პოლიტიკა
სერბეთმა შესაძლოა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს

1nikoliCi-polit-3თბილისი, 28 მაისი, საქინფორმი. სერბეთმა ახლო მომავალში შესაძლოა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი განიხილოს.

ამის შესახებ რადიოსადგურ „ეხო მოსკვისთან“ ინტერვიუში სერბეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ტომისლავ ნიკოლიჩმა განაცხადა.

ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა კოსოვოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შედარება კოსოვოს სიტუაციასთან დაუშვებელია.

„ეს ერთმანეთისგან განსხვავებული პირობები, განსხვავებული სიტუაციებია. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ სხვა სიტუაციაა. ამიტომაც ერთი და იგივე პრინციპები არ შეიძლება გამოყენებული იყოს აქაც და იქაც: კოსოვოშიც და იქაც, სადაც თქვენ თქვით – აფხაზეთში. ჩვენ პარლამენტში განვიხილავთ ამ საკითხს“, – აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, თუ სერბეთის პარლამენტში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხი დაისმება, ის განიხილება.

„ამით ჩვენ კოსოვოში ჩვენს ინტერესებს არ ვემუქრებით. აქ პრინციპულად დიდი სტატუსობრივი განსხვავებაა. თუ თქვენ პატივს სცემთ საერთაშორისო სამართალს, მაშინ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი შეიძლება იყვნენ დამოუკიდებლები, კოსოვო და მიტოხია კი – არა“, – აღნიშნა ნიკოლიჩმა.