საზოგადოება
მერიის ახალი პროექტი – უფასო უსადენო ინტერნეტი თბილისის ყველა უბანში

1interneti-sazogadoeba-1თბილისი, 7 ივნისი, საქინფორმი. თბილისის მერია გრანდიოზულ პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებში 2012  წლის ბოლომდე ქალაქის ყველა უბანი უფასო უსადენო ინტერნეტით დაიფარება. პროექტი მიზნად ისახავს კომუნიკაციის თავისუფლებას, განათლებისა და ინფორმაციის მიღების ხელმისაწვდომობას როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის. პროექტის სრულად განხორციელების შემდეგ სწრაფი და კომფორტული მომსახურებით სარგებლობა ქუჩებში, სკვერებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მანქანაში, ავტობუსსა და მეტროში  იქნება შესაძლებელი. უფასო ინტერნეტით სარგებლობისთვის საკმარისია მომხმარებელმა ჩართოს კომპიუტერი, ტელეფონი ან სხვა მოწყობილობა, მოძებნოს ქსელი სახელწოდებით „Tbilisi Loves You“ და შევიდეს ქსელში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ამჟამად უფასო უსადენო ინტერნეტით სარგებლობა განახლებულ დავით აღმაშენებლის გამზირზე, აბანოთუბანში, თავისუფლების მოედანზე, გლდანსა და ვარკეთილშია შესაძლებელი. WiFi სისტემით თბილისის სრულად აღჭურვა 2012 წლის ბოლოს დასრულდება.

აღნიშნული სიახლე მნიშვნელოვანი იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც საქმიანი, საგანმანათლებლო თუ გასართობი მიზნებისთვის ინტერნეტს აქტიურად იყენებს. სახელმწიფო პატრონაჟით მსგავსი სახის მასშტაბური პროექტის განხორციელება უპრეცედენტოა მსოფლიოს მასშტაბით. ისეთ ქალაქებშიც კი, როგორიცაა:  პარიზი, ვენა, ამსტერდამი, რომი, პრაღა, იერუსალიმი და სტამბული, უფასო ინტერნეტწვდომა მხოლოდ კომერციული ორგანიზაციების ტერიტორიებზეა შესაძლებელი. პროექტის პირველი ეტაპის განხორციელება ქალაქში უკვე დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლომდე ფართო მასშტაბს შეიძენს. თბილისის მერი გიგი უგულავა სტუდენტებს შეხვდა და ინტერნეტ ქალაქის მნიშვნელობაზე ისაუბრა.