თბილისი, 2 ივლისი, საქინფორმი. პარლამენტმა მეორე და მესამე მოსმენით დაჩქარებული წესით დაამტკიცა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომლებიც არჩევნების დღემდე 60-დღიან პერიოდში საერთო მაუწყებლების სავალდებულო ტრანზიტის „must carry“-სა და „must-offer“-ის პრინციპების მოქმედებას ითვალისწინებს.
არჩევნების დღემდე პერიოდში საკაბელო ოპერატორები ვალდებული იქნებიან, შესაბამისი მაუწყებლების ნებართვის გარეშე ჩართონ საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ტელევიზიები. რეგიონული ტელევიზიების გავრცელებაზე მხოლოდ მათი მაუწყებლობის ზონაში მოქმედი საკაბელო ოპერატორები იქნებიან ვალდებულნი.ქვეყნის მასშტაბით მოქმედ საკაბელო ოპერატორებს ვალდებულება ექნებათ, გაავრცელონ სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე და, ასევე, ის არხები, რომლებიც ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისთვის.
ეს უკანასკნელი ფორმულირება მიღებულ იქნა იმისათვის, რომ ტელეკომპანია „კავკასია“, რომლის სალიცენზიო პირობებიც მხოლოდ დედაქალაქში მაუწყებლობას ითვალისწინებს, წინასაარჩევნო პერიოდში ხელმისაწვდომი გახდეს ქვეყნის მასშტაბით არსებული საკაბელო ოპერატორების ყველა მომხმარებლისათვის.
ტელეკომპანია „მაესტრო“ და ბიძინა ივანიშვილის მეუღლის საკუთრებაში არსებული „მე-9 არხი“, როგორც სატელიტური ლიცენზიის მქონე ტელეკომპანიები, ასევე, ხელმისაწვდომი იქნება ქვეყნის მასშტაბით ყველა ოპერატორი კომპანიის მეშვეობით.
მეორე მოსმენის წინ კანონპროექტში ასახული ახალი რეგულაციები „must carry“-სა და „must-offer“-ის წესის შესრულებას საკაბელო ოპერატორებს არჩევნების დანიშვნიდან სამ დღეში ავალდებულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ გამოყენებული იქნება ორსაფეხურიანი სანქცია: ჯერ – გაფრთხილება, ხოლო შემდეგ – საქმიანობის შეზღუდვა ერთი წლის ვადით.
ამ წესების დარღვევით განპირობებულ დავებს შემჭიდროვებულ ვადებში პირველ ეტაპზე განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომლის გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია, ასევე, ორი ინსტანციის სასამართლოში.
ამასთან, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ეკისრება ვალდებულება, რომ წინასაარჩევნო პერიოდში „must carry“-სა და „must-offer“-ის სავალდებულო წესების შესახებ აცნობოს მაუწყებლებსა და საკაბელო ოპერატორებს; ასევე, გამოაქვეყნოს მათი ნუსხა.
კიდევ ერთი ახალი დებულება, რომელიც კანონპროექტს მიღებამდე დაემატა, მისი ერთ-ერთი ავტორის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილის განცხადებით, არის „must carry“-სა და „must-offer“-ის წესების სავალდებულო მოქმედება არჩევნების მეორე ტურისა და შუალედური არჩევნების წინ, კენჭისყრის დღემდე. ეს, კუბლაშვილის თქმით, პასუხობს მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ პრინციპს, რომ სავალდებულო ტრანზიტის წესები მოქმედებდეს სააგიტაციო პერიოდში.
29 ივნისს კანონპროექტის განხილვის დროს, წინა განხილვების მსგავსად, უთანხმოების თემად კვლავ დარჩა „must carry“-სა და „must-offer“-ის მოქმედების ვადები, რომლის გახანგრძლივებასაც არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდში, ვიდრე შედეგები ოფიციალურად გამოცხადდება, ითხოვდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები და სამოქალაქო კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენელი ორგანიზაციები, რომლებიც მაისიდან აქტიურად ლობირებენ „Must carry“-ს წესის შემოღებას.
„ეს შენ გეხება“ განცხადებაში, რომელიც 29 ივნისის კანონპროექტის კენჭისყრის წინ გავრცელდა, მიესალმა მათი რეკომენდაციების შედეგად ინიციატივის გაუმჯობესების ფაქტს, თუმცა მნიშვნელოვანი ხარვეზი უწოდა „must carry“-ს ვალდებულების მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში მოქმედებას და ამ ვადის გახანგრძლივებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„აღნიშნული კანონის ამოქმედება ვერ უზრუნველყოფს ამომრჩევლისთვის სრული ინფორმაციის მიწოდებას როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე არჩევნების შედეგების და საარჩევნო პროცესის საბოლოო შეფასებების თაობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
საპარლამენტო განხილვისას დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ „ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტიიდან კვლავ გაიმეორა, რომ არჩევნების დღეს მაყურებლისთვის ცალკეული ტელევიზიის სიგნალების მიწოდების შეწყვეტა გამოიწვევს საინფორმაციო ვაკუუმს, რაც შეიძლება ვითარების მადესტაბილიზებელი ფაქტორი გახდეს.
თუმცა „must carry“-სა და „must offer“-ის მოქმედების გახანგრძლივებისკენ მოწოდებებს მმართველი პარტიის დეპუტატები კვლავ არ დათანხმდნენ.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ კანონპროექტის საბოლოო დამტკიცების წინ განაცხადა, რომ არჩევნების დღემდე „must carry“-ს წესის მოქმედება არ ნიშნავს იმას, რომ ავტომატურ რეჟიმში უნდა შეწყდეს ტელევიზიების ტრანსლირება.
„ჩვენ მხარს დავუჭერთ და წავახალისებთ ნებისმიერ შეთანხმებას, რომელიც საშუალებას მისცემს საკაბელო ოპერატორებს და სატელევიზიო არხებს, გააგრძელონ თანამშრომლობა და გააგრძელონ ის, რასაც ჩვენ სავალდებულო წესით ვამკვიდრებთ წინასაარჩევნო ორთვიან პერიოდში“, – განაცხადა მან საღამოს სხდომაზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვის შემდეგ.
თუმცა მანამდე პარლამენტის დილის სხდომაზე თავის გამოსვლაში ბაქრაძემ განაცხადა, რომ ისეთ წვრილმან საკითხზე დებატებში, როგორიცაა „must carry“-სა და „must-offer“ -ის წინასაარჩევნო პერიოდის შემდეგ გახანგრძლივება, არ უნდა დაიკარგოს ის ძალიან დიდი პოზიტივი და დიდი მიღწევა, რომგორიცაა აღნიშნული კანონპროექტი. მან, ასევე, განაცხადა, რომ სახელმწიფო მუდმივ რეჟიმში უხეშად ვერ ჩაერევა საკაბელო ოპერატორების საქმიანობაში.
„ნუ დასახავთ ისე, თითქოს „must carry“-ს პრინციპის შეჩერების შემდეგ უცებ ქვეყანა აღმოჩნდება საინფორმაციო ვაკუუმში, – მიმართა ბაქრაძემ ოპონენტებს. – არანაირ ვაკუუმში არ აღმოჩნდება და იქნება ზუსტად იმავე რეჟიმში, რა რეჟიმიც არის დღეს“.
შეგახსენებთ: დღესდღეობით, ტელეკომპანია „მაესტრო“ არ არის ხელმისაწვდომი საკაბელო ოპერატორების – „Silk TV“-ისა და „Caucasus TV“ -ის პაკეტებში, რაც, ტელეკომპანიის თქმით, ამ საკაბელო კომპანიების მიერ პოლიტიკური მოტივაციით მიღებული გადაწყვეტილებაა. „მე-9 არხს“ ყველა საკაბელო ოპერატორმა უთხრა უარი ტრანზიტზე, გარდა ერთი – „ Global TV“ -ისა, რომლის თანამფლობელია ივანიშვილის ძმა.
თავად „ Global TV“-ის არ აქვს უფლება, გადასცეს რამდენიმე არხი, მათ შორის, ნაციონალური მაუწყებლები „რუსთავი 2“ და „იმედი“ მას შემდეგ, რაც ამ ტელეკომპანიებმა „გლობალ TV“-ს კომერციული მოტივებით მოთხოვეს, რომ გაეთიშა მათი სიგნალი. „Global TV“-ის განცხადებით, ეს განზრახ გაკეთდა იმისთვის, რომ მათი აბონენტები სხვა საკაბელო ოპერატორებთან გადასულიყვნენ და პოტენციური კლიენტები დაეკარგა კომპანიას, რათა შეზღუდულიყო იმ აბონენტთა რაოდენობა, რომლებსაც „მე-9 არხის“ ნახვის საშუალება ექნებოდა, რომელიც, ასევე, ხელმისაწვდომია სატელიტითა და ინტერნეტით.
ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშის თანახმად, საკაბელო ქსელების აბონენტების რაოდენობა 2011 წლის დასაწყისში არსებული 135 369 აბონენტიდან 2011 წლის ბოლოს 171 641 აბონენტამდე გაიზარდა, ხოლო საკაბელო ოპერატორთა შემოსავლებმა 21.8 მილიონ ლარამდე იმატა.
ქვეყნის მასშტაბით 70 საკაბელო კომპანია ფუნქციონირებს, თუმცა ბაზრის უდიდესი ნაწილი სამ კომპანიას უკავია – „სილქნეტი“ 43 027 აბონენტით 2011 წლის ბოლოსთვის, „სუპერ TV“ და „GNN“ (რომელიც, ძირითადად, საბურთალოს რაიონს მოიცავს) 37 936 და 19 140 აბონენტით, შესაბამისად.