საზოგადოება
ლხინი ჟამიანობის დროს, ანუ შოპინგი წარღვნის დროს...

1saaka-milanSiთბილისი, 16 მაისი, საქინფორმი. „იმ დროს, როდესაც ქვეყანა წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრას ცდილობს, მიხეილ სააკაშვილმა... საათის შეძენა გადაწყვიტა“, – წერს გაზეთი „ალია“ მასალაში საქართველოს პრეზიდენტის მიერ მილანის ბრენდულ მაღაზიებში სტუმრობის შესახებ. მტკიცებულების სახით გამოცემა ექსკლუზიური ფოტოების სერიას აქვეყნებს, რომლებიც მოდის იტალიურ დედაქალაქშია გადაღებული. სააკაშვილი მილანში საყიდლებზე ა.წ. 14 მაისს გაემგზავრა – უძლიერესი წყალდიდობიდან მეორე დღეს – თუმცა რამდენიმე დღით ადრე საჯარო გამოსვლისას მწვავედ გააკრიტიკა სახელმწიფო მოხელეები საზღვარგარეთ ვოიაჟების გამო. „სააკაშვილმა რეალობის გრძნობა დაკარგა, ალბათ, ამიტომ გადაწყვიტა საათის ყიდვა“, – წერს „ალია“.

გამოცემა იმასაც შეგვახსენებს, რომ იმ დღეს, როდესაც საქართველოში სტიქია ბობოქრობდა, ქვეყნის პრეზიდენტი სლოვენიაში გაფრინდა 17 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ეროვნული გუნდის მხარდასაჭერად.

როგორც საქინფორმი იუწყებოდა, 12-დან 13 მაისის ღამეს საქართველოს ბოლო 40 წლის განმავლობაში უძლიერესი წყალდიდობა დაატყდა თავს, რომელმაც თბილისში 5 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის – 2 ბავშვი. 30-ზე მეტი მოქალაქე სხვადასხვა მძიმე დაზიანებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ძლიერი თავსხმის შედეგად დანგრეულია ათეულობით სახლი, დაიტბორა ასობით შენობა და ავტომობილი, დაზიანდა გზები, ელექტროგადამცემი ხაზები. ზარალი მილიონობით ლარს შეადგენს.