საზოგადოება
„ქართული ოცნება“ ტენდერს აცხადებს

1-tenderi-sazogadoeba-3თბილისი, 20 ივნისი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნება“ სხვადასხვა მომსახურების მიღებისათვის ტენდერს გამოაცხადებს. ტენდერი სამი მიმართულებით – პოლიგრაფიული მომსახურების, სატრანსპორტო მომსახურების, სარეკლამო მომსახურებისათვის – გამოცხადდება.

ამასთან დაკავშირებით მაია ფანჯიკიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა.

მისი თქმით, ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ სტრუქტურას. მიღებული იქნება საუკეთესო წინადადებები და საზოგადოებას ეცნობება შედეგების შესახებ.

„მიუხედავად იმისა, რომ ათობით ათასი ჩვენი თანამოქალაქე მზად არის, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დახმარება გაგვიწიოს ჩვენს საქმიანობაში, არის ორგანიზაციული საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც გარკვეული მომსახურების მიღების გარეშე შეუძლებელია. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მეწარმე სუბიექტებმა ვერ გაბედონ ჩვენთან ამ საკითხებში თანამშრომლობა, ან თუ გაბედეს, ისინი მკაცრად ისჯებიან. შესაბამისად, როდესაც მივმართავთ ამა თუ იმ კომპანიას მომსახურების მიღების მიზნით, ისინი ან პირდაპირ უარს გვეუბნებიან, ან გვთავაზობენ საბაზროზე რამდენჯერმე მაღალ ფასებს. ის კომპანიები კი, რომლებიც ზეწოლის მიუხედავად გვაწვდიან მომსახურებას საბაზრო ღირებულებით, ცხადდებიან დაკავშირებულ პირებად და ყოვლად წარმოუდგენელი თანხებით ჯარიმდებიან“, – ამბობს ფანჯიკიძე.

მისივე თქმით, კოალიცია მოხარული იქნება, თუ ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებს კომპანიათა მაქსიმალური რაოდენობა. და თუ ეს ასე არ მოხდება, ეს იქნება იმის დადასტურება, თუ რა ბერკეტებს იყენებს ხელისუფლება კომერციული სტრუქტურების მიმართ.