საზოგადოება
მოსკოვი: ქართველების მსვლელობაში ჯავახკის დიასპორის სომხები და თემურ ხაჩიშვილის ხალხი მონაწილეობენ?!

1-moskva-mtთბილისი, 26 ივნისი, საქინფორმი. ღრმად პატივცემულო მკითხველო! თავდაპირველად რუსეთში ქართველთა კავშირის 2012 წლის 25 ივნისის განცხადებას გთავაზობთ:

გასულ უქმეებზე მოსკოვში, დიდი ქართველი პოეტის რუსთაველის ძეგლის მიდამოებში, გაიმართა ვითომდა საქართველოდან გადმოსახლებულთა  მსვლელობა ლოზუნგით პატიოსანი არჩევნებისთვის, რომელშიც, ჟურნალისტთა შეფასებით, დაახლოებით, 500 ადამიანი მონაწილეობდა.

თუმცა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ოპერატიულად გამოჩნდა ფოტოები და მასალები, რომლებიც აჩვენებს, რომ ამ მსვლელობაზე შეკრებილთა სახეებს მოსკოვის ქართულ დიასპორასთან საერთო არაფერი აქვს. მის მონაწილეებს შორის კოლონებად მოდიოდნენ შუა აზიის სახელმწიფოთა წარმომადგენლები. მასობრივი სცენა ბანალურად და თავხედურად იყო ნაყიდი მავანი ორგანიზატორების მიერ, რომელთაც საკუთარი მიზნები ჰქონდათ.

რუსეთში ქართველთა კავშირს, როგორც ყველაზე მსხვილ დიასპორულ ქართულ ორგანიზაციას, შესაძლოა, ამ უნიჭო ბუფონადისთვის ყურადღება არც მიექცია, რომ არა რუსულ-ქართულ ურთიერთობაში არსებული დაძაბული და დრამატული სიტუაცია.

გვინდა, ვკითხოთ ღია ცის ქვეშ მოწყობილი ამ ცირკის სულისჩამდგმელს გიორგი სიგუას, იქნებ მან არ იცის, რომ მსგავსი პროვოკაციები არა მარტო რუსეთში მცხოვრებ ყველა ქართველს სცხებს ჩირქს, არამედ ჩრდილს აყენებს რუსეთს, რომელიც სტუმართმოყვრულად იღებს თავის მიწაზე ჩვენს თანამოძმეებს? თუ მისი მიზანი სწორედ ეს იყო?

რუსეთში ქართველთა კავშირიამ აქციის გამო კატეგორიულ პროტესტსა და აღშფოთებას გამოთქვამს. ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს, რომ პროვოკაციები გახშირდა. მსგავსი ოინები უკვე დიდი ხანია, არსენალში აქვთ მასმედიის ისეთ უბადრუკ მინამგვანს, როგორიცაა aspny.ge, და შალვა ნათელაშვილის ტიპის ცალკეულ ქართველ ოპოზიციონერებს.

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ყველა ღონეს ვიხმართ ამ ამბავში გასარკვევად და ფარსის დამკვეთის დასადგენად…

დაე, ბინძური წინასაარჩევნო დადგმები საკუთარ სამშობლოში განახორციელონ და ნუ მოძვრებიან რუსეთში, რომელიც ბევრი ქართველისთვის მეორე სახლად იქცა, სადაც ადამიანები, უბრალოდ, ცხოვრობენ, მუშაობენ და მომავლის გეგმებს აწყობენ!

„რუსეთში ქართველთა კავშირის“ ზემოთ მოყვანილ განცხადებასთან დაკავშირებით საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი პირველწყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მსვლელობაში პატიოსანი არჩევნებისათვის, რომელიც გასულ კვირას (2012 წლის 24 ივნისს) მოსკოვში გაიმართა, აქტიურად მონაწილეობდნენ რუსეთის ჯავახის დიასპორის წევრები მისი პრეზიდენტის აგასი არაბიანის მეთაურობით, ხოლო მსვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო მოსკოვში მცხოვრები, ტყვარჩელის მკვიდრი იოსებ (სოსო) უგრელიძე, რომელიც თავს წარმოადგენს მოძრაობა „ამომრჩეველთა კავშირი – ერთიანი საქართველოსათვის“ ლიდერად (სხვათაშორის, საქართველოში მასთან ბევრს დაუგროვდა არც ისე სასიამოვნო შეკითხვები...).

ბატონმა უგრელიძემ აქციის დროს ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, ხოლო შარშან იმავე „რუსთავი 2“-მა ის საქართველოს შსს ექსმინისტრ თემურ ხაჩიშვილის მოსკოვის ოფისში თათბირზე დააფიქსირა. როგორც ცნობილია, ხაჩიშვილი  პოლიტიკური პარტია „დათვის“ დამფუძნებელია და შეუმოწმებელი მონაცემებით, მსვლელობაში მისი ხალხიც მონაწილეობდა.

1-moskva-qve1 1-moskva-qv2