საზოგადოება
11 პარტია „must carry“-ს დანერგვის მოწოდებებს უერთდება

1-es-gexeba-samarTali-1თბილისი, 14 ივნისი, საქინფორმი. როგორც ქართული მედიაკლუბიდან მაგდა პოპიაშვილი საქინფორმს აცნობებს, თერთმეტი პოლიტიკური პარტია უერთდება სამოქალაქო კამპანია „ეს შენ გეხებას“ მოწოდებებს ხელისუფლების მიმართ, რომ დაინერგოს „must carry“-სა და „must offer“-ის პრინციპები, რათა დღის წესრიგიდან მოიხსნას საარჩევნო პერიოდში მოსახლეობისთვის ინფორმაციაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის პრობლემა.

„ვიზიარებთ ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების მიერ პარლამენტში შეტანილ საკანონმდებლო წინადადებას ქართულ კანონმდებლობაში „must carry“- სა და „must offer“-ის პრინციპების დანერგვის თაობაზე. როგორც საერთაშორისო პრაქტიკა ადასტურებს, პარლამენტის მხრიდან აღნიშნული ინიციატივის გაზიარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსახლეობისთვის სხვადასხვა ტელეარხზე და მრავალფეროვან ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

17 კვალიფიციური სუბიექტიდან განცხადებას ხელს აწერს 11 საბიუჯეტო დაფინანსების მქონე პოლიტიკური პარტია, რომელთა შორისაა პარლამენტში წარმოდგენილი „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, „ქართული დასი“, „ევროპელი დემოკრატები“ (ყოფილი „ჩვენ თვითონ“); კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ –  „რესპუბლიკელები“, „კონსერვატორები“, „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“, „ეროვნული ფორუმი“, „მრეწველები“ და „ხალხის პარტია“; ასევე, „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს გზა“.

შეგახსენებთ: როგორც საქინფორმი უკვე იუწყებოდა, კამპანია „ეს შენ გეხებას“ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა პარლამენტს მაისის დასაწყისში წარუდგინეს საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების კომპლექსური პაკეტი, რომლის ნაწილია „Must carry“-სა და „must offer“-ის პრინციპები, რომლებიც, შემოღების შემთხვევაში, დაავალდებულებს საკაბელო ქსელებს, საქართველოში ლიცენზირებული მაუწყებლების სავალდებულო ტრანზიტი განახორციელონ საინფორმაციო არხების შერჩევითი ამოღების გარეშე და, მეორე მხრივ, მაუწყებლები ვალდებულნი გახდებიან, საკაბელო ოპერატორებს რეტრანსლირების უფლება მისცენ. ინიციატივის ავტორებმა მას შემდეგ, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს საქართველოში ვიზიტის წინ საგანგებო მიმართვა გაუგზავნეს, პარლამენტს ამ პრინციპების დაკანონებისკენ მოუწოდეს.

თუმცა მმართველი პარტია უარს აცხადებს ამ რეგულაციის შემოღებაზე იმ მოტივით, რომ ეს კერძო ბიზნესში ჩარევა იქნება.

ცნობისათვის: 2008 წლის აგვისტოდან დღემდე საქართველოში დაბლოკილია რუსეთის ტელევიზიების ყველა საინფორმაციო არხი.