სამართალი
ლაშა გვასალია: „ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, ჩაშალოს დევნილთა მრავალათასიანი შეკრება, ის 12 მაისს მაინც ჩატარდება“

1ganaxlebuli-saqartvelostviთბილისი, 10 მაისი, საქინფორმი. როგორც პარტიის ოფისიდან საქინფორმს აცნობებენ, პარტიის რეგიონული სამსახურის უფროსი ლაშა გვასალია აგრძელებს შეხვედრებს სამეგრელოში მცხობრებ დევნილ და ადგილობრივ მოსახლეობასთან. რამდენიმე დღის წინათ ზუგდიდში, კომბინატის კულტურის სახლში, შეკრებილ 700-ზე მეტ დევნილს სკაიპკონფერენციის რეჟიმში მიმართა პარტიის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში მინდია გულუამ, რომელმაც სოლიდარობისა და ერთსულოვნებისკენ მოუწოდა აფხაზეთიდან დევნილ თანამემამულეებს.

ლაშა გვასალია, რომელიც მის მშობლიურ სოფელ გურიფულში 300 მხარდამჭერთან ერთად გეგმავდა კულტურის სახლში შეკრებას, არ შეუშვეს. რეგიონული სამსახურის უფროსის განცხადებით, იგი შეხვდა გურიფულის საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჭანტურიას, რომელმაც ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელ გოგა ღურწკაიას ზეწოლით ხელი შეუშალა დევნილებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეკრებაში.

ლაშა გვასალიას განცხადებით, აქციის ჩატარების საწინააღმდეგო ქმედებებში განსაკუთრებით აქტიურობს ხობის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი დიმა ჭაკუა, რომელიც სხვადასხვა ფორმით აშინებს მოსახლეობას, რომ არ მიიღოს მონაწილეობა 12 მაისს დაგეგმილ დევნილთა მრავალათასიან შეკრებაში და ემუქრება მათ ანგარიშსწორებით. „ჩემს მშობლიურ სოფელში „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც უკიდურეს გაჭირვებაში ჩააგდო ჩემი თანამემამულეები, ვერ ჩაატარებს შეკრებას. ხელისუფლების დიდი მცდელობის მიუხედავად, ხელი შეუშალოს ჩვენი დევნილი მოსახლეობის გაერთანებას, 12 მაისს დაგეგმილი ღონისძიება მაინც გაიმართება. ეს არის თავისუფალი ხალხის ნება და არავის მივცემთ უფლებას, ეს ნება შეურაცხყოს. თუ ხელს შეგვიშლიან შეკრების ორგანიზებაში და ხელისუფლება გვიბიძგებს კონფრონტაციისკენ, მაშინ ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ ჩვენს უფლებას და გავმართავთ დევნილების შეხვედრას ზუგდიდში პირდაპირ გუბერნიის შენობის წინ“, – განაცხადა ლაშა გვასალიამ.