რელიგია
პეტრეპავლობის მარხვა

1petre-pavloba-religia

თბილისი, 11 ივნისი, საქინფორმი. დღეს მართლმადიდებელი ქრისტიანები პეტრეპავლობის მარხვას იწყებენ. კვირას კი, როცა მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავდა, იყო მარხვის აღება.

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში კვირას, ყოველთა წმინდათა ხსენების დღეს, წირვა აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა  და უნეტარესმა ილია მეორემ.

საკვირაო ქადაგებაში კათოლიკოს-პატრიარქმა განაცხადა, რომ ყოველი ჩვენი მფარველი წმიდანის ხსენების დღეს, როცა მარხვის აღება ხდება, იწყება მზადება პეტრეპავლობის მარხვისათვის.

მარხვა გაგრძელდება ერთი თვის განმავლობაში და 12 ივლისს, პეტრეპავლობის დღესასწაულზე, დასრულდება.

ქრისტეს მოწაფე მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს ორ მათგანს მიაგებს და მათ თავმოციქულებად სახელსდებს. ესენი არიან წმოდა პეტრე და პავლე, რომელნიც, წმიდა მღვდელთმთავარ იოანე ოქროპირის სიტყვით, „აღემატნენ ყოველგვარ ბუნებას მიწიერსა და ზეციურს. ისინი, ხორცში მყოფნი, აღემატნენ ანგელოსებს... პეტრე – დასაბამი მართლმადიდებლობისა, დიდებული მღვდელთმსახური ეკლესიისა... პავლე – ჭეშმარიტების ჩინებული მქადაგებელი, ქრისტეს ეკლესიის ფხიზელი მესაჭე“.

„ადამიანმა დაკარგა კრძალვა, შიში ღვთისა და სარწმუნოება, პატივისცემა მოყვასისა და შეიცვალა ადამიანი“, – ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგებაზე.

პატრიარქმა მრევლს ყოველთა წმიდათა ხსენების დღესასწაული მიულოცა და გაიხსენა ილია ჭავჭავაძის სიტყვები: „მამული, ენა, სარწმუნოება“.

როგორც პატრიარქმა ბრძანა, ჩვენ გავაფართოვეთ ეს ცნებები და ვამბობთ: „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“.

„ეს არის უდიდესი სიწმინდე. ეს არის ყველაზე დიდი ფასეულობა ადამიანისთვის“, – აღნიშნა კასთოლიკოს-პატრიარქმა და დასძინა, რომ ადამიანმა დაკარგა კრძალვა ღვთისა, ადამიანის შეცვლის პროცესი კი უძველესი საუკუნეებიდან მოდის.

უწმიდესმა და უნეტარესმა ძველი რომაელების სიტყვები გაიხსენა, რომლებიც ამბობდენ, რომ დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთად.

როგორც ილია მეორემ აღნიშნა, ჩვენ უნდა გავსაჯოთ როგორ ვიცვლებით, სად მივდივართ, ახლა ვინ ვართ და მომავალში ვინ ვიქნებით.

„არ უნდა დავკარგოთ ჩვენი მთავარი ფასეულობანი – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ადამიანის სიცოცხლე არის უძვირფასესი. ადამიანი ერთხელ მოდის დედამიწაზე და უნდა გაუფრთხილდეს სიცოცხლეს, ყველა ადამიანს. კარგი იქნება თუ ცუდი, ის არის ხატება ღვთისა“, – ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა და დასძინა, რომ თითქმის ყოველდღე რადიო და ტელევიზია გადმოსცემს, რომ ადამიანმა მოკლა ადამიანი, ან ადამიანი გარდაიცვალა ძალადობით.

როგორც კათოლიკოს-პატრიარქმა განმარტა, ეს იმას ნიშნავს, რომ დავკარგეთ სარწმუნოება და კრძალვა ღვთის წინაშე. უფალი ბრძანებს – „არა კაც კლა“ და ამას არ ვასრულებთ. ყოველმა ჩვენგანმა უნდა იფიქროს, რას ვაკათებთ ან სამშობლოსთვის, ან ოჯახისთვის, ან ჩვენი თავისთვის.