საზოგადოება
ხელისუფლების პოზიცია დავით გარეჯთან მიმართებაში დანაშაულია ქართველი ერის წინაშე

1garejiთბილისი, 15 მაისი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძის განცხადებას ეხმაურებიან  დავით გარეჯის კომპლექსის, უდაბნოს მონასტრის ტერიტორიის აზერბაიჯანის კუთვნილებასთან დაკავშირებით და საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართავენ. მიმართვის ტექსტს გთავაზობთ უცვლელად:

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ, განაცხადა, რომ დავით გარეჯის კომპლექსის, უდაბნოს მონასტრის ტერიტორია სადავო არაა და ის აზერბაიჯანის კუთვნილებაა.

დავით გარეჯი საქართველოს ისტორიული მხარე და განუყოფელი ნაწილია. აქ არსებული კულტურულ-რელიგიური ძეგლები უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია ჩვენი ერისთვის. ამდენად, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია დავით გარეჯთან მიმართებაში წარმოადგენს დანაშაულს ქართველი ერის წინაშე.

ჩვენ, ქვემორე ხელმომწერი პოლიტიკური ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ვაცხადებთ, რომ ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევის გაგრძელება. დავით გარეჯი საქართველოს ისტორიული მხარეა და არცერთ ხელისუფალს არ აქვს უფლება, უარი თქვას ჩვენს ისტორიულ მიწაწყალზე. მოგიწოდებთ, გაემიჯნოთ ნინო კალანდაძის მიერ გახმოვანებულ პოზიციას და მოიხადოთ ბოდიში ქართველი ერის წინაშე.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიტოვებთ უფლებას, მოვახდინოთ უმწვავესი საპროტესტო ტალღის ორგანიზება, რომელშიც ჩართული იქნება სრულიად საქართველოს საზოგადოება.

თენგიზ ომანიძე – პარტია „თავისუფალი საქართველო“;

შოთა ჭოხონელიძე – „წინააღმდეგობის მოძრაობა“;

ზუკა ჩაჩანიძე – რეჟისორი;

ნიკოლოზ მეტრეველი – „თავისუფალ სტუდენტთა კავშირი“;

თიკო ნიბლოშვილი – მოძრაობა „არა“;

ირაკლი ბერაია – „მოძრაობა 7 ნოემბერი“.