სამართალი
ბიძინა ივანიშვილის ქონება აუქციონზე გააქვთ

1-auqcioni-samarTali-2თბილისი, 3 ივლისი, საქინფორმი. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ზე სს „ქართუ ჯგუფში“ და აქციების 21.7%-ზე სს „პროგრეს ბანკში“ აუქციონი გამოაცხადა.

როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროდან იტყობინებიან, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ზემოაღნიშნული აქციები აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილობითი მიმართვის საფუძველზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეაფასა.

ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ი სს „ქართუ ჯგუფში“ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ – 151 880 661 ლარად, ხოლო აქციების 21.7%-ი სს „პროგრეს ბანკში“ 3 566 498 ლარად შეაფასა.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირველ იძულებით საჯარო აუქციონზე განთავსებული ქონების საწყისი ფასია ექსპერტის მიერ დადგენილი საბაზრო ფასის 50%, შესაბამისად, სს „ქართუ ჯგუფში“ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი აქციების 100%-ის საწყისი ფასია 75 940 330,50 ლარი, ხოლო სს „პროგრეს ბანკში“ კუთვნილი აქციების 21.7% საწყისი ფასი – 1 783 249 ლარი.

მოვალის მიერ მასზე დაკისრებული თანხის გადახდის შემთხვევაში, გაუქმდება ყველა სააღსრულებო ღონისძიება, შესაბამისად, შეწყდება აუქციონის მიმდინარეობა და ქონებაზე დადებული ყადაღა მოიხსნება.

აღსრულების პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის შესახებ სააღსრულებო სამსახური დეტალურ ინფორმაციას შემდგომშიც გაავრცელებს. აუქციონი 10 ივლისს, 18.00 საათზე, დასრულდება.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ: აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს „ქართუ ჯგუფში“, აქციების 100%-ს სს „ქართუ ბანკში“, აგრეთვე, აქციების 21.7%-ს სს „პროგრეს ბანკში“ 26 ივნისს ყადაღა დაადო.