პუბლიკაციები
ჭაბუა ამირეჯიბი: „ვცხოვრობთ იმ ხელმძღვანელთა საქართველოში, ვისაც ქართული არაფერი აქვს...“

1CHABUA1საქინფორმის კორესპონდენტი ესტუმრა დიდ ქართველ მწერალსა და კლასიკოსს, ამჟამად ბერ დავითს – ბატონ ჭაბუა ამირეჯიბს.

– ბატონო ჭაბუა, თქვენ ერთხელ ბრძანეთ – „ობოლო ერი ვართო“. მართლაც ასეა –   საქართველოს პატრონი დღეს აღარავინაა  უფლისა და პატრიარქის გარდა. თუმცა დიდი ილიას სიტყვები  – „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“– ყველა ქართველის გულშია ამოშანთული...

–     საქართველოს პატრონი უკიდურესი გასაჭირის დროსაც კი, უპირველესად, ღმერთი და თავად ქართველი ერი იყო. ასეა დღესაც და, ჩემი ღრმა რწმენით, ასე იქნება მარადჟამ. როდესაც ვთქვი, „ობოლი ერი ვართ“-მეთქი, ვიგულისხმე, რომ მფარველი ერის არსებობა ჩვენთვის მაღალმა ღმერთმა არ ინება. როგორც ეს,  მაგალითად, სლავურ ერებს აქვთ განაღდებული. მართალია, ისტორიის მანძილზე მათი  მომავალი არაერთგზის დამდგარა „მფარველი ერის“ გაუმაძღრობის პირისპირ, მაგრამ სიცოცხლის შენარჩუნება მაინც შესაძლებელი ყოფილა – ვგულისხმობ მათ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას.

დიდი ილიასთანა სულიერი მამა კაცობრიობის ისტორიამ სულ რამდენიმე პიროვნება იცის და ეს ერთადერთი რამ არის, რაც განგებამ ჩვენთვის გაიმეტა.

–     გლობალიზაციამ  ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად ჩვენისთანა ძირძველი და ტრადიციული ერების გაქრობის საფრთხე შექმნა. როგორ უნდა მოიქცეს ქართველი, რომ, როგორც ერი, არ გადაშენდეს?

– ჩვენი წარსული სხვა არაფერია, თუ არა „გაქრობის საფრთხე“. აბა, გაიხსენეთ პერიოდი, როდესაც ქართველი ერი შემდგომი ყოფნის გარანტიას ფლობდა... ჩვენ მხოლოდ საკუთარი „ეროვნული ენერგიის“ (გერონტი ქიქოძე) წყალობით განვაგრძობდით ფიზიკურ და სულიერ არსებობას. ჩემი შეხედულებით, ჩვენს წინაპრებს არასდროს ჰქონიათ შემდგომი არსებობის გარანტია. კაცობრიობის კალენდრით XX-XXI საუკუნეებში, როგორც აღმოჩნდა და დღესაც ასე ჩანს, ქართველ ერს ძალისმიერი ზემოქმედებით გაქრობის ნაკლები საშიშროება ემუქრება. კაცობრიობა გონს მოეგო, სულიერად შეიცვალა და ერთი რომელიმე ერი სხვა რომელიმე ერის დაპყრობისა და მოსპობის იდეით გაცილებით ნაკლებად არის გატაცებული. ჩვენ სხვებთან ერთად შევაღწიეთ ეროვნული დამოუკიდებლობის გამარჯვებათა ეპოქაში. ანუ ეროვნული ყოველმხრივი თვითმყოფადი არსებობის მომავალი  აწმყოდ ვაქციეთ.

– ბატონო ჭაბუა, „ევროპული ოჯახისკენ“ მივილტვით, თუმცა ევროპის ბევრ ქვეყანაზე არანაკლები ხნოვანების, მეტი თუ არა,  რელიგიური, ისტორული და კულტურული ტრადიციის მატარებლები ვართ. ფაქტობრივად, ფასეულობათა ჭიდილში ვექცევით, რადგან ბევრი რამ იმ ევროპულისგან ჩვენთვის მიუღებელია. ევროპული ცივილიზაციის რა უნდა მივიღოთ და რა არა ,და თუ რაც მიუღებელია, არ მოგვწონს,  საზოგადოების გარკვეული ფენისთვის რატომ ვხდებით  მარგინალები და ფაშისტები?

– ქალბატონო ბაია! ჩემსა და თქვენ შორის ის განსხვავებაა, რომ „ფასეულობათა ჭიდილის“ საკაცობრიო პროცესის, შეიძლება ითქვას, მარადიული მონაწილენი ვართ და, კერძოდ, მე  ეს მომწონს. რამდენადაც, რაც ვარ – ამ  ამ ჭიდილში მონაწილეობის შედეგად ვარ. არ მესმის, რატომ სვამთ კითხვას – რა უნდა მივიღოთ და რა არა ევროპული ცივილიზაციისგან?! უცხო, ანუ სხვა ცივილიზაციები თავად არასოდეს გვიტოვებდნენ სულიერი „შეჭრის“ შესაძლებლობას. ჩვენ კი  სხვათაგან მივიღეთ და გავითავისეთ ის, რაიც ჩვენს ბუნებას მოერგო და შეძენილი საკუთარი ფერებით გავალამაზეთ. ასე არ არი? ჩვენ არც მარგინალები გავხდებით და არც ფაშისტები. საქმე გაცილებით მარტივად არის.  ვცხოვრობთ იმ ხელმძღვანელთა საქართველოში, ვისაც ქართული არაფერი აქვს და ვინც ქართული ეროვნულობის მოსპობის იდეით არის შეპყრობილი, რის დაფარვასაც, განუწყვეტელი ფსევდოეროვნული ყაყან-გნიასით ცდილობს. აღვნიშნავ, ჩვენს ისტორიაში ეს არც პირველია და არც უკანასკნელი, რასაც მე, როგორც შემეძლო – აქტიურ წინააღმდეგობას ვუწევდი და ვუწევ, რადგან ჩვენი არსებობა ბრძოლით განხორციელდა და არც მომავალი მინდა უამისოდ.

– ბატონო ჭაბუა, ეს „ნებაყოფლობითი რეზერვი“ ხელისუფლების მხრიდან ისევ რაიმე პროვოკაციასა და საქართველოს საბოლოო დაშლას ხომ არ შეიძლება ემსახურებოდეს?

– იცით, რა? საქართველო უკვე დაშლილია. იქნება უარესად, ვიდრე ოდესმე ყოფილა, მაგრამ თუ წარსულის მაგალითებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ სწორედ დაშლილობა ქმნიდა ჩვენი საზოგადოების განვითარების შემდგომ საფეხურს –  გაერთიანებასა და დამოუკიდებლობას. ამაოდ ჰგონიათ ჩვენი ქვეყნის „ვაი-ხელმძღვანელებს“, რომ მიზანს – ქართველი ერის სულიერი და, აქედან გამომდინარე, ფიზიკური განადგურების იმ მეთოდებით მიაღწევენ, როგორსაც დღეს იყენებენ ისინი.  ჩვენი ხვედრი საბოლოო გამარჯვებაა და მარადიული არსებობაა. მიიხედეთ წარსულისკენ – რამდენი დამპყრობელი ცდილა ქართველთა ამოძირკვას კაცობრიობის ისტორიიდან. მერე?.. – მეტსაც გეტყვით, ასეთთა უმრავლესობამ არა მარტო სახელმწიფოებრიობა დაკარგა, არამედ რიცხობრიობასაც გამოემშვიდობა. იგივე მოელის პატარა ქართველი ერის დიდ მოსისხლე მტერს – რუსეთის იმპერიას –  დანაწევრება!.. ამ თემას წარსულში მივაქციე ყურადღება და დასკვნებს არავინ გამოდავებია.

– ბატონო ჭაბუა, ხელისუფლებამ გაყიდა ყველაფერი – ტყეები, მდინარეები, სასმელი წყალი, წიაღისეული... აჭარა თურქებს მიჰყიდა, კახეთის იტორიულ მიწებს კი არაბები ყიდულობენ, ენასა და სარწმუნოებასთან  ფარისევლურ დამოკიდებულებაზე რომ აღარაფერი  ვთქვათ. უნდა აგოს თუ არა ასეთმა ხელისუფლებამ პასუხი მთელი ერის წინაშე?

კვლავ ისტორიას მივმართავ. არის მაგალითები, როცა ერის  მოძულე ხელისუფლება, ეროვნულობის მტერი, პასუხისმგებლობას გაჰქცევია. ბებერი ვარ, ვერ მოვესწრები, მაგრამ ამისთვის თქვენი ასაკი შესაფერისია – მოესწრებით. დაიწყება იმით, რომ ლიტერატურა და ხელოვნება იტყვის მართალს და სიმართლეს სისხლის სამართალი დაასრულებს.

– ბატონ ბიძინა ივანიშვილზეც მინდა, გკითხოთ. ხალხში არის იმედი, რომ ამ ადამიანს მართლაც შესწევს ამ რეჟიმის შეცვლის უნარი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მისი გარემოცვა მაინცადამაინც არ მოსწონს, ალბათ, მაინც ყველა ერთად უნდა დადგეს და ეს არაადამიანური რეჟიმი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვიშოროთ...

– ბატონი ბიძინა ცხოვრობს და კვლავაც იცხოვრებს იმ მიზანსწრაფვით, რომ მისი ბრძოლის პირობა ქართველი ერის აწმყო და მომავალია. იგი ამ ბრძოლაში გამარჯვებული აღმოჩნდება, მიუხედავად იმისა, თუ, სახელდობრ, როდის მოხდება ეს. მის გამარჯვებას უზრუნველყოფა უნდა, რაც ქართველი ერის მოვალეობაა და ჩვენი მომავალი ბატონ ბიძინასთან დგომით განხორციელდება.

ასეა ეს!

ესაუბრა ბაია ამაშუკელი

საქინფორმი