პუბლიკაციები
არნო ხიდირბეგიშვილი: „სააკაშვილი რას არ გაიღებდა, ჩემს ადგილას რომ ყოფილიყო და პუტინისთვის მილოცვის შესაძლებლობა ჰქონოდა!“

1milocvaსაინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტო „საქინფორმმა“ და მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა 5 მარტს, დილით, ვლადიმერ პუტინს გაპრეზიდენტება მიულოცეს. ცხადია, ამ ფაქტმა საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ამიტომ დღეს „ასავალ-დასავალის“ სტუმარია „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი.

– დიახ, მე მივულოცე პუტინს პრეზიდენტობა და ამით პრეზიდენტ სააკაშვილის გასაკეთებელი გავაკეთე. ალბათ, საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბევრს გაიღებდა, რომ მსოფლიო ლიდერების, მათ შორის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მსგავსად, პუტინისთვის მიელოცა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მილოცვა – ჩვეულებრივი კულტურის და პოლიტიკური ეთიკის ამბავია, როგორც, სხვათაშორის, სამძიმარი: საქართველოს პრეზიდენტი 2008 წლის 5 დეკემბერს რუსეთის პატრიარქ ალექსი მეორს დაკრძალვაზე რომ წასულიყო ან, უბრალოდ, სამძიმარი გაეგზავნა, იქნებ დღეს რუსულ-ქართული ურთიერთობები მოგვარებულიც ყოფილიყო! ცხადია, მილოცვის შემდეგ ჩემი მისამართით იყო შეურაცხმყოფელი კომენტარი სოცქსელებში და ადგილობრივ ინტერნეტფორუმებზე. თუმცა იმ ადამიანების რიცხვი ბევრად ჭარბობდა, ვინც ჩემსავით ფიქრობს.

თქვენი აზრით, სააკაშვილს მართლა უნდოდა, რომ პუტინისთვის მიელოცა?

– რა თქმა უნდა. დღეს უკვე ცხადია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ეძებს კრემლთან მისასვლელ გზას: ეს არის ის, რაც ჩვენ ვიცით – ანუ სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთთან, რუსი ტურისტების თუ ბიზნესმენების დაპატიჟება და საქართველოს ხმა რუსეთის ВТО-ში გასაწევრებლად, და ისიც, რაც კულისებს მიღმაა და ჩვენ ჯერ არ ვიცით. ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ სააკაშვილმა 2004 წელს, როცა პრეზიდენტი გახდა, თავისი პირველი ვიზიტი ამ სტატუსით სწორედ მოსკოვში, პუტინთან განახორციელა. რაც შეეხება მილოცვას – იქ, სხვათა შორის, მისალოცი სულ ორი წინადადებაა, დანარჩენი კი სურვილებია, ჩემი ხედვა და, თუ გნებავთ, თხოვნა... არის ასეთი გამოთქმა: „აზრზე მოდი – ხიდზე გადი!“ ჰოდა, ხიდირბეგიშვილი ვარ და რუსეთთან ხიდის აღდგენა ბევრჯერ შევთავაზე. მე მივმართავ ყველას, ვისაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეუძლია, რომ ეს რუსეთის გარეშე შეუძლებელია!

მე მახსოვს პუტინის სიტყვები პრიმაკოვის დაბადების დღეზე: „Вопрос Грузии – решаемый!”; მე მახსოვს, თუ როგორ დააბრუნა პუტინმა ლტოლვილები გალში შევარდნაძის ერთი სატელეფონო თხოვნით; მე მახსოვს, რომ პუტინი ქართველ ხალხზე ყოველთვის მარტო კარგს ლაპარაკობდა და 2008 წლის აგვისტომდე მუდმივად აღიარებდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ოკუპანტია...

– თქვენ გინდათ, თქვათ, რომ ყველა ქვეყანამ ოკუპანტს მიულოცა?! და, საერთოდ, ახლა გახდა რუსეთი ოკუპანტი?! რა, აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში სააკაშვილამდე რუსის ჯარი არ ყოფილა? მაშინ გამოდის, რომ 2004 წელს სააკაშვილი ოკუპანტ პუტინთან წავიდა ვიზიტით?! და, საერთოდ, სად გინახავთ, რომ ოკუპანტი ოკუპირებულზე ცუდად ცხოვრობდეს?! მითხარით, ვინ ცხოვრობდა უკეთესად საბჭოთა კავშირის დროს საქართველო თუ რუსეთი?! სად გინახავთ, რომ ოკუპანტი ხელს უწყობდეს ოკუპირებულის გამრავლებას?! რა, გეორგიევსკის ტრაქტატამდე საქართველოს მოსახლეობა 750 ათასს აღემატებოდა? მათ შორის, ქართველების რაოდენობა 300 ათასს? და საბჭოთა კავშირის დროს 5 მილიონამდე არ ავიდა?! რა, მაშინ თბილისში სულ 3 ქართული და დაახლოებით 100 სომხური ეკლესია არ იყო?

არ მინდა ახლა ილიას და გალაკტიონის ციტირება – რუსეთზე, როგორც საქართველოს გადამრჩენელზე და ქართველების მეგობრობის აუცილებლობაზე რუსებთან – ეს ისედაც ყველასთვის ცნობილია. მაგრამ, ამავე დროს, საინტერესოა – თუ ჩვენ ყველაფერ საბჭოურს ვებრძვით, ყველა დროისა და ხალხის დისიდენტებს გმირებად ვთვლით და რუს ოპოზიციონერებს საქართველოში დიდი პატივით ვხვდებით, რატომ ვერ ვიტანთ აქ, საქართველოში, ოფიციოზისგან განსხვავებულ აზრს?! რატომ არის ასეთი ორმაგი სტანდარტი, რატომ არიან ისინი გმირები და საქართველოში, ვისაც თავისი აზრი გააჩნია, ავტომატურად სამშობლოს მოღალატე და კრემლის აგენტია?  

დავუბრუნდეთ თქვენს მილოცვას, პუტინის მიერ შექმნილ ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრებას და თქვენს ფორმულას: საქართველო+რუსეთი = საქართველო+აფხაზეთი+სამხრეთ ოსეთი. თქვენ თქვით, რომ საქართველოს გამთლიანება ჩვენ უნდა მოვასწროთ პუტინის პრეზიდენტობის დროს...

–დიახ, იგივე თქვა თავის მილოცვაში პუტინის მიმართ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. მოდი, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ – როგორ განვითარდებოდა მოვლენები და რა დღეში ჩავარდებოდა საქართველო, თუ რუსეთის პრეზიდენტი არა პუტინი, არამედ ჟირინოვსკი ან სხვა გახდებოდა! არადა, ერთიან ეკონომიკურ კავშირში გაწევრებაზე უკვე ნელ-ნელა რიგი დგება და ჩვენ ეს სწორედ რომ პუტინის, რომელიც 12 წლით არის მოსული, პრეზიდენტობის დროს უნდა მოვასწროთ: ყაზახეთისა და ბელარუსის მერე უკვე ლაპარაკია შუა აზიის ყველა სახელმწიფოზე და თვით ჩინეთზეც. ეს არის ძალიან ადვილი გასაკეთებელი, თუ პოლიტიკური ნება იქნება.

მაგრამ, ბატონო არნო, რისი იმედი უნდა გვქონდეს ადამიანისგან, რომელმაც გამარჯვების შემდეგ პირველივე განცხადება ასეთი გააკეთა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით უკან დახევას არ ვაპირებო?

– სწორედ ამიტომ არის საჭირო მოლაპარაკების დაწყება და არა ულტიმატუმებით და შეურაცხყოფებით საუბარი. მაგრამ ამას სჭირდება სხვა ხალხი, რომელსაც რუსეთში პატივს სცემენ, რუსებთან ლაპარაკი შეუძლია, იცნობს და პატივს სცემს რუს ხალხსა და კულტურას და, ამავე დროს, არის საქართველოს ჭეშმარიტი პატრიოტი! ჩვენ უნდა ვაღიაროთ დე ფაქტო დღევანდელი მდგომარეობა და უნდა ვიფიქროთ, როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, თორემ მერე მოხდება რაღაც ფორსმაჟორი და ყველაფერი დამთავრდება ძალიან ცუდად. 

იქნებ უფრო გასაგებად აგვიხსნათ, რა საშიშროებაზე საუბრობთ?

– გახსოვთ სააკაშვილის ამასწინანდელი გამოსვლა პარლამენტში და მისი სიტყვები: „ბევრი მეკითხება, სად ვიქნები 2013 წელს? მე მათ ვპასუხობ, რომ ლაზიკაში ვიქნები!“ თქვენ რა, გგონიათ, ეს წამოსცდა?! არა. საქართველოს საბოლოოდ დაქუცმაცების სუნი მცემს. როგორც მიგვიღო რუსეთმა ნაწილ-ნაწილ და გაგვაერთიანა ერთ სახელმწიფოში, იმავე მდგომარეობაში დაგვტოვებს... და ლაზიკა, როგორც ადრეც ვთქვი თქვენს გაზეთთან ინტერვიუში, იქნება აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზა! რა გგონიათ, თითქმის ყველა სამთავრობო დაწესებულება და პარლამენტი რატომ გადადის ქუთაისში?! ელცინის წინადადება ზუსტად ახლა ასრულდება: იქნება დასავლეთ საქართველო დედაქალაქით ქუთაისი, და აღმოსავლეთ საქართველო დედაქალაქით თბილისი. სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი დამთავრდება იმით, რომ სამცხე-ჯავახეთს სომხეთს მისცემენ, ქვემო ქართლს აზერბაიჯანს, ანუ მხარეები მიიღებენ კომპენსაციას ქართული ტერიტორიების ხარჯზე, და აჭარა ყარსის ხელშეკრულებით თურქეთის ხელში გადავა. აი, ეს შეიძლება მოხდეს და ამისი მეშინია! თუმცა რაღაც იმედი არსებობს, რომ მოვლენები ამ სცენარით არ განვითარდება. ალბათ ობამა და პუტინი ამა წლის მაისში რაღაცაზე მოილაპარაკებენ...

სააკაშვილმა პირველი ნაბიჯი გადადგა, სავიზო რეჟიმი გააუქმა. ეს ფაქტი თუ შეცვლის რუსეთის ლიდერების დამოკიდებულებას მის მიმართ?

– სააკაშვილს რუსეთის ლიდერებთან მოლაპარაკების შესაძლებლობა არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ „ვარდების რევოლუციის“ დროს სამივე ლიდერი – ბურჯანაძეც, ჟვანიაც და სააკაშვილიც, იყო პრორუსი და ყველაზე მეტად – სააკაშვილი, დღეს მას პუტინი არ დაელაპარაკება.

როგორც ვიცი, პუტინის მილოცვას კრიტიკისა და ლანძღვის გარდა, ერთი უსიამოვნო ინციდენტიც მოჰყვა...

– იმ დღეს, როცა ჩვენი მილოცვა გამოქვეყნდა, რედაქციაში ჯერ დარეკა და მერე მოვარდა გაურკვეველი სქესის პატარა პუტკუნა არსება, რომელიც, რედაქციაში პატრულის პოლიციის ყოფნით გათამამებული, ჩემი მისამართით წვრილი, ისტერიკული ხმით უშვერ სიტყვებსა და მუქარებს წარმოთქვამდა. ბიჭუნა სიტყვიერი გაფრთხლების შემდეგ სახლში გაუშვეს, არადა, მას ძალიან უნდოდა, მისთვის ტკივილი მიმეყენებინა. თქვენ ხომ გესმით, რაზე ვსაუბრობ?! მაგრამ ეს სიამოვნება არ მივანიჭე და მივმართე პროკურატურას, რათა აღიძრას საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით. ზოგი შედის ისტორიის ანალებში თავისი დამსახურებებით, ზოგი კი – თავისი ანალებით...

 

ესაუბრა ნონა ბენდელიანი

www.asavali.ge