პუბლიკაციები
საქართველო 1937- 2012: ქუთაისი, პიარლაბორატორია ბაგრატის ტაძარში. ისტორია მეორდება...

1-analitikanew-raiმიხეილ სააკაშვილს დავითაღმაშენებლობისა და მესიანობის ამბიცია რომ აწუხებს, რის გამოც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ საქართველოს ისტორია 2003 წლიდან იწყება, სიახლე არავისთვისაა. როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე  ნიკა ვაჩეიშვილის „მაესტროში“ განცხადებიდან გაირკვა, ნაციონალურ ხელისუფლებას (ჯერ კიდევ 2011 წელს არსებული დაბალი რეიტინგისა და მომავალშიც ხელისუფლებაში დარჩენის გამო, – ბ.ა.) 2011 წელს თავად (და არა პირიქით – იუნესკოს, – ბ.ა.) მიუმართვას იუნესკოსთვის ბაგრატის ტაძრის აღდგენის წინადადებით. წინ კიდევ  2012-13 – საარჩევნო წლები, ელოდათ და, სავარაუდოდ, ბაგრატის საკათედრო ტაძრის აღდგენის საკითხის წამოჭრაც უშუალოდ ამასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული.

წინასაარჩევნო პიარკამპანიისთვის საავადმყოფოების, სტადიონების, შადრევნების, გზებისა და პოლიციის შენობების გახსნაც სააკაშვილის ხელისუფლებისთვის პიარის ჩვეული ხერხებია. თუმცა საქართველოს დამშლელის, დამაქცევარისა და გამვერანელებლისგან წინაასარჩევნოდ ბაგრატის ტაძრის აღდგენის გაპიარება და (ალბათ შემდგომში მეუფე კალისტრატესთან ერთად ლენტის გაჭრით, – ბ.ა.) რეკლამირება უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება. მანამდე სააკაშვილის პიარისთვის განკუთვნილი ბაგრატის საკათედრო ტაძრის ე.წ. აღდგენის თემაც დღეს უკვე პირდაპირ ისევ ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება. ივანიშვილის სახელი ყველა ქართველისთვის სამების ტაძართან ასოცირდება. საზოგადოება ხედავს, რომ ივანიშვილისგან დასახელებულ ყველა სამომავლო პროექტს, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, განათლება, თუ სხვა, სააკაშვილი სასწრაფო წესით ეხმაურება. სააკაშვილიც, საზოგადოებისთვის ივანიშვილისგან დასახელებული სამომავლო პროექტების  უკვე მის მიერ, სააკაშვილისგან განხორციელებულად, დემონსტრირებას ახდენს. სხვა საკითხია, რომ ეს ისევ და ისევ სიცრუე და „თვალის დასაბრმავებელი ნაცარია“. სააკაშვილი წინასაარჩევნო რეკლამისთვის განხორციელებული სამუშაოების „ხარისხიანობაშიც“ („აშენებულის“ ჩამონგრევა, დანგრევა, სახურავის ახდა, წყლის ჩასვლა და სხვა)  საზოგადოება არაერთხელ დარწმუნებულა. წარმოიდგინეთ, რა ხარისხითა და რა „სიყვარულით“ იქნება „აღდგენილი“ გაერთიანებული საქართველოს სიმბოლო – „ცოცხალი რელიგიის ცოცხალი კათედრალი“, როგორც ამას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ნიკა ვაჩეიშვილი უწოდებს, იმ ღვთისმგმობი ხელისუფლების მიერ, რომელმაც თავისი მოღვაწეობა გლდანის ეკლესიის კარის შენგრევით დაიწყო, ჯვრების მოთხრით, ფერიის მთაზე მშენებარე ეკლესიის დანგრევითა და ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის გაპროტესტების გამო რვა უდანაშაულო მართლმადიდებლის დაპატიმრებით გააგრძელა; საბოლოოდ კი საზოგადოებისა და საპატრიარქოს ზურგს უკან რელიგიური აღმსარებლობის ხელყოფითა და ანტიმართლმადიდებლური რელიგიის კანონის მიღებით დაასრულა!

ოქტომბერში ჩასატარებელ არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება და, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია კულტურის მინისტრ რურუას განცხადებაც: „სამუშაოები უახლოეს დღეებში გაგრძელდება და ჩვენ ბევრს ვერც დავიცდით“. ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მიხეილ სააკაშვილს მოსაცდელად დრო აღარ რჩება, რადგან ბიძინა ივანიშვილი მთელი საქართველოს მასშტაბით იკრებს მომხრეებს და გორში მოფორთხიალე „დიდი მხედართმთავარი“ ჩქარობს. ამაზე ვაჩეიშვილის განცხადებაც მეტყველებს: „ვადები კონკრეტულია, ის „დამთავრებადია“ (ანუ გამართული ქართულით რომ ვთქვათ – მოესწრება, – ბ.ა.), სექტემბერ-ოქტომბერში, თუნდაც, საარჩევნოდ, რადგან ეს არის საქართველოს ერთიანობის სიმბოლო და თითოეული ქართველისთვის მნიშვნელოვანი“. ვაჩეიშვილის ეს ფრაზა, ფაქტობრივად, იმის საჯარო აღიარება იყო, რომ ხელისუფლება ქართველთა ხელთუქმნელ, გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოს – ბაგრატის ტაძარს, ისევ და ისევ პიარისა და ტურისტების მოსაზიდავად იყენებს (სააკაშვილი ამაყად იტრაბახებს იმით, რომ მსოფლიოში პირველად „აღადგინა“ გაერთიანებული საქართველოს სიმბოლო, რომელსაც ტურისტებისთვის ლიფტით მომსახურების შესაძლებლობა აქვს, – ბ.ა.). ნიკა  ვაჩეიშვილმა  დაასახელა ბაგრატის ტაძრის პროექტის  მსოფლიო მნიშვნელობის ექსპერტი ანდრეა ბრუნოც, ლუკა იუკილეპტოც – კონსერვაციისა და აუთენტურობის ფილოსოფოსი. ბუნებრივია, რომ  თუ ამ ექსპერტებს საქართველოს სახელით ნაციონალები (საპარტიარქოსა და საზოგადოების მორიგი მოტყუებით, – ბ.ა.) ხალხისგან ამოღებული დიდი საბიუჯეტო თანხებით ბაგრატის ტაძრის  პროექტის ხელმძღვანელობის შეთავაზებას წარუდგენდნენ (თან, ზუსტად წინასაარჩევნოდ, – ბ.ა.), ამაზე უარს არცერთი ექსპერტი არ იტყოდა. არადა, საჭიროდ რომ ჩაეთვალა, იუნესკო თავად წამოჭრიდა ბაგრატის ტაძრის აღდგენის წინადადებას. მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც  თავის პიარს სრულიად საქართველო შესწირა, რა გასაკვირია,  მოღვაწეობის დასასრულ, ამჯერად ბაგრატის საკათედრო ტაძარიც რომ გამოიყენოს?!

უძველესი ქართული კულტურისადმი „პატივისცემა“ რურუამ და სააკაშვილმა რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრიდან გაშვებითაც დაამტკიცეს. დღეს ქართველ საზოგადოებას სახეზე აქვს ფაქტი, როდესაც „ნაციონალური მოძრაობისგან“ დაფინანსებული ორი სტრუქტურა – (კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და კულტურის მინისტრის განცხადება) ერთმანეთთან სრულ შეუსაბამობაში მოდის. ვაჩეიშვილი აცხადებს, რომ „მხოლოდ საპატრიარქოსთან კონსულტაციით გაგრძელდება რესტავრაცია“,  რურუა კი – პირიქით: „დაწყებული სამუშაოები სასწრაფო წესით გაგრძელდება უახლოეს ხანში“. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ჩვეული ფორმით ამჯერადაც არც საპატრირქოს და არც საზოგადოების ფართო ფენების აზრის გათვალისწინებაზე ფიქრობს. სტახანოვური ტემპით, ისევ ვადებია მთავარი!

მე-11 საუკუნის მსოფლიო ხელოვნების შედევრთა ნუსხაში შესული ბაგრატის ტაძარი, ისევე, როგორც ძველი თბილისის ბევრი უბანი, თელავის, სიღნაღის, ბათუმისა და ისტორიული მეხსიერების მქონე ბევრი სხვა ძეგლი, „სააკაშვილის ავადმყოფური არქიტექტურული ფანტაზიების“ მსხვერპლად შეიძლება იქცეს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი „პროექტიდან გადაცდენად“ არ მიიჩნევს პარტიარქის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც. ბრძანებას – მისი გადაცდენის გამო, პროექტის დაუყოვნებლივ შეჩერების  თაობაზე (ტაძრის დასავლეთ ფასადზე ლიფტის გაკეთებისა და ა.შ. – ბ.ა.), ტაძრის დასავლეთ ნაწილში (შესასვლელში განსათავსებელი ლიფტისა და რკინა- ბეტონის კონსტრუქციების თაობაზე, – ბ.ა.) საპატრიარქო და „კულტურის სამინისტრო“ დღემდე ვერ თანხმდება. ყალბად გაისმის ვაჩეიშვილის განცხადებაც: „ტაძრის ყველა ნანგრევი და თავად ტაძარიც, საპატრიარქოს საკუთრებაა!“ როცა, ამავე დროს, ამბობს, რომ „ეს (ლიფტის ნაწილი, – ბ.ა.) არ არის საკრალური სივრცე და საერო ნაწილია“. ვაჩეიშვილს, როგორც ხელოვნებათმცოდნეს, კარგად უნდა მოეხსენებოდეს, რომ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები კარიბჭიდან (შესავლელი, პორტალი) დაწყებული, საკურთხევლით დასრულებული, მთავარ ხუროთმოძღვრულ ნაგებობასთან (საკუთრივ ტაძართან) ერთად, ქართულ არქიტექტურაში ყოველთვის ერთიან მხატვრულ კომპოზიციაში იგებოდა და აღიქმებოდა. სწორედ ეს ანიჭებდა ქართულ ხუროთმოძღვრებას უნიკალურ და განუმეორებელ სახეს; ლიფტი კი ისევ და ისევ უცხოელი ტურისტების გასართობ ქვეყნად საქართველოს გადაქცევისა და მორიგი საარჩევნო პიარის სააკაშვილის ავადმყოფური ფანტაზიის   ნაყოფია, რომლის ნებისმიერი გზით გამართლებასაც ახლა ვაჩეიშვილი, რურუა და ვითომ „პროქტის ქართული მხარე“ ასე თავგამოდებით ცდილობენ.

ნიკა ვაჩეიშვილმა, როგორც ხელოვნებათმოცდნემ (სამომავლოდ), ერთგვარად უკანდასახევი გზაც დაიტოვა, განაცხადა რა, რომ: „ისიც ხდება ხოლმე, რომ ზოგი პროექტის აზრს იუნესკო არ იზიარებს“. ცხადი ხდება, რომ ბაგრატის ტაძარზე დაწყებული სამუშაოები, როგორც ყოველთვის, მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება და არა ქვეყნისას.  ბაგრატის საკათედრო ტაძარზე დაწყებული ვანდალობის შეჩერების განცხადებაც თავდაპირველად იუნესკოსა და საპატრიარქოსგან წამოვიდა  და მხოლოდ ამის  შემდეგ ატყდა საზოგადოებისგან ის, რასაც ხელისუფლებამ „ყაყანი და ხელოვნური აყალმაყალი“ უწოდა. იმ საჯარო მოხელეებისა და ხელისუფლებისგან, რომლებმაც რელიგიის კანონზე პატრიარქისგან  ვეტოს დადების მოთხოვნა არად ჩააგდო,  ძნელი დასაჯერებელი ხდება, ვაჩეიშვილის განცხადებაც – „ჩვენ ყურად უნდა ვიღოთ პატრიარქის ყველა გამონათქვამი“ – შეესაბამებოდეს სიმართლეს.

ბაგრატის ტაძრის პირვანდელი სახით აღდგენა შეუძლებელია. „იმიტაცია ძველისა – იუნესკოს, გასაგები კრიტერიუმების გამო, ხელს არ აძლევს“, – თავად თქვა ვაჩეიშვილმა. ე.ი. იუნესკომ კარგად იცის, რომ ყველაფრის იმმიტირებელი ხელისუფლებისა და  პრეზიდენტის იმიტაცია სააკაშვილის  მიერ 2011 წელს იუნესკოსთვის აქეთ შეთავაზებული ბაგრატის ტაძრის აღდგენის პროექტი ძეგლს ისტორიულ-კულტურული მეკვიდრეობის სახეს დაუკარგავს. საქართველოს კი არც იმიტირებული პრეზიდენტი, არც იმიტირებული ქართველი და, მით უფრო, არც გაერთიანებული საქართველოს იმიტირებული სიმბოლო არ წაადგება.

იგივე ხდება თელავში ერეკლე მეორეს სასახლესთან დაკავშირებით – მას 49-წლიანი იჯარით ყაზახებისთვის „შაჰ-აბასის შთამომავალათა მემკვიდრეების მუზეუმად“ გადაცემას უპირებენ. მალე შესაძლოა, ჯალალ-ედ-დინის მიერ ასიათასი მოწამის ადგილას „ჯალალ-ედ-დინის ხსოვნის მიზეუმი“ ან ძეგლიც დაგვიდგას „ქართველთა ჯალალ-ედ-დინად და მურვან-ყრუდ“ გამოგზავნილმა სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

ვახტანგ ბერიძის გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში ნამუშევარ ვაჩეიშვილს კი, სააკაშვილის ხელისუფლებასთან (მაღალ ანაზღაურებაზე მუშაობამ, – ბ.ა.), ეტყობა, ისე დააკარგვინა ნამუსი, რომ აცხადებს: „ანდრეა ბრუნო, იუნესკოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ არაფერი დაშავდება იმით, რომ ბაგრატის ტაძარი თუნდაც „ამოირეცხოს“ იუნესკოს სიიდან, ის მაინც შევა როგორც საუკეთესო ძეგლი თანამედროვე რესტავრაციის“. ეს ფრაზა ქართველისთვის ტვინის გამორეცხვის სააკაშვილის მიერ დანერგილი მეთოდის გაგრძელებას წააგავს. ასეთი განცხადების გამო, ნებისმიერი ღირსეული ერი და „კულტურის ძეგლთა დაცვის წარმომადგენელი“ საჯაროდ ბოდიშის მოხდასაც მოსთხოვდა ამგვარ ექსპერტს. ქვეყნის გაერთიანებული სიმბოლოსადმი ასეთ გამონათქვამს არც თავმოყვარე მთავრობას, ერსა და ქვეყანას უცხოელი ექსპერტი ადრე არ აკადრებდა. დღეს კი, რადგან სააკაშვილი თავად კადრულობს და ქართველ ხალხსაც და საქართველოსაც თავად აკადრებს ბევრ უკადრებელს, ასეთი დამოკიდებულება დასავლელი ექსპერტისგანაც აღარაა გასაკვირი.

კულტურის მოღვაწეთა და მეცნიერთა ჩამრეცხავი ხელისუფლებისთვის არც ბაგრატის ტაძრის „ისტორიიდან ამორეცხვა“ წარმოადგენს სირთულეს!  რა ქართველი, საქართველოს პრეზიდენტი და მამულიშვილი ხარ, თუნდაც იუნესკოს დასავლელი ექსპერტის, ვინმე ბრუნოს, ამ ნათქვამს ასე მშვიდად რომ მოისმენ?! ანდრეა ბრუნოს შესაძლოა, გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოდქცეული ბაგრატის ტაძარი სრულებით არ ანაღვლებდეს, მაგრამ მისი ხელის ხლება ქართველთა ისტორიული მეხსიერებისა და ისტორიული წარსულის კვალის წაშლას რომ ემსახურება, უდავოა!  საქართველოში დიდ ანაზღაურებად, სხვა სფეროს, იგივე არჩევნების ექსპერტებად ნაციონალების მოსყიდულ- ჩამოყვანილი, არაერთი დასავლელი ექსპერტი და მრჩეველიც ხომ მრავლად გვახსოვს?

ბაგრატის ტაძრის აღდგენის აუცილებლობა რომ ყოფილიყო, ამას აკადემიკოსი გიორგი ჩუბინაშვილი  და მისი მოწაფე ვახტანგ ბერიძეც დააფიქსირებდნენ სიცოცხლეშივე. „ნაციონალებად დაჩეკილი ხელოვნებათმცოდნეებისა და ისტორიკოსების“ კომპეტენციაშიც საზოგადოებრივი აზრისა და, პირველ რიგში, საპატრიარქოს დაუკითახავად ერის ისტორიისთვის ასეთი მნივნელოვანი ძეგლების რესტავრაციის გადაწყვეტის საკითხი არ  შედის.

ანალოგიური არგუმენტებით მოქმედებდნენ თავის დროზე ტროცკისტი ბოლშევიკებიც, რომლებმაც მაშინდელი „წითელი მოთხოვნების შესაბამისად“ გაანადგურეს როგორც ბევრი ქართული, ისე რუსული ისტორიული ძეგლი.  ხელისუფლებაც, რომელიც „ცოცხალი რელიგიის მქონე უძველეს ერს“ თავს ძალით, ხალხისა და ეკლესიის დაუკითხავად, სხვა რელიგიებთან და, რაც მთავარია, სექტებთან გათანაბრების კანონს მოახვევს, ბაგრატის საკათედრო ტაძრის  ვითომ აღდგენითაც მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესებისთვის სასარგებლო ქმედებას არ განახორციელებს. სწორედ ბაგრატის ტაძრის სიმბოლური მნიშვნელობის გამო და სწორედ ახლა, როდესაც სრულიად საქართველო ნაციონალების ანტიქართული რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანდება, განიზრახა სააკაშვილმა ბაგრატის ტაძრის ე.წ. აღდგენა. რაც ყველაზე  სამარცხვინოა,ისევ წინასაარჩევნოდ აპირებს ამის გამოყენებას,  რითაც, როგორც მისგან „აღდგენილ ყველაფერს“, ბაგრატის ტაძარსაც საბოლოოდ მსოფლიო დონის კულტურული ნუსხიდან, ისტორიული მეხსიერებიდან ამოშლა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვალის  წაშლაც ემუქრება, რადგან ქართულ მიწა-წყალზე  ქართველებისა და საქართველოს ისტორიული კვალის წაშლაც  სააკაშვილის „ბოსებისთვის“,  სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანის ერთ-ერთი მთავარი დავალება და მიზანი იყო.   „Грузия без Грузин!“ – „საქართველო ქართველების გარეშე!“ –  ნიკიტა ხრუშჩოვის ამ ცნობილი ფრაზის განხორციელება სააკაშვილმა პრაქტიკაში დაიწყო, რათა შემდგომ აქ გაურკვეველი ჯურისა და აღმსარებლობის ადამიანების ჩამოსახლება დაიწყოს, რისი  თვალნათლივი მაგალითიც უკვე აჭარაა.

დღეს უკვე ქართველი საზოგადოების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ  სააკაშვილი დამნაშავეა როგორც საქართველოსა და ქართველი მოსახლეობის, ისე კაცობრიობის წინაშეც: ქართველთა გენოციდისთვის! ქართული მიწის გაყიდვისთვის! (რომლის გაყიდვა ბიბლიითა და კონსტიტუციითაა აკრძალული, – ბ.ა.), უდიდესი ქართული ისტორიული მემკვიდრეობის, მართლმადიდებლობის განადგურების მცდელობისთვის! დამნაშავეა, მარტოოდენ  პირადი  უგემოვნებობითა და მომხრეობის პრინციპით, თანამედროვე ქართული კულტურისა და ხელოვნების განადგურების, უძველესი ქართული მართლმადიდებლობისა და ენის ხელყოფისა და დაკნინების მცდელობისთვის!

ბაია ამაშუკელი 

საქინფორმი