პუბლიკაციები
მხოლოდ სააკაშვილსა და მის ზედამხედველებს სჭირდებათ ქართველი ბიჭების ავღანურ სასაკლაოზე გაშვება

 „მინდა, გაცნობოთ მეტად არასასიამოვნო ამბავი – ჩვენთან ჩამოდის რევიზორი!” – ალბათ, ასე, XIX საუკუნის დიდი უკრაინელი მწერლის სიტყვებით, მიმართა სააკაშვილმა თავის სავერონიკოს, რომ თბილისში რევიზიისა და ინსპექციისთვის ჩამოდიოდა ნატოს მდივანთუხუცესი. არადა, სააკაშვილის ტელევიზიებმა ნატოს ეს ინსპექტორი ლამის მსოფლიო ლიდერად წარმოგვიჩინეს.

სინამდვილეში, ისევე, როგორც ყველა მდივნის, რასმუსენის პირდაპირი მოვალეობა არის ნატოს ასამბლეისა თუ სამიტისთვის დოკუმენტების მომზადება და მისი ქსეროასლების დარიგება.

რას იზამ, მასზე უფრო მაღალი თანამდებობის პირები სააკაშვილს აღარ კადრულობენ და მისმა ტელეარხებმა ვიღაც ხომ უნდა გააპიარონ! მაღალი თანამდებობის ხალხი ივნისში გვესტუმრნენ და სააკაშვილს მშვიდობიანი წასვლა შესთავაზეს, მან კი ანჩხლი და უზნეო ბავშვივით თავისი გრძელი ფეხები გაფარჩხა და იკივლა “არ წავალ!!!”.

ხუმრობა იქით იყოს და მაინც რატომ გვესტუმრა ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი? საქმე ისაა, რომ სწორედ მისი მოვალეობაა, მოამზადოს ვარშავაში 12 ნოემბერს დაგეგმილი ნატოს 56-ე ასამბლეისა და 19 ნოემბერს ლისაბონში უმაღლესი დონის სამიტის მასალები. ვარშავის ასამბლეის დღის წესრიგში შეტანილია ალიანსის გაფართოება-არგაფართოების პერსპექტივები და რასმუსენიც სწორედ იმიტომ ჩამოვიდა თბილისში, რომ დაასაბუთოს საქართველოს საკითხის უვადოდ გადადების აუცილებლობა. ლისაბონში უმაღლესი დონის სამიტზე კი პრეზიდენტი მედვედევიცაა მიწვეული და იგი იქ სიტყვით გამოსვლას გეგმავს. არადა, დასავლეთ ევროპაში სულ უფრო ხმამაღლა გაისმის მოთხოვნა ნატოში რუსეთის გაწევრების შესახებ, რასაც ამერიკა და ყოფილი კომუნისტური ქვეყნები ეწინააღმდეგებიან. მედვედევი თანახმაა, ხოლო პუტინის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია. ამ ფონზე სააკაშვილის მოთხოვნა, რომ ნატოს ამ სამიტზე განიხილონ აგვისტოს სამდღიანი ომის შედეგები, მურმანის ეკალივითაა.

ამერიკაში ბოლო ვიზიტის დროს ბაქრაძე აქტიურად ლობირებდა სააკაშვილის აკვიატებულ სურვილს, რომ ნატოს სამიტის დოკუმენტებში ტერმინი “ოკუპაცია” ეხსენებინათ, მიუხედავად კუშნერის დამცინავი კომენტარისა. მაგრამ, ცხადია, რომ, როდესაც ნატოს სამიტი ასე ცდილობს რუსეთის მოთაფლვას და ნატოში შეტყუებას, ასეთ რამეს იქ არ გააკეთებენ. რაც მთავარია, ნატოს ამ სამიტმა უნდა გადაწყვიტოს ამ სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის სტრატეგია შემდეგი ათწლეულის განმავლობაში.

და აქ დგება საკითხი – ბუქარესტის სამიტზე მიღებულ განცხადებას, რომ უკრაინასა და საქართველოს “ოდესმე” ნატოში მიიღებდნენ, რა უყონ? ევროპაში სიდიდით მეორე ქვეყანამ, უკრაინამ, უკვე საჯაროდ განაცხადა, რომ ნატოში გაწევრების არავითარი სურვილი არ გააჩნია, თუმცა ევროკავშირში გაწევრებაზე განაცხადი უკვე შეიტანა. ისევე, როგორც ეს გააკეთეს ევროპის ყველაზე წარმატებულმა ქვეყნებმა, ფინეთმა და ავსტრიამ, რომლებიც ევროკავშირის წევრებია, მაგრამ ნატოზე უარი თქვეს.

ნატოს საერთო სტრატეგიას თანდათან გამოეთიშა თურქეთიც. ის განაწყენებულია ევროკავშირის წევრობაზე მიღებული მტკიცე უარით. მას რეგიონში ყველაზე მძლავრი და ნატოს სტანდარტებით აღჭურვილი არმია ჰყავს და ნატოს კოლექტიური “სამხედრო ქოლგა” ნამდვილად აღარ სჭირდება. თურქეთი თანდათანობით აძლიერებს ზეგავლენას ოსმალეთის იმპერიის ყოფილ წევრებსა და რუსეთის იმპერიის თურქულენოვან ქვეყნებზე და ამიტომ უკვე დაიმსახურეს ტერმინი “ნეოოსმალები”. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ სწორედ მხოლოდ თურქეთი იყო ნატოს გენერალურ მდივნად რასმუსენის დანიშვნის წინააღმდეგი.

ნატოს საბჭოს ბოლო სხდომაზე, როგორც ამას გაზეთის წინა ნომერში ვიუწყებოდით, ერთმანეთს ორი ხედვა დაუპირისპირდა – აქვს თუ არა ნატოს უფლება ევროპის გარეთ ჩაებას კონფლიქტებში? ნატოს წესდებაში პირდაპირ წერია, რომ ამ ალიანსის წევრებს მხოლოდ ორ შემთხვევაში აქვთ იარაღის გამოყენების უფლება – თავდაცვის მიზნით ან გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით. სწორედ ასეთი რეზოლუციის შედეგად შევიდნენ ნატოს ჯარები ავღანეთში, თუმცა დასავლეთ ევროპის ქვეყნები ამის წინააღმდეგი იყვნენ და, როდესაც ორი წლის შემდეგ ამერიკამ ერაყში შესვლა გადაწყვიტა, ანალოგიური რეზოლუცია გაერომ აღარ მიიღო და შედეგად დასავლეთ ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა უარი თქვეს ერაყში ჯარების გაგზავნაზე.

სიმბოლური იყო, თბილისში რასმუსენის ერთდღიან ვიზიტსა და ნატოს წარმომადგენლობის გახსნას რომ დაემთხვა ავღანეთში ნატოს ოპერაციაში ქართველი სამხედროების დაღუპვა. ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ასეთ მოვლენას ხალხის საპროტესტო ტალღა მოჰყვებოდა, ავღანეთიდან ჯარების გაყვანის მოთხოვნით. ჩვენთან კი, მცირე გამონაკლისის გარდა, ოპოზიციური პარტიები ხმას არ იღებენ. არადა, რაში გვჭირდება ისეთი “ოპოზიცა”, რომელიც ასეთ სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხში (არა მარტო ამაში) ხელისუფლებას უჭერს მხარს. საერთოდ, მინდა, მათ შევახსენო ანბანური ჭეშმარიტება, რომ ოპოზიცია მხოლოდ მაშინ გქვია, თუ განსხვავებული პოზიცია გაქვს. მაგრამ, როგორც ჩანს, ძალიან ბევრს მოვითხოვ “ოპოზიციისგან”, მაშინ, როდესაც მათ “მხოლოდ” საკრებულოსა და პარლამენტში ორიოდე სავარძელზე აქვთ პრეტენზია...

გვჭირდება კი ჩვენ ამ ომში მონაწილეობა და რას წარმოადგენს ეს ომი? სააკაშვილს რომ ეს პოსტის შესანარჩუნებლად სჭირდება, ცხადია! გავიხსენოთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის – ჰილარი კლინტონის ერთი წლის წინათ, 14 ოქტომბერს, რადიო “ეხო მოსკვის” ეთერში გამოსვლა რუსეთში ოფიციალური ვიზიტისას. იქ მან დააზუსტა, თუ რისთვის უჭერს ამერიკა მხარს ჩვენს ქვეყანას: “საქართველო ჯარისკაცებს გვაძლევს ავღანეთში საომრად.” არც აქ და არც მოსკოვის უნივერსიტეტში ანალოგიურ გამოსვლაში მას ერთხელაც არ უხსენებია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა; არც ერთი სიტყვა არ თქმულა 6-პუნქტიანი შეთანხმების შეუსრულებლობაზე ან ეთნიკურ წმენდასა და უამრავ ახალ დევნილზე. სამაგიეროდ, თქვა, რომ “საქართველო, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი თავს უნდა იკავებდნენ პროვოკაციებისაგანო”.

აი, აქედან ცხადი ხდება, რომ მხოლოდ სააკაშვილსა და მასთან დაახლოებულ ერთ-ორ პირს სჭირდება ქართველი ბიჭების სასაკლაოზე გაშვება, მაშინ, როდესაც ამ ომის გაგრძელებას ამერიკაში სულ ბოლოს გამოკითხულთა მხოლოდ 27% უჭერს მხარს.

მე აქ მინდა დავასახელო ნატოს წევრი ის ქვეყნები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის აქტიური მოწინააღმდეგეები არიან და არც მალავს ამას: გერმანია, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ბელგია, ნიდერლანდები და ლუქსემბურგი. სწორედ ეს შვიდი წარმატებული დასავლეთ ევროპული ქვეყანა არ უშვებს საქართველოს ნატოში და მომავალშიც ასე იქნება. სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ ეს კარგად იციან, მაგრამ ეს პოლიტიკური ბანკროტები მხოლოდ თავიანთი ძალაუფლების შენარჩუნებაზე ფიქრობენ და მათი ერთადერთი გამოსავალი საქართველოს მოსახლეობის მოტყუებაა, რაც თავიანთი ლაქია ტელევიზიებით არცთუ ცუდად გამოსდით.

საინტერესოა, აქვს თუ არა თვითონ ამ ალიანსს მომავალი? აი, აქ კი აზრები იყოფა: ევროპაში ბევრს მიაჩნია, რომ, თუ ნატოს ოჯახს შევადარებთ, ასეთი ოჯახი, ყველასთვის აშკარაა, რომ დაშლის პირას არის. სხვებს კი მიაჩნიათ, რომ ნატომ შეცდომა დაუშვა, როცა ავღანეთის ოპერაციაში ჩაება და ევროპის გარეთ ყოველგვარ ოპერაციებზე ერთხელ და სამუდამოდ უნდა თქვას უარი. ზოგიერთები კი უფრო შორს მიდიან და ნატოდან ამერიკის გასვლას მოითხოვენ. საინტერესოა, საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მეტამორფოზა: თუ ორიოდე წლის წინათ იგი პრეზიდენტი გახდა, როგორც “პროამერიკელი” პოლიტიკოსი, დღეს ევროპაში ამერიკის პოზიციას პირველი სწორედ თავად აკრიტიკებს.

ახლა განვიხილოთ, თუ რა იდეებია წამოყენებული ნატოს სამიტზე და რამდენად რეალურია მათი განხორციელება. როგორც ჩანს, ნატოს გაფართოება მაინც გაგრძელდება და ამის კანდიდატებად დასახელებულია სამი ბალკანური სახელმწიფო, რომლებსაც, დიდი ხანია, მინიჭებული აქვთ “მაპი”, ანუ გაწევრების პროგრამა. მაგრამ ყველაზე მოულოდნელი მაინც იყო გერმანიის წინადადება ნატოში რუსეთის მიღების შესახებ, რასაც საფრანგეთმა და იტალიამაც დაუჭირეს მხარი.

მათი არგუმენტები შემდეგია:

მშვიდობის შესანარჩუნებლად ძალიან მნიშვნელოვანია ძველი მტრების ახალ წესრიგში ჩართვა, ანუ ერთადერთი ლოგიკური გადაწყვეტილება პანევროპული წყობისა არის რუსეთის ამ ალიანსში გაერთიანება;

რუსეთის ნატოში თანდათანობითი ინტეგრაცია გააცოცხლებდა ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს, გახდიდა რა ევროპას ამერიკის უფრო ძლიერ გეოპოლიტიკურ პარტნიორად;

რუსეთის ნატოში ინტეგრაცია ევროატლანტიკურ თანამეგობრობას გაუფართოებდა გავლენის არეალს;

რუსეთის ნატოში ინტეგრირება აუცილებელია ახალი სუპერსახელმწიფოს – ჩინეთის სულ უფრო ფანტასტური ეკონომიკური და სამხედრო ზრდის ფონზე;

რუსეთის ნატოში ინტეგრაცია საშუალებას მისცემდა საქართველოს, უკრაინასა და დსთ-ს წევრებს, ისე გამხდარიყვნენ ამ ალიანსის წევრები, რომ რუსეთი არ გაეღიზიანებინათ.

სააკაშვილი მოინდომებდა კი ასეთ ნატოში შესვლას?

მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდებია და ცოტა ძნელად შესასრულებელი ჩანს, მიუხედავად პრეზიდენტ მედვედევის თანხმობისა. უფრო რეალური ჩანს, ზოგიერთი ევროპელი და ამერიკელი კომენტატორების აზრით, რომ გაისად ნატოს ავღანეთიდან გასვლის შემდეგ, იქ სრული დამარცხება ევროპამ და ამერიკამ ერთმანეთს გადააბრალონ და საბოლოოდ წაიჩხუბონ. აქამდე შიგნით არსებულ დაპირისპირებას ხელს უშლიდა ის, რომ მათ საერთო მტერი ჰყავდათ საბჭოთა კავშირის სახით, და თუ საერთო მტრის სტატუსი ვინმეს არ მიანიჭეს, ამ ორგანიზაციას არსებობის გამართლება აღარ ექნება. ასე რომ, ლისაბონის სამიტი შეიძლება ამ ალიანსის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.

სააკაშვილმა პირველად თქვა, რომ ნატოში გაწევრება მისი აკვიატებული აზრი არ არის. ამით მან პირველად აღიარა ქართული საზოგადოების წინაშე, რომ მისი საგარეოპოლიტიკური კურსის მთავარმა კომპონენტმა სრული კრახი განიცადა. როგორც ვნახეთ, საქართველოს ნატოში გაწევრების ერთადერთი შანსი, თუკი ასეთი სურვილი იქნებოდა ჩვენი მხრიდან, მხოლოდ რუსეთის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ ექნებოდა. ასე რომ, ჩვენს ევროატლანტიკურ სამინისტროსა და მათ ჯიბის ექსპერტებს შევახსენებ: ევროკავშირში თურქეთის გაწევრების შემდეგ თუ მიგვიღებენ (ე.ი. – არასოდეს), ნატოში – რუსეთის შემდეგ! ნამდვილად “ბრწყინვალე” პერსპექტევა აქვს სააკაშვილის საგარეო-პოლიტიკურ კურსს!