რელიგია
დეკანოზი ხარაზიშვილი: „არც აფხაზები, არც ოსები ქართველები არ გამხდარან, მათ თვითმყოფადი საზოგადოებრივი წყობა და ენა შეინარჩუნეს!“

protoiereiთბილისი, 6 აპრილი, საქინფორმი. 2012 წლის 4-7 აპრილს ქალაქ ტრებინეში (სერბეთის რესპუბლიკა) ტარდება მართლმადიდებელ ხალხთა ერთიანობის საერთაშორისო საზოგადოებრივი ფონდის XVIII კონფერენცია თემაზე „ევროინტეგრაცია და ხალხთა იდენტურობის პრობლემები“.

5 აპრილს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით  კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა დეკანოზი გიორგი ხარაზიშვილი. მისი გამოსვლის ტექსტს საქინფორმი სრულად აქვეყნებს.

ღრმად პატივცემულო კონფერენციის მონაწილეებო, საყვარელო ძმანო და დანო!

კიდევ ერთხელ მოგესალმებით საქართველოს უძველესი მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წინამძღვარის - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია მეორეს სახელით!

მინდა, გითხრათ, რომ საქართველოში სიტყვა „ევროინტეგრაცია“ უკვე ყველასათვის ჩვეული გახდა. მაგრამ რა მოაქვს მას? სიხარული? შფოთვა? რას უნდა ველოდოთ ამ პროცესისგან?

ახლავე გეტყვით: ჩვენი ხალხი მხარს უჭერს ევროპულ სახელმწიფოებთან მაქსიმალურად დაახლოებას. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპელები ვართ; არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათი კულტურა ჩვენთვის ახლობელია, რომ ქრისტიანობა ევროპული სულიერების ნაწილია და მისი მემკვიდრეობა არ დაკარგულა – ევროპული კონტინენტის მზარდი სეკულარიზაციის პირობებშიც კი რელიგია წარსულის გადმონაშთად არ ქცეულა. ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი სხვა რამ, უდავოდ, ძალზე მნიშვნელოვანია.

მაგრამ არსებობს წმინდად პრაგმატული სარგებლობაც. მძლავრ ევროპულ გაერთიანებასთან მჭიდრო ურთიერთობა ხელს შეუწყობს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობას იმ ამოცანების გადაწყვეტაში, რომლებიც მათ ერთობლივ ინტერესს წარმოადგენს და ეკონომიკური, სოციალური, მეცნიერულ-ტექნიკური ხასიათის მოთხოვნილებებს უკავშირდება. ინტეგრაცია უსაფრთხოების კუთხით მიღწევად გვევლინება და გამორიცხავს ომს როგორც საერთაშორისო უთანხმოებათა გადაჭრის საშუალებას.

ევროინტეგრაცია ევროპული სახელმწიფოების ეკონომიკისა და პოლიტიკური სისტემების დაახლოების პროცესი, ეს არის ბევრად განსხვავებული ქვეყნებისა და ხალხების ცივილიზაციური საფუძვლების დაახლოება. ერთი სიტყვით, ევროპული ოჯახის წევრობას მრავალი პლუსი აქვს. მაგრამ შფოთი იმიტომ გავიხსენე, რომ ევროინტეგრაცია ურღვევად უკავშირდება გლობალიზაციას...

ვიდრე ამასთან დაკავშირებით ჩემს მოსაზრებებს გაგიზიარებთ, მინდა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია მეორეს სიტყვები მოვიხმო: მიმაჩნია, რომ გლობალიზაციის საყოველთაო პროცესში, რომელშიც, როგორც იცით, ორი მხარეა სუბიექტი და ობიექტი, ჩვენ, პატარა ერები, ობიექტები ვართ. და სუბიექტებს ჩვენი შეცვლა სურთ, რათა ჩვენი ეროვნული ფასეულობები დავკარგოთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს ნაჭუჭში უნდა დავიმალოთ პირიქით, უნდა მივიღოთ ყოველივე დადებითი, რისი შემოტანაც შეუძლია ჩვენს ცხოვრებაში გლობალიზაციას, ზოგადსაკაცობრიო მიღწევები. თუმცა, ამასთან, აუცილებელია ჩვენთვის ესოდენ ძვირფას ფასეულობებთან  ძალზე ფრთხილი მიდგომა, დასავლეთი და იქ მცხოვრები ხალხები ხომ მათ საკმაოდ ხშირად ვერ აღიქვამენ მათთვის ეს სრულიად განსხვავებული, უცხო კატეგორიებია.

ეროვნული ფასეულობებისადმი ფაქიზ მოპყრობაზე პატრიარქი ძალზე ხშირად ლაპარაკობს, იმიტომ, რომ ევროინტეგრაციის პროცესში სწორედ სულიერი და კულტურული ფასეულობების დაკარგვას ვრისკავთ! არა, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ის ერების ერთგვარი „გადასადნობი ქვაბის“ აღმართვას ვარაუდობს. პირიქით, ევროპაში ძლიერია რეგიონალიზმი, მცირე ხალხებისა და სუბეთნოსების მიმართ ინტერესი. მაგრამ ევროინტეგრაცია „შვედური მაგიდა“ არ არის, სადაც კერძების არჩევა მხოლოდ საკუთარი გემოვნებითა და სურვილით შეიძლება. მცირე ხალხები ევროპულ ოჯახში შესვლის შემდეგ იძულებული იქნებიან, ყურად იღონ ერთიანი ევროპის „დამაარსებელ მამათა“ ხმა, შეეგუონ იქ დამკვიდრებულ წყობილებებს, ხოლო ამ შეგუებით შესაძლოა, ბევრი რამ დაკარგონ, რაც მთავარია – თვითმყოფადობა...

ევროპულ თანასაზოგადოებასთან კუთვნილების ატრიბუტთა არსებობა (საერთოევროპული მოქალაქეობა, საერთო ვალუტა, საზღვრები, დროშა, ჰიმნი) დროთა განმავლობაში უცილობლად სერიოზულ ზემოქმედებას მოახდენს ევროკავშირში შემავალი სახელმწიფოებისა და ხალხების საშინაო ცხოვრებაზეც. ეს კი გამოიწვევს ეროვნული იდენტობის ტრანსფორმაციის პროცესს და, ასე ვთქვათ, ეროვნულსზედა ფენომენის წარმოშობას ერთიანი, თითქმის მთელი ევროპული კონტინენტისათვის დამახასიათებელი პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური და კულტურულ-ფასეულობითი სტანდარტებით.

მაგრამ უფალმა თავისი ნებით ჩვენ განსხვავებულები შეგვქმნა! ყოველ ქვეყანას, ყოველ ხალხს თავისი ეროვნული, ისტორიული, მორალური თავისებურებები აქვს. ჩვენ ევროპული გარემოს ნაწილი ვართ, მაგრამ ჩვენი ცხოვრების ნორმები, წეს-ჩვეულებები, ტრადიციები, წინაპართა ანდერძები გვაქვს, და ისინი უნდა დავიცვათ და წმიდად შევინახოთ! სხვაგვარად საკუთარ თავს აღარ ვემსგავსებით, ჩვენს ჭეშმარიტ სახეს დავკარგავთ. არ უნდა ვეცადოთ, ისე მოვიქცეთ, როგორც სხვები: შედეგად სხვები ვერ გავხდებით, ქართველები კი აღარ ვიქნებით! ჩვენ ვალდებული ვართ, მომავალ თაობას გადავცეთ ის, რაც წინაპრებმა დაგვიტოვეს: ჩვენი ეროვნული კულტურა, ჩვენი რელიგია, ჩვენი ცხოვრების წესი.

ევროკავშირში შემავალი დიდი სახელმწიფოებისთვის, რა თქმა უნდა, საკუთარი სახის, ეროვნული იდენტობის შენარჩუნება უფრო ადვილია, ხოლო მცირეთ, ისეთებს, როგორიც საქართველოა, სიმტკიცის, მამაცობის გამოვლენა მართებთ, რათა სხვებში გათქვეფა თავიდან აიცილონ. აზრი არ აქვს იმის დამალვას, რომ ჩვენი მხრიდან დიდი ევროპული სახლის ზღურბლზე გადაბიჯების სურვილი სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სოციალური პირობების გაუმჯობესების, ცხოვრების ევროპულ სტანდარტებთან მიახლოების იმედებს უკავშირდება. თუმცა თვით ევროპის ხალხებიც კი არ აღმოჩნდნენ მზად ეროვნულ სახელმწიფოებზე უარის თქმისთვის. და თუკი ევროპული ქვეყნების ხელმძღვანელები, პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტა სათანადო ყურადღებით არ მოეპყრობიან თავიანთი ხალხების მზარდ უკმაყოფილებას, თუ საკუთარი სახელმწიფოების განვითარებას ეროვნულ კალაპოტში არ დააბრუნებენ, შედეგები გაცილებით უფრო სერიოზული იქნება, ვიდრე, უბრალოდ, ევროკავშირის დაშლა.

ამ ყველაფერმა და კიდევ ბევრმა სხვა ფაქტორმა განაპირობა, რომ ჩვენი „ევროოპტიმიზმი“ ფრთხილია. თუმცა კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს ქართველი ხალხის გულწრფელ სურვილზე – ორგანულად შეერწყას ევროპულ ოჯახს.

მაგრამ მანამდე ჩვენს საკუთარ ტერიტორიაზე უნდა მოვახდინოთ ინტეგრაცია, ერთიან წიაღში დავაბრუნოთ მოძმე ხალხები აფხაზები და ოსები. ეს ჩვენი ტკივილია, ჩვენი მთავარი პრობლემა. მსოფლიო საზოგადოებრიობამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოში აფხაზმა და ოსმა ეროვნებებმა, ისტორიის რთული ტრაგიკული პერიპეტიების  მიუხედავად, საკუთარი თავის, საკუთარი სახის, ენის, კულტურის, ლიტერატურის, ტრადიციების, თვითმყოფადობის შენარჩუნება შეძლეს.

მაგალითად: აფხაზეთი ყოფილი სსრკ-ის ერთადერთი ავტონომიური რესპუბლიკა იყო, რომლის კონსტიტუცია სახელმწიფო – აფხაზური ენის შესახებ მუხლს შეიცავდა. როდესაც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში ზოგიერთ ჩრდილოკავკასიურ ავტონომიასა და ოლქში მკვიდრი ეროვნებების წარმომადგენელთა შვილები მშობლიურ ენაზე სწავლის შესაძლებლობას მოკლებული იყვნენ, აფხაზეთში ჯერ 25 აფხაზური სკოლა ფუნქციონირებდა, ბოლო ხანებში კი – 73 (აფხაზური და შერეული), სადაც აფხაზურ ენაზე ხუთ ათასზე მეტი ბავშვი სწავლობდა. სოხუმში იყო აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნაციონალური ტელევიზია, რომელიც მხოლოდ აფხაზურ ენაზე მაუწყებლობდა, აფხაზეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი, დ. გულიას სახელობის ენის, ლიტერატურის, ისტორიისა და ეკონომიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, თითქმის ოცდაათი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი აწარმოებდა გამოკვლევებს, რომლებსაც ზოგადსაკავშირო და მსოფლიო მნიშვნელობა ჰქონდა. აფხაზეთის მთავრობაში ძირითადი საკვანძო თანამდებობები აფხაზი ეროვნების კადრებს ეკავათ.

ყოფილი საბჭოთა კავშირის კიდევ რომელ ნაციონალურ ავტონომიაში იყო ეროვნული წარმომადგენლობისა და ყოველმხრივი განვითარების ასეთი დონე?!

არც აფხაზები, არც ოსები ქართველები არ გამხდარან, მათ თვითმყოფადი საზოგადოებრივი წყობა და საკუთარი ენა შეინარჩუნეს! კარგი იქნება, ევროკავშირშიც ასე გადაწყვიტონ მცირე ხალხების იდენტიფიკაციის პრობლემა...

საყვარელო ძმანო და დანო! დღეს, გლობალიზაციის ეპოქაში, გამუდმებით უნდა შევახსენოთ ჩვენს სამწყსოს, რომ თანამედროვე რთულ სამყაროშიც ყველაზე მთავარი სიყვარულია, ვიქადაგოთ იესო ქრისტეს ის ორი მცნება, რომლებსაც მან თვითონ უწოდა მთავარი მცნებები: გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი მთელი შენი გულითა და სულით, მთელი შენი შეძლებით. ეს არის პირველი და ყველაზე დიდი მცნება. მეორე, მისი დარი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. რატომ არის მშვენიერი მოყვარული ადამიანი? ალბათ, იმიტომ, რომ ის უფალს წააგავს. და რაც მეტად უყვარს ადამიანს, მით მეტად ჰგავს იგი ღმერთს, რადგან სწორედ ღმერთია სიყვარული, რომლის გარეშეც დიდი და პატარა პრობლემების სწორი გადაჭრა არ არსებობს. მაშ, დაე, უფალმა მოგვანიჭოს სიყვარულის ძალა და, მაშასადამე, გმირობის ჩადენის უნარი! გმირობის გარეშე ხომ ხსნა ვერ იქნება.

გფარავდეთ ღმერთი!

(როგორც საქინფორმს კონფერენციის პრესცენტრიდან აცნობეს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლის - დეკანოზ გიორგი ხარაზიშვილის გამოსვლამ მთელი დარბაზის ხანგრძლივი აპლოდისმენტები გამოიწვია და უზარმაზარი რეზონანსი  ჰქონდა კონფერენციის მონაწილეთა შორიის, ხოლო ადგილობრივმა და უცხოურმა ბეჭდვითმა და ტელემედიამ ის ფართოდ გააშუქეს.)