რელიგია
ილია II ბრძანება ბაგრატის ტაძარში მიმდინარე სარესტრავრაციო სამუშაოების თაობაზე

1-brZaneba-aqtual-2-relig-1თბილისი, 19 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს საპატრიარქო ბაგრატის ტაძარში მიმდინარე სარესტრავრაციო სამუშაოებთან დაკავშირებით  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა  და უნეტარესის ილია მეორეს მიერ გამოცემულ ბრძანებას აქვეყნებს. ბრძანების ტექსტს საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

„ვინაიდან მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული და ისტორიული ძეგლის, ბაგრატის ტაძრის, რესტავრაცია მიმდინარეობს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებული პროექტის უხეში დარღვევით, ვბრძანებ:

1. ა.წ. 18 ივნისიდან დროებით შეჩერდეს ტაძრის დასავლეთ მკლავში მიმდინარე თვითნებური სარესტავრაციო სამუშაოები;

2. დაევალოს ადგილობრივ მღვდელმთავარს, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს (მარგალიტიშვილი), საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრს, მუდმივად მიაწოდოს ინფორმაცია მიმდინარე პროცესებზე;

3. ეთხოვოს ხელისუფლებას, საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრთან თანამშრომლობით მოახდინოს ტაძრის დასავლეთ მკლავში ჩაშენებული ლითონის კონსტრუქციის დემონტაჟი, რათა შემდეგ ორმხრივად შეთანხმებული პროექტის მიხედვით გაგრძელდეს სარესტავრაციო სამუშაოები;

4. დაევალოს საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის სამეცნიერო საბჭოს, განახორციელოს მონიტორინგი აღნიშნულ სამუშაოებზე.

5. ბრძანების შესრულებაზე ზოგადი კონტროლი განახორციელოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი)“.