საზოგადოება
ბენდუქიძის ტბის წყალმა „ბენკუკიძის ოყნა“ შეავსო...

1obsh-niuთბილისი, 14 მაისი, საქინფორმი. „საქინფორმის“ კორესპონდენტები შემთხვევის ადგილიდან იუწყებიან: 12 მაისიდან 13 მაისის ღამეს თბილისში კოკისპირულად წვიმდა, რასაც, ქალაქის საკანალიზაციო და სადრენაჟო საკოლექტორი სისტემების გაუმართაობის გამო, ნამდვილი წყალდიდობა მოჰყვა. დაიტბორა ქალაქის მრავალი რაიონი, მოძრაობა პარალიზებულ იქნა თითქმის ყველა ცენტრალურ ავტომაგისტრალზე – ისინი ერთბაშად ბობოქარ მდინარეებად გადაიქცა. შემაღლებულ ადგილას მდებარე კრწანისის რაიონში ჩამოინგრა იმ ხელოვნური ტბის დამბის კედელი, რომელიც თავის ტერიტორიაზე ეკონომიკის ექსმინისტრმა ბენდუქიძემ გააშენა, რის შედეგადაც ზემოდან წამოსულმა უზარმაზარმა წყლის ნიაღვარმა წალეკა ორთაჭალის რაიონში ხეები და სახლები, რომელთა შორისაც დილით კატერი იპოვეს... მეწყერის ნიაღვარმა საცხოვრებელი სახლების, მაღაზიებისა და დაწესებულებების პირველი ორი სართული მთლიანად დატბორა, მათ შორის – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შენობა და შადრევანი, რომელსაც ქალაქელებმა მისი ზომების გამო „ბენკუკიძის ოყნა“ შეარქვეს (როგორც გახსოვთ, ის აქ გმირთა მოედნიდან გადაიტანეს და ქალაქის ბიუჯეტს იგი 1 მილიონი ლარი დაუჯდა). ქალაქის ხელისუფლება ცდილობდა, ეს ფაქტი დაემალა და მომხდარი მტკვრის კალაპოტიდან გადმოსული წყლის ნაკადით აეხსნა (რაც მთლიანად უარყო „ზაჰესის“ უფროსმა), თუმცა მდინარის ნაპირების გამაგრება, რომელიც დედაქალაქს ორად ყოფს, ასევე, ხელისუფლების მოვალეობაა.

ბევრ რაიონში, კერძოდ, ნუცუბიძის პლატოზე გასკდა საკანალიზაციო კომუნიკაციები და ფეკალური მასები კოლექტორებში წვიმის წყალს შეერია, დატბორა სადარბაზოები, სარდაფები და საცხოვრებელ კორპუსთა მიმდებარე ტერიტორია, გაჩნდა ეპიდემიის წარმოშობისა და სასმელი წყლის დაბინძურების საშიშროება!

წვიმის შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათგან 2 მცირეწლოვანი ბავშვი, 2 ქალი და ერთი მოხუცი მამაკაცი. ამ დროისთვის ცნობილია, რომ უკვალოდ დაიკარგა 3 ადამიანი. დაზიანებული, მთლიანად განადგურებული ან წყლის მიერ გატაცებული ავტომანქანების რიცხვის დადგენა წარმოუდგენელია, ხოლო ჩამონგრეულ სახლთა რაოდენობის შესახებ, განსაკუთრებით კი, ქალაქის ძველ რაიონში, „საქინფორმი“ მკითხველს მოგვიანებით აცნობებს. ამჟამად შეიძლება იმის კონსტატირება, რომ მათი რიცხვი ძალიან დიდია, თუ, ამასთან ერთად, გავითვალისწინებთ ჩამონგრეულ სახურავებსა და ნახევრად დანგრეულ კედლებს. ზარალი მილიონობით ლარით განისაზღვრება.

მოგვიანებით თბილისის ქუჩებში გამოიყვანეს სამხედრო ჯავშანტექნიკა, სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები, რომლებიც მოქალაქეთა დახმარებას ლამობდნენ. თითქმის მთელ ქალაქში გაითიშა ელექტროენერგია, რადგანაც წყალმა გაანადგურა დაახლობით ასი ფიდერი; გათიშული იყო სასმელი წყალი, რადგანაც გამწმენდმა სისტემებმა ნაკადს ვერ გაუძლო. უსახლკაროდ დარჩენილი, გალუმპული თბილისელები ქუჩებში გამოვიდნენ და ქალაქის ხელისუფლებას პასუხი მოსთხოვეს. აგრეთვე, გამოხატეს თავისი აღშფოთება „Facebook“-ის გვერდებზე, სადაც სამოყვარულო ფოტო და ვიდეომასალა განათავსეს.

აღსანიშნავია, რომ ასეთი რამ თბილისში პირველად არ ხდება – საქართველოს დედაქალაქი ყოველი თუნდაც ხანმოკლე თავსხმა წვიმის დროს, უბედურების ზონას ემსგავსება.

ქუჩებში ყველა სადრენაჟო-საწვიმარი კოლექტორი ან გაჭედილია, ან უვარგისი, ანდა საერთოდ არ არსებობს. გზები, რომლებითაც ასე იკვეხნის ამჟამინდელი ხელისუფლება – ცენტრალური პროსპექტებიცა და რაიონული ქუჩებიც, კატასტროფულ მდგომარეობაშია. ქალაქის ბიუჯეტიდან უაღრესად უხარისხოდ დაგებულ ასფალტზე გახარჯული მილიონობით დოლარი ჩამოწერილია. ამას ემატება საავტომობილო ესტაკადის მსგავსი და მთის მასივებში გაჭრილი გზების საეჭვო პროექტები, რომელთა გამოც წინასაარჩევნო ციებცხელებისას მმართველმა „ნაცმოძრაობამ“გადათხარა ქუჩები, რასაც მარჯვენა სანაპიროსა და ვაკე-საბურთალოს გზის დატბორვა  და იმ დღეს აქამდე არნახული ქვების ცვენაც მოჰყვა. მთლიანად ისპობა ქალაქის ძველი – ისტორიული ნაწილი, ინგრევა სახლები, თითქმის ყოველდღე ჩნდება ხანძრები და ძირძველი თბილისელები იძულებული ხდებიან, ნაქირავებ ბინებში შეიყუჟონ იმის მოლოდინში, თუ როდის უზრუნველყოფს მათ ხელისუფლება საცხოვრებელი ფართით ქალაქის გარეუბნებში, რაკი არარეალურია იმის მოლოდინი, რომ მათი სახლების ადგილას ახალ შენობებში ცხოვრებას მოესწრებიან – თბილისელები ხომ სიღატაკეში, მშიერ-მწყურვალი და უმუშევარი არსებობენ და არც იმის საშუალება აქვთ, მედიკამენტები შეიძინონ ანდა ექიმს მიმართონ. მთავარ საწუხრად კი მაინც ის ჰქცევიათ, თუ რა სახსრებით მიაბარებენ მათ მიწას...

სხვათა შორის, ამბობენ, რომ ხელისუფლება თავად აჩენს ხანძრებს – ცეცხლს უკიდებს სახლებს ქალაქის ძველ, პრესტიჟულად ქცეულ ნაწილში, რათა იქიდან ძირძველი მკვიდრნი გამოაძევონ და ააშენონ რესტორნები, სასტუმროები და ვილები თავიანთთვის და თავისი ახლობლებისთვის, ანდა შემდეგ უცხოელებს მიჰყიდონ. მით უფრო, რომ სამშენებლო ბიზნესი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ბიზნესი საქართველოში, მთლიანად საქართველოს ამჟამინდელ მმართველთ ეკუთვნით და, შესაბამისად, მათ მიერვე კონტროლდება.

ამ დროს კი, ყოველდღიურად, ყოველ საათში, ტელეეკრანებზე პრეზიდენტი სააკაშვილი გამაოგნებელ სიტყვას წარმოთქვამს „სინგაპურიზაციაზე“, იმაზე, თუ როგორ ააშენა „სუპერთანამედროვე“ ქალაქები, რომლებსაც „დუბაები და ნიცები“ ვერ შეედრება, და მრავალ ასეთ „ტრამპა-ცუმპას“... თბილისი და თბილისელები კი, რომლებიც სძულს იმის გამო, რომ მან და მისმა „ნაცმოძრაობამ“ აქამდე  ყველა ჩატარებული არჩევნები წააგო, იღუპებიან... უფრო სწორად, თბილისს სპეციალურად ანადგურებენ, როგორც ქალაქსა და დედაქალაქს, გადააქვთ ქუთაისში, სადაც მიშა გასამეორებლად უხერხული მუქარით მშენებლებს აიძულებს, სასწრაფოდ დაასრულონ ახალი პარლამენტის შენობა, რომ უკვე ამ დღეებში იქ გამართოს (თუნდაც პარლამენტარები კუნძებზე ჩაჩქნებით ჩამოსხდნენ) პირველი სხდომა ექსპლუატაციაში ჩაუბარებელ  შენობაში... რათა სამუდამოდ დაივიწყოს მეამბოხე თბილისელები, რუსთაველის პროსპექტზე, პარლამენტის შენობის წინ მიტინგებს რომ მართავენ; სამუდამოდ გაანადგუროს მისთვის მენტალურად აგრერიგად უცხო ქალაქი-მუზეუმი, მსოფლიო ლიტერატურისა და ხელოვნების მრავალი კლასიკოსისთვის – მუზად, მეცნიერების მოღვაწეთათვის – მექად და ისტორიკოსთა მატეანის ობიექტად რომ იქცა...

(ვიდეო და ფოტოილუსტრაციები იხილეთ www.saqinform.ge-ს მთავარ გვერდზე)