიდი რქები რომ ადგათ, მხოლოდ ამით არ არიან საინტერესონი!..

ბატონო თამაზ, ხელისუფლების ფავორიტები ქართული კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლების მიერ ივანიშვილის მხარდაჭერას მისგან ინტელიგენციის დაფინანსების ფაქტორით ხსნიან და არა იმით, რომ ხელისუფლებამ გაანადგურა ქვეყანა და ხალხს ამიტომ აღარ მოსწონს. პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას ურჩევნია, საზოგადოებას ისეთი სამსახურები ჰქონდეს, რომ ღირსეული ადამიანებიცა და ხალხიც დახმარებას არ საჭიროებდნენ. ხელისუფლებამ, მისი მეხოტბეების გარდა, ქართველი საზოგადოებისა და კულტურის საუკეთესო ნაწილი, ფაქტობრივად, ულუკმაპუროდ დატოვა. იყო თუ არა ასეთ პირობებში ივანიშვილის მატერიალური მხარდაჭერა ქართული კულტურისა და ხელოვნების გადარჩენისთვის გადადგმული ნაბიჯი? საზოგადოების გაღიზიანებული ნაწილი ხელისუფლებას რატომ არ უყენებს იმ პრეტენზიებს, რაც ივანიშვილის მიმართ გაუჩნდა – „მე უფრო მიჭირდა და რატომ არ მეხმარებოდა“?..

– მოხდა ისე, რომ ერთ დღეს საკუთარი ხელისუფლებისგან განწირული ინტელიგენცია ღმერთისა და ივანიშვილის ამარა აღმოჩნდა! შიმშილით სიკვდილი თითქმის გარდაუვალი იყო! ღმერთმა – სულიერი შემწეობით, ივანიშვილმა კი მატერიალური დახმარებით ეს ხალხი ფიზიკური განადგურებისგან იხსნა! მე კი, როგორც სხვა დროს, ახლაც უპატრონოდ დავრჩი!.. მაგრამ მიხაროდა ის, რომ ჩემს ქვეყანას ივანიშვილმა ჩემზე ათასჯერ აღმატებული პიროვნებები შიმშილით სიკვდილისგან გადაურჩინა! ეს კაცი არც ჩემს „ლიტერატურულ საქართველოს“ დახმარებია, მაგრამ, სამაგიეროდ, იმდენი კულტურული ძეგლი და იმდენი კულტურული დაწესებულება გადაარჩინა, ჩემი ობოლი და საწყალი გაზეთი იმათთან რა მოსატანია!..

და მაინც, მე უბედნიერეს ადამიანად ვთვლი თავს, რომ დღევანდელი თაობის საქართველოში არსებობს ღვთის კაცი, რომელსაც თავისი ღვთიური საქციელით შეუძლია, სამშობლო გადამირჩინოს!.. მე ასეთ ადამიანს, თუ ჩემი ძალისხმევით ვერაფერს შევეწევი, იმდენს მაინც მოვახერხებ, ფეხები დავბანო!..

დაბოლოს, ბატონო თამაზ, როგორც ჭეშმარიტი მამულიშვილი, რას უსურვებდით საქართველოს და ქართველ ხალხს და რას ელით საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნებისაგან“?

ქართველი ხალხისგან მხოლოდ გამოღვიძებას და „დეპოდან გამოსვლას“ ველი! ხოლო საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართული ოცნებისგან“ იმ დიდი ოცნების აღსრულებას, „რასაც დღენიადაგ ნატრულობს ჩუმის ნატვრითა ქართველი“...

 

ესაუბრა ბაია ამაშუკელი

საქინფორმი