საზოგადოება
ჟენევის მოლაპარაკებათა მე-20 რაუნდი

1Jeneva-sazogadoeba-3თბილისი, 7 ივნისი, საქინფორმი. 7-8 ივნისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი მე-20 რაუნდი გაიმართება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძის თქმით, საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.

პირველი სამუშაო შეხვედრისას ქართული მხარე რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მექანიზმის შექმნის აუცილებლობის საკითხს გაუსვამს ხაზს. მეორე სამუშაო ჯგუფი აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ და დევნილ პირთათვის უსაფრთხო დაბრუნების უზრუნველყოფისათვის აუცილებელ პირობებს განიხილავს. ასევე, ხაზს გაუსვამს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევისა და საოკუპაციო ხაზზე მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების მხრივ არსებულ მძიმე ვითარებას.

ქართული მხარე შეხვედრის მონაწილეთა ყურადღებას გაამახვილებს ბოლო ხანებში რუსეთის მიერ განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებზეც, მათ შორის, 4 მაისს ტერაქტის მცდელობაზე.

საქართველოს დელეგაცია კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ რუსეთის ქმედებები საერთაშორისო სამართლის დადგენილი კრიტერიუმებით ოკუპაციაა და მან ყველა ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს.

საქართველოს დელეგაცია უკვე ჟენევაშია.