რელიგია
ილია მეორე: „წმინდა მიწას არ უნდა შევეჩვიოთ და მისი თაყვანისმცემლები შორიდან უნდა ვიყოთ“

ilia-ierusalimiთბილისი, 27 თებერვალი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია მეორეს განცხადებით, „ჩვენ წმინდა მიწას არ უნდა შევეჩვიოთ და წმინდა ადგილების თაყვანისმცემლები შორიდან უნდა ვიყოთ“.

ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქმა გუშინ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომელზეც უწმიდესმა და უნეტარესმა ისრაელში ვიზიტზე ისაუბრა.

„წმინდა მიწამ შეჩვევა იცის. ამ დროს ადამიანს ავიწყდება, რომ ის წმინდა მიწაა და ხშირად იქ ჩვეულებრივად იქცევა. წმინდა მიწაზე არის დიდი სიწმინდე და მასთან ერთად დიდი ბრძოლებიც. კეთილი და ბოროტი განსაკუთრებით წმინდა მიწაზე იბრძვის. ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გვქონდა და სიწმინდესთან რამდენიმე შეხება. უპირველეს ყოვლისა, მაცხოვრის საფლავთან მივედით. ეს ჩემი მეოთხე ჩასვლა იყო და ამას არცერთი წინა მისვლა არ შეედრებოდა. უფალი საქართველოსთან ძალიან ახლოს იყო და ვიგრძენი, რამდენად უღირსები ვართ ჩვენ, პირადად, მე და მთელი საქართველო და რამდენად დიდია მოწყალება უფლისა. ჩვენ არაფერი შეგვეძლო, გარდა იმისა, რომ უფლისთვის გვეთხოვა – მუდამ ჩვენთან იყოს. როგორც დავით წინასწარმეტყველი ამბობს, „უფალო, შენი ვარ, მაცხოვნე მე“, – ბრძანა უწმიდესმა და უნეტარესმა.

კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებით, საქართველოდან მეფე დავით წინასწარმეტყველის გადასაფარებელი წაიღეს.

„ისეთი გრძნობა გვქონდა, რომ დავით მეფე ამ ზეიმში მონაწილეობდა და მან ეს, როგორც უდიდესი საჩუქარი, მიიღო“, – ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა.

ამასთან, პატრიარქმა იორდანიაში ვიზიტზეც ისაუბრა.

„ეს საოცრება იყო. უფალი ჩვენ შორის იდგა. ჩვენც მდინარე იორდანეში შევედით და ამ დიდ მადლს ვეზიარეთ. საოცარი იყო, ასევე, ჩვენი შესვლა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში. ეს საკმაოდ დიდი ტაძარია და ქართველ ხალხს ვერ იტევდა. „ქრისტე აღსდგას“ გალობდნენ და ყველა გაოცებული იყო ამის ნახვით. ეს იყო ცისა და ქვეყანის შეერთება“, – ბრძანა ილია მეორემ.

კათოლიკოს-პატრიარქმა რაბინებთან გამართულ შეხვედრა გაიხსენა და განაცხადა, რომ დაპირისპირებულ ებრაელთა მეთაურები მათ ჩასვლასთან დაკავშირებით გვერდიგვერდ დასხდნენ.

„საუბარი იყო იმაზე, რომ მუსლიმანები დღეში 6-ჯერ ლოცულობენ. მე დავინტერესდი, რამდენჯერ ლოცულობდნენ თავად და მიპასუხეს – სამჯერო. მაშინ ვკითხე, რატომ ლოცულობდნენ სამჯერ, როდესაც ფსალმუნში წერია, რომ 7-ჯერ უნდა ილოცო. ისრაელის პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩემს ამ წინადადებას მათ შესთავაზებენ, თუმცა შიშობდა, შეიძლება ამ შეთავაზების შემდეგ საერთოდ აღარ ილოცონო, თუმცა, რა თქმა უნდა, ილოცებენ“, – ბრძანა უწმიდესმა.

პატრიარქის განცხადებით,  იორდანიის ახალგაზრდა მეფესთან მას თბილი შეხვედრა ჰქონდა.

„ძალიან დიდი სითბოთი მიგვიღო და დაგვპირდა, რომ საქართველოშიც ჩამოვა. კიდევ ერთხელ მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ არ უნდა შევეჩვიოთ და წმინდა ადგილების თაყვანისმცემლები შორიდან უნდა ვიყოთ. ჩვენი თავი უღირსად უნდა მიგვაჩნდეს, რომ ასე სიწმინდეებს ახლოს შევეხოთ. უნდა გვახსოვდეს, ჩვენი დიდი მამა დავით გარეჯელი, რომელიც წმინდა მიწაზე ჩავიდა და საკუთარი თავი ღირსად არ მიიჩნია, ქალაქში შესულიყო, კედელთან მივიდა, ემთხვია, სამი ქვა აიღო და უკან წამოვიდა. ეს იყო უდიდესი მადლი, რის შემდეგაც იერუსალიმის პატრიარქს ჰქონდა გამოცხადება, რომ ქართველმა ბერმა მთელი მადლი წაიღო. მას ორი ქვა ჩამოართვეს და ერთი დაუტოვეს, რომელსაც მადლის ქვა ეწოდება და ჩვენთან ინახება. მე იმედი მაქვს, რომ ძველი დრო დაბრუნდება, როცა ქართველები წმინდა მიწაზე მოღვაწეობდნენ. წმინდა მიწის, იერუსალიმის მადლი და წყალობა, იმ ტაძრებისა და მონასტრების მადლი და წყალობა თქვენ შეგეწიოთ და სრულიად საქართველოს. იმ მადლს, რომელიც იქ ტრიალებს, ზოგი გრძნობს, ზოგი – ვერა. გულის კარი უნდა გააღოთ, რათა უფალი თქვენთან შემოვიდეს“, – ბრძანა პატრიარქმა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია წმინდა მიწაზე 16 თებერვალს გაემგზავრა და სამშობლოში შაბათს დაბრუნდა.