საზოგადოება
მაია ფანჯიკიძე: „პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გაიმეორა ჩვენი თემები და პრიორიტეტები“

1-maia-sazogadoeba-3თბილისი, 3 ივლისი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე საქართველოს მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ხელისუფლებაში არსებული კრიზისის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიიჩნევს. მისივე თქმით, სხვა შემთხვევაში მთავრობის გადაყენება არ ხდება ხოლმე.

„ეს ცვლილებები, რომელთაც შეგვპირდნენ, რომ ჯერ ორშაბათს გვეტყოდნენ ახალი მინისტრების ვინაობას, ახლა ამბობენ, რომ ეს ინფორმაცია ცნობილი სამშაბათს გახდება, რასაკვირველია, საინტერესოა, მაგრამ ბევრს ვერაფერს შეცვლის. დასკვნების გაკეთების საშუალება გვექნება მაშინ, როდესაც გავიგებთ მინისტრთა ახალი კაბინეტის ვინაობას. ერთი რამ იყო თვალში მოსახვედრი: პრემიერმინისტრობის კანდიდატის გამოსვლაში მან, ფაქტობრივად, სიტყვასიტყვით გაიმეორა ჩვენი თემები და ის პრიორიტეტები, რომელთა შესახებაც ჩვენ უკვე რამდენჯერმე განვაცხადეთ აქციებზე. ეს თემები მან თავის პრიორიტეტებად გამოაცხადა. აქ არ შეიძლება, არ გაგეღიმოს და არ გაიფიქრო – რვა წელი დასჭირდათ იმისათვის, რომ მიმხვდარიყვნენ, თუ რა არის მთავარი ამ ქვეყნისა და მისი მოსახლეობისათვის. სანამ „ქართულმა ოცნებამ“ არ უკარნახა, მანამ ვერ მიხვდნენ. ახლა ცდილობენ, რომ დაგვეწიონ, მაგრამ მე მგონია, რომ უკვე ძალიან დაგვიანებულია“, – განაცხადა ფანჯიკიძემ კოალიცია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გადაყვანით დასტურდება ის, რომ ხელისუფლებას პოლიციური სახელმწიფოს მშენებლობა აქვს გადაწყვეტილი.

„ეს, ალბათ, განსაკუთრებით მაშინ დასჭირდა, როცა არჩევნები უკვე კარზეა მომდგარი. საფრთხე იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში წააგებს, ისეთი რეალურია, როგორც არასდროს“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.